საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის ვეღარ იბრძოლებს, რადგან გიორგი გოგშელიძემ მარცხი ნახევარფინალში განიცადა. ის ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს. ქართველმა სპორტსმენმა ამერიკელ იაკობ შტეფან ვარნერთან ორთაბრძოლა კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი მოიგო, თუმცა შემდეგ ორივე პერიოდი დათმო და პირველობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. გოგშელიძე ბოლო სპორტსმენია, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზა.შეგახსენებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადა დღეს იხურება. საქართველო ლონდონში 35 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ლონდონში ქართველებმა მხოლოდ ერთი ოქროს მედალი მოიგეს. ძიუდოში, 66 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილმა ყველა მეტოქეს მოუგო და გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 20 წლის ქართველი ძიუდოისტისთვის ეს პირველი ოლიმპიადა იყო.
ვერცხლის მედალს სამი ქართველი მოჭიდავე დაეუფლა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რევაზ ლაშხი და დავით მოძმანაშვილი, ხოლო დავით მარსაგიშვილი და მანუჩარ ცხადაია ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ გოგშელიძემ ბრინჯაო აიღო, ეს საქართველოსთვის მეშვიდე მედალი იქნება.
არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის 39-ე ადგილზე იმყოფება. დევიზმა "მეტი, ვიდრე პეკინში!" ამ ეტაპზე ვერ გაამართლა, რადგან მედლების ერთნაირი რაოდენობის მიუხედავად, პეკინში 27-ე ადგილზე გავიდა 3 ოქროთი და 3 ვერცხლით.
გუნდურ ჩათვლას ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს 44 ოქროთი (ჯამში 102 მედალი), მეორე ადგილზე ჩინეთია 38 ოქროთი, მესამეზე კი დიდი ბრიტანეთი - 28 ოქრო. პირველ ათეულში აღნიშნულ ქვეყნებთან ერთად არიან: რუსეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, უნგრეთი და ავსტრალია. მედალი ოლიმპიადაზე სულ 84 ქვეყანას აქვს მოპოვებული.
ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონია დღეს საღამოს გაიმართება.
"ინტერპრესნიუსი"

























