გასულ კვირას ლეგენდარული მომღერლის უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებამ მსოფლიო შეძრა. "გრემის" დაჯილდოების ცერემონიაზე ჩასული უიტნი სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" ნომერში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დეტალებს ექსპერტიზა რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს. ლეგენდარული მომღერალი დაიტირეს ქართველმა ფანებმაც, განსაკუთრებულად სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ და მთელი დღის განმავლობაში აქვეყნებდნენ მომღერლის ვიდეოებს. სანამ თანამემამულეები მომღერალს ტიროდნენ, ამასობაში ჩვენი ქართველი კოლეგა დავით ნიკურაძე იმ სასტუმროს წინ ათენებდა და აღამებდა, სადაც მომღერალი გარდაიცვალა და მთელი დღის განმავლობაში "კურიერის" ეთერში პირდაპირ ჩართვებს აკეთებდა. საინტერესო დეტალების მოსაყოლად დათოს ინტერნეტით შევეხმიანეთ. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ამბები მოეყოლა.- დათო, საუბარი ლოს-ანჯელესით დავიწყოთ, სადაც რამდენიმე დღის წინ "გრემის" ცერემონიაზე დასასწრებად ჩასული ლეგენდარული მომღერალი გარდაიცვალა. როგორ მოხვდი იქ სიუჟეტის გასაკეთებლად?
- ძალიან ოპერატიულად. გავრცელდა თუ არა ცნობა უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების შესახებ, მივედი კომპიუტერთან და დავჯავშნე სასტუმრო, მანქანა და თვითმფრინავის ბილეთები ლოს-ანჯელესის მიმართულებით. არც მიკითხავს სამსახურისთვის, მიშვებდნენ თუ არა. თბილისში დილის 4 საათი იყო და რომ დავლოდებოდი გათენებას და ხალხის სამსახურში მისვლას, ზუსტად ვიცოდი, ვეღარ მოვასწრებდი ბილეთების შეძენას დილის რეისზე, რომელიც გამთენიისას მიფრინავს ვაშინგტონის ეროვნული აეროპორტიდან კალიფორნიაში. ამ პროცესში რომ ვიყავი, ჩემმა პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა დამირეკა. თურმე არ ეძინა და ჰიუსტონის ამბავზე მირეკავდა. შევთანხმდით, რომ კალიფორნიაში წავიდოდი. დილის 6-ის ნახევარზე უკვე თვითმფრინავში ვიჯექი და "კურიერის" პირველივე დილის გამოშვებაში უკვე მქონდა პირდაპირი ჩართვა "ბევერლი ჰილტონიდან". ასეთ დროს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო, რადგან ნებისმიერი წუთი ძვირფასია.
- პირველ რიგში, შენს დამოკიდებულებაზე გკითხავ ამ მომღერალისადმი, უსმენდი უიტნი ჰიუსტონს? თუ გახსოვს, პირველად როდის მოუსმინე...- ჰიუსტონის მოსმენა ალბათ 90-იანი წლების დასაწყისში დავიწყე, იმ დროიდან, როცა ჯერ კიდევ მაგნიტოფონები იყო. მე პირდაპირ ჩართვაშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ჩემი თაობის დიდი ნაწილი უიტნი ჰიუსტონის სიმღერებზე გაიზარდა. შემდეგ იყო "პირადი მცველი", უზომოდ პოპულარული ფილმი და სიმღერები. როგორც მაიკლ ჯექსონთან, ასევე უიტნი ჰიუსტონთან ერთად მთელი ეპოქა დამთავრდა მუსიკალურ სამყაროში.
- რა ხდებოდა სასტუმრო "ბევერლი ჰოლტონში", როდესაც ადგილზე ჩახვედი?
