იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად 2011 წლის 29 ნოემბერს მიაღწია ქვეყნისთვის ხელსაყრელ შეთანხმებას კომპანია Tramex International Inc-თან . კერძოდ, ქართულმა მხარემ საბოლოოდ დაასრულა მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა.როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, დავა შეეხებოდა, 1992 წლის 3 მარტს საქართველოს მაშინდელი მთავრობის უკანონო გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო კომპანია "საქნავთობმა" გააფორმა კაბალური ხელშეკრულება კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებთან რონი ფუქსსა და იოანის კარდასოპულოსთან. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ერთ კომპანიას, Tramex International Inc-ს ეძლეოდა ექსკლუზიური უფლება ქვეყანაში არსებულ გაზისა და ნავთობის ინფრასტუქტურაზე. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ერთ წელიწადში, ამავე კომპანიამ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო ქმედებების შედეგად, მოიპოვა 30-წლიანი ექსკლუზიური უფლება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და მომავალში გაყვანილ ნავთობსადენებზე. აღსანიშნავია, რომ ამ ხელშეკრულებების სანაცვლოდ, კომპანიას საქართველოს სასარგებლოდ არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, არ შესრულებულა ის მცირედი ვალდებულებები, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით.
1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიქმნა საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია, საქართველოში არსებული ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მართვის სრული უფლება სწორედ ამ კორპორაციამ მიიღო. რის შემდეგაც კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს დავა მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების კანონიერების თაობაზე, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში.
საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, Tramex International Inc-ის წილის მფლობელების რონი ფუქსისა და იოანის კარდასოპოლუსის სასარგებლოდ, საქართველოს დაეკისრა 98 მილიონი დოლარის გადახდა, რომელმაც მზარდი პროცენტის გამო 110 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას თავიდან აეცილებინა მძიმე ფინანსური სანქციები, რომელიც გამოწვეული იყო წინამორბედი ხელისუფლების უკანონო ქმედებებითა და ქვეყანაში იმ დროს არსებული კორუფციით. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან ერთად აწარმოა მოლაპარაკებები და მიღწეულია შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დასრულდა მრავალწლიანი დავა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საბოლოოდ, საქართველო გადაიხდის დაკისრებული თანხის მხოლოდ 1/3, შესაბამისად ბიუჯეტიდან დაიზოგა 70 მილიონი აშშ დოლარი, რაც ფინანსური თვალსაზრისით საქართველოსთვის სასარგებლოა.
"ინტერპრესნიუსი"























როგორ ჩაატარეს ”ედიანაია როსიას” წევრებმა 7 მაისს აქცია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე; რა ”გემრიელი საჩუქრები” ჩამოუტანეს ვეტერანებს და რას აკეთებენ ალაზნის ველზე?! და კიდევ ერთი კითხვა - ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს...