ამერიკის ქალაქ რიჩლენდში, 86 წლის ასაკში სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა. ხელისუფლება ერთი კვირა მალავდა ამ ფაქტს. მამა მას "პატარა ბეღურას" ეძახდა. დიდი ბელადის მიერ სიყვარულით შერქმეული სახელი წყევლასავით აუხდა - მთელი ცხოვრება დამფრთხალი ბეღურასავით აწყდებოდა აქეთ-იქით, მაგრამ მყუდრო თავშესაფარი ვერსად იპოვა.
სვეტლანა იოსების ასული ჯუღაშვილი (დედის გვარი ალილუევა მოგვიანებით, სტალინის სიკვდილის შემდეგ მიიღო) 1926 წელს ლენინგრადში დაიბადა. განგებამ მას კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიქტატორის, იოსებ სტალინის შვილობა არგუნა. როგორც ასეთ ოჯახებში ხდება, მამის სახელი შვილს ისეთ უმძიმეს ტვირთად დააწვა, რომლისგანაც თავის დაღწევა მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ შეძლო.
ყველაზე მძიმე და წარუშლელი შთაბეჭდილება, რომელმაც, ალბათ, მეტწილად განსაზღვრა კიდეც 250 მილიონიანი ქვეყნის ყველაზე გამორჩეული გოგონას მომავალი ცხოვრება დედის გარდაცვალება იყო. სტალინის მეუღლე ნადეჟდა ალილუევამ 1932 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ცნობილია, სტალინს მეუღლე ძლიერ უყვარდა. მისი დაღუპვაც მძიმედ განიცადა. მაშინ საზოგადოებამ ერთადერთხელ იხილა მწუხარებისაგან ისტერიკაში ჩავარდნილი ბელადი. როგორც თვითმხილველები ყვებიან, სტალინი "გუმის" სახელწოდებით ცნობილი უნივერმაღის ცენტრალურ დარბაზში დასვენებულ მეუღლის კუბოსთან მივიდა და სიმწრისაგან ისე დაეჯაჯგურა, რომ კინაღამ გადმოაგდო, შემდეგ კი აქვითინებული იქვე ჩამოჯდა. ეს ყველაფერი 6 წლის გოგონამ ასე აღიქვა: მამამ, რომლის სასტიკმა ბუნებამ დედას თავი მოაკვლევინა, დედა სიკვდილის შემდეგაც არ დაინდო და ხელი კრაო.
"საბჭოთა ხალხს" მაშინ გამოუცხადეს, რომ სტალინის ცოლს ბრმა ნაწლავი გაუსკდა და სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. ასე იცოდნენ შვილებმაც, მხოლოდ მამის სიკვდილის შემდეგ გაიგეს სიმართლე. საერთოდ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მონათხრობს თუ მივენდობით სტალინი, რანდენადაც აუღელვებელი და ცივსისხლიანი ჩანდა პოლიტიკურ ასპარეზზე, იმდენად იმპულსურ და ემოციურ ხასიათს ავლენდა მათთან ურთიერთობაში. მტრებს როგორც უსწორდებოდა ცნობილია, მაგრამ უკეთესი ხვედრი არც იმათ ერგოთ, ვინც უყვარდა. როგორც ცნობილია, ერთადერთ ქალიშვილს განსაკუთრებით მეურვეობდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ის ზუსტად ისეთი უნდა გამოსულიყო და ისე უნდა ეცხოვრა, როგორც მას მიაჩნდა საჭიროდ და სწორად. არ უნდა ეტარებინა მოკლე კაბა, თავზე არ უნდა დაედო "ბლინი"(ასე ეძახდა სტალინი ბერეტს), უნდა დაემთავრებინა ისტორიული და არა ფილოლოგიის პაკულტეტი. თუმცა, მსგავსი რამ მრავალ ოჯახში ხდება, მით უმეტეს, თუ ოჯახის უფროსი წარმოშობით ქართველია.
ასაკის მატებასთან ერთად პრობლემები და მათი გადაწყვეტის ხერხებიც შეიცვალა. სვეტლანას პირველი რომანი ტრაგიკულად დასრულდა. მისი რჩეული კინორეჟისორი ალექსეი კეპლერი, როგორც კი სიყვარულში "ამხილეს", მაშინვე ინგლისის აგენტად გამოაცხადეს და ციმბირში უკრეს 10 წლით თავი. რუსეთში ყოფნის პერიოდში სამჯერ დაქორწინდა. ამ ქორწინებებიდან ქალ-ვაჟი დარჩა. საკმაოდ თავკერძა, არაორდინალური ხასიათის პიროვნებად ჩამოყალიბდა. კომფორტულად მამის სიცოცხლეშიც ვერ გრძნობდა თავს რუსეთში და მისი გარდაცვალების შემდეგ, საერთოდ ვეღარ პოულობდა საყრდენს, მიუხედავად იმისა, რომ მამის გამო არავინ ავიწროებდა. მესამე ქმარი ეროვნებით ინდოელი იყო. 1967 წელს მის დასაფლავებაზე გაემგზავრა დელიში და უკან აღარც დაბრუნებულა. შეერთებულ შტატებში ჩავიდა და ძალზე მძაფრი ანტისაბჭოთა ხასიათის განცხადებებიც გააკეთა. შემდეგ მემუარები გამოსცა სათაურით "20 წერილი მეგობარს", სადაც ლანძღავდა საბჭოთა კავშირს და მამას. წიგნი ბესტსელერად იქცა და ავტორს ნახევარი მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა. მეოთხედ გათხოვდა ამერიკელ არქიტექტორზე და ქალიშვილიც ეყოლა. ამერიკიდან ინგლისში გადავიდა. ფეხი ვერსად მოიკიდა და ქალიშვილთან ერთად 1984 წელს საბჭოთა კავშირში დაბრუნდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ხელისუფლებაში გორბაჩოვი მოდიოდა, სტალინის მიერ შექმნილი იმპერიის რღვევა იწყებოდა, ამიტომ საბჭოთა ბელადის შვილისთვის აღარავის ეცალა. რუსეთში დატოვებულმა შვილებმა უარი განაცხადეს დედასთან შეხვედრაზე.
ცოტა ხანს მოსკოვში გაჩერდა, იქ მისთვის ყველაფერი უცხო იყო და ისევ თავისი "საძულველი" მამის სამშობლოში შეეცადა სიმშვიდის პოვნას. თბილისში დასახლდა. აქ მას ბინაც მისცეს, პენსიაც დაუნიშნეს და პირადი ავტომობილიც გამოუყვეს. 60 წლის იუბილე გორში, მამაპაპისეულ სახლში აღნიშნა. არაფერი გამოვიდა. 1986 წელს საბოლოოდ დატოვა სამშობლო და კვლავ ამერიკაში დასახლდა. სხვათა შორის, იქ დაბრუნებულმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა: "მე გამოვიქეცი რუსეთიდან. უკვე 30 წელია ამერიკის მოქალაქე ვარ, რუსეთში კი ისევ რუსად მთვლიან. მე მძულს ისინი. მე მძულს რუსული ენა. ჩვენ არა ვართ რუსები, ჩვენ ქართველები ვართ." ამჯერად საბოლოოდ დაასრულა თავშესაფრის ძიება, 2008 წელს ამერიკაც შემოელანძღა - "40 წლის მანძილზე ამერიკას ჩემთვის არაფერი მოუცია, მაგრამ უკვე გვიანაა აქედან წასვლა, აქვე მოვკვდები კიდეც", - თქვა და სამ წელიწადში გარდაიცვალა. ერთადერთი ვინც ნახულობდა, ეს მისი ამერიკელი ქალიშვილი იყო. მამას კი განუწყვეტლივ იხსენებდა. ბოლოს თავის ცხოვრებასაც მოძულებული, მაგრამ მაინც მონატრებული მამის თვალით დანახული "რეზიუმე" გაუკეთა: რომ ენახა როგორ ვიცხოვრე, ალბათ თავისი ხელით დამხვრეტდაო.
დავით შალიკაშვილი






