- "ბევერლი ჰილტონში" შესვლა შეუძლებელი იყო. სასტუმროს იმ ნომერში, სადაც ჰიუსტონი გარდაიცვალა, გამოძიების ექსპერტები მუშაობდნენ. ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებდნენ, რადგან "სთეიფლ ცენტრში" დაჯილდოება იწყებოდა და ამ სასტუმროში ცხოვრობდა "გრემის" ცერემონიაზე დასასწრებად მიწვეული სტუმრების დიდი ნაწილი. სასტუმროსთან ლიმუზინების მწკრივი იდგა, რომლებსაც სტუმრები "სთეიფლ ცენტრში" უნდა გადაეყვანათ. ამ ყველაფერს ჩვენ ქუჩის მხრიდან ვიღებდით. სასტუმროს მეორე მხარეს კი მემორიალი იყო, სადაც ჰიუსტონის თაყვანისმცემლებს ყვავილები, სანთლები და ღია ბარათები მოჰქონდათ. იქ მოსული ხალხი მღეროდა ჰიუსტონის სიმღერებს, გამვლელები მანქანებს აჩერებდნენ და მემორიალს ფოტოებს უღებდნენ. მანქანებიდან ჰიუსტონის სიმღერების ხმა ისმოდა, რადგან რადიოსადგურები შეუჩერებლად ატრიალებდნენ ლეგენდარული მომღერლის ჰიტებს. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი.
- მსოფლიოს ყველა წამყვანი მედია იქ იმყოფებოდა, რის გამოც ალბათ განსაკუთრებულად რთული იყო მუშაობა. პირადად შენ რა სირთულეები შეგხვდა? - სირთულეები არ შემხვედრია. უბრალოდ, გაცნობიერებული გვქონდა, რომ ასეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე ძალიან ცნობილი პიროვნების გარდაცვალებას ეხება, ინფორმაციის გაცემა შეზღუდულია. "ბევერლი ჰილტონის" პოლიცია არცთუ ბევრ დეტალს ამხელდა მომხდართან დაკავშირებით. სამედიცინო ექსპერტიზა კი ტოქსიკოლოგიური ტესტების პასუხებს ელოდებოდა და ისიც საკმაოდ შეზღუდულ ინფორმაციას აწვდიდა იქ მომუშავე მედიას. ორშაბათს დილიდან მთელი მედია ექსპერტიზის ცენტრის ეზოში ვიყავით შეკრებილი. შემდეგ წვიმა დაიწყო და ჟურნალისტები მანქანებში ჩასხდნენ. ჩემს ოპერატორს ვუთხარი, მოდი, ჩვენ ფეხი არ მოვიცვალოთ აქედან, იქნებ, უნდა გადაასვენონ უკვე ცხედარი, რა იცი რა ხდება-მეთქი. ამ დროს თვალი მოვკარით, რომ ექსპერტი პროზექტურის ერთი შენობიდან მეორეში გადადიოდა. მივვარდი ჩართული კამერით და ვკითხე, ოჯახმა ცხედარი ახლა ხომ არ გადაასვენა-მეთქი და მოულოდნელად დამიდასტურა ეს ინფორმაცია. იმდენ ჟურნალისტს შორის ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც გადასვენების ფაქტზე ოფიციალური დასტური მივიღეთ. ამ დროს მოცვივდნენ დასავლური ტელევიზიები და ექსპერტიზის ცენტრის წარმომადგენელი, ედ უინთერი ლამის ხელიდან გამომგლიჯეს. თბილისში უკვე შუაღამე იყო, გამოშვებები აღარ გვქონდა და დილამდე უნდა მეცადა. მოგვიანებით ვუყურებდი, როგორ ერთვებოდნენ ღია ეთერში ჩემი ამერიკელი კოლეგები იმ ინფორმაციით, რომლის ოფიციალური დადასტურება პირველებს მხოლოდ ჩვენ გვქონდა. ჩვენს პროფესიაში ასეა. ძალიან, ძალიან სწრაფად ძველდება ინფორმაცია.
იმავე საღამოს, მოულოდნელად მივიღეთ თანხმობა ინტერვიუზე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღამის კლუბის "თრუ ჰოლივუდის" ხელმძღვანელობისგან. ეს ის კლუბია, სადაც ჰიუსტონი სიკვდილამდე ორი დღით ადრე კელი პრაისის მიერ მოწყობილ საღამოზე იმყოფებოდა. ბრიტანული გაზეთის ინფორმაციით, ჰიუსტონი კლუბში დათვრა, ყოფილი ბოიფრენდის გამო იჩხუბა და იქაურობა დასისხლიანებულმა დატოვა. აბსოლუტურად განსხვავებულ ამბავს მოგვიყვა ის პიროვნება, რომელმაც თავად ნახა კლუბში უიტნი ჰიუსტონი. ეს პიროვნება მთელი საღამოს განმავლობაში უწევდა მასპინძლობას ვარსკვლავებს, თვალი არ მოუცილებია, როგორ მღეროდა და ერთობოდა შვილსა და მეგობრებთან ერთად მომღერალი. ამ ინტერვიუმ თავდაყირა დააყენა ტაბლოიდების ვერსია.
- თუ არ ვცდები, ერთადერთი ჟურნალისტი ხარ ქართული ტელევიზიებიდან, ვინც სასტუმროში გადაღებული რამდენიმე კადრის მოპოვებაც შეძლო. როგორ მოახერხე?- სასტუმრო თავხედურად გადავიღეთ. ამერიკელმა კოლეგებმა გვითხრეს, რომ სასტუმროში გადაღების უფლებას არავის აძლევდნენ. ჩვენ პატარა ვიდეოკამერა გვქონდა. ჩემს ოპერატორს შევუთანხმდი, შევსულიყავით და გადაგვეღო, ვიდრე არ გამოგვყრიდნენ. მხოლოდ რამდენიმე კადრის გადაღება მოვასწარით. მალევე შეგვამჩნიეს და გამოგვიშვეს უკან.
- რამდენად კოლეგიალურები არიან მედიის სხვა წარმომადგენლები, როდესაც საქმე წამყვანი თემის გაშუქებას ეხება?
- რომ გითხრა, ერთ გუნდად ვმუშაობდით- მეთქი, ძნელი დასაჯერებელი იქნება. არადა, მართლა ასე იყო. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც არაოფიციალურად რომელიმე ინფორმაცია ყველამ ვიცოდით და ოფიციალური პირისგან მისი დადასტურება გვჭირდებოდა. თუმცა კონკურენცია მაინც კონკურენციაა და ის ოქროს წესი, რომ პირველმა უნდა შეძლო მასალის მოპოვება, მაინც არავის ავიწყდებოდა.
- დათო, შეგიძლია აღწერო მომღერლის გულშემატკივრების მდგომარეობა, როგორ გამოხატავენ ემოციებს?
- სამწუხაროდ, დიდი დრო ვერ გავატარე სასტუმროსთან მოწყობილ მემორიალთან, რადგან მარტო ვიყავი და ყველგან ყოფნა უნდა მომესწრო. პოლიციაშიც და სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრშიც, რადგან იქ უფრო დიდი იყო ინფორმაციის განახლების შესაძლებლობა. ფანები, ვინც ვნახე, მართლაც ძალიან დამწუხრებული იყვნენ. ბევრი ტიროდა.
- განსაკუთრებული ფანი გაიხსენეთ, რომელიც ყველაზე მატად დაგამახსოვრდათ?
- დამამახსოვრდა ერთი ხნიერი შავკანიანი ქალბატონი, რომელიც ჰიუსტონის მემორიალთან საყვარელ მომღერალს ცრემლებითა და სიმღერით დაემშვიდობა. ინტერვიუს დროს მითხრა, რომ ჰიუსტონი მთელი ცხოვრება "პირადი მცველით" დაამახსოვრდება და გზავნილი, რომელიც ამ ფილმის მთავარი სიმღერით მოიტანა მან საზოგადოებამდე, არის ის, რომ სიყვარული ყოველთვის დარჩება. შემდეგ კი დაამატა, რომ მისი ყველაზე დიდი სიყვარული მისი მეუღლეა - თეთრკანიანი მამაკაცი და მათი სიყვარულის ამბავიც იმ ფილმივით ლამაზი იყო.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)






















