რა ქონებას ფლობენ საპრეზიდენტო კანდიდატები

 რა ქონებას ფლობენ საპრეზიდენტო კანდიდატები

საინტერესოა, რა ქონებას ფლობენ საპრეზიდენტო კანდიდატები ოფიციალურად, ან რა შემოსავლები ასახეს დეკლარაციებში? "ვერსია" გიორგი მარგველაშვილის, კობა დავითაშვილის, ნინო ბურჯანაძის, გიორგი თარგამაძის, დავით ბაქრაძისა და შალვა ნათელაშვილის ქონებრივ დეკლარაციებს აქვეყნებს. საპრეზიდენტო მარათონში ჩართული იმ პირების ქონებრივ დეკლარაციებს, რომლებსაც მათ შევსებას კანონი არ ავალდებულებს, ეტაპობრივად, კანდიდატებისვე დახმარებით შემოგთავაზებთ.

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 6 აგვისტოს შეავსო. ოჯახში ცხოვრობენ მამა - თეიმურაზ მარგველაშვილი, დედა - მზეანა გომელაური და შვილი - ანა მარგველაშვილი. რაც შეეხება უძრავ ქონებას, გიორგი მარგველაშვილის სახელზეა რეგისტრირებულია 775 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დუშეთში, სააკაძის ქუჩა N37-ში, თეიმურაზ მარგველაშვილი ფლობს 165 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, პავლე ინგოროყვას ქუჩა N22-ში, გიორგი მარგველაშვილის სახელზეა რეგისტრირებული 946 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთში, სააკაძის ქუჩა N37-ში და 200 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი დუშეთში, იმავე მისამართზე. გიორგი მარგველაშვილის სახელზე ირიცხება 120 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩა N1/6-ში, მის სახელზეა რეგისტრირებული 1 200 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ისევ დუშეთში, სააკაძის ქუჩა N37-ში. გიორგი მარგველაშვილს თი ბი სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 1 464 ლარი, ქართუ ბანკის სახელფასო ანგარიშზე კი - 13 640 ლარი ერიცხება, თი ბი სი ბანკში საპრეზიდენტო კანდიდატს 6 392-ლარიანი ანაბარი აქვს გახსნილი. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე, გიორგი მარგველაშვილის შემოსავალი 51 517 ლარი იყო. მზეანა გომელაურმა, როგორც სამხატვრო აკადემიის ლექტორმა - 1 931 ლარის შემოსავალი მიიღო, გიორგი მარგველაშვილმა კი, როგორც საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა - 25 000 ლარი. ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გიორგი მარგველაშვილს მიჰყავდა გადაცემა "კვირის აზრები" და მისი შემოსავალი 1 400 ლარი იყო, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე, გიორგი მარგველაშვილის შემოსავალი 6 307 ლარს წარმოადგენდა. გიორგი მარგველაშვილის სახელზე ირიცხება 7 500 ევრო, რომელიც დეკლარაციაში თვითონვე განმარტა: "2007 წელს, მიუნჰენის საუნივერსიტეტო კლინიკაში "გროშჰადენი", ჩემს სახელზე ჩაირიცხა 20 000 ევრო და ოპერაციის შემდეგ, 7 500 ევრო დარჩა". დეკლარაციის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატის დედის, მზეანა გომელაურის საპენსიო შემოსავალი - 1 440 ლარი, ხოლო მამის, თეიმურაზ მარგველაშვილის საპენსიო შემოსავალი - 1 440 ლარია. კობა დავითაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 20 დეკემბერს შეავსო. ოჯახის წევრები არიან მეუღლე ინგა ბიწაძე, შვილები - ლუკა, თორნიკე, მათე, ბართლომე და ანდრია დავითაშვილები. კობა დავითაშვილის სახელზეა რეგისტრირებული 55 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის N73-ში. ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე, კობა დავითაშვილს 2 000 ლარი ერიცხება, თუმცა დეკლარაციაში მითითებული აქვს მისსავე ანგარიშზე არსებული 10 000 ლარიც. კობა დავითაშვილს, როგორც თბილისის საკრებულოს წევრს 18 095 ლარი, ხოლო ინგა ბიწაძეს, როგორც საქართველოს პარლამენტის აპარატის წამყვან სპეციალისტს - 16 743 ლარი ერიცხება. ხალხის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კობა დავითაშვილის შემოსავალი 5 000 ლარი იყო. კობა დავითაშვილმა ბოლო დეკლარაცია 2007 წელს შეავსო. 2007 და 2012 წლების დეკლარაციებს შორის არავითარი განსხვავება არ არის იმის გარდა, რომ 2007 წელს, კობა დავითაშვილი ფლობდა "მიცუბიში სიგმას" მარკის ავტომობილს, რომლის ღირებულება 5 000 ლარი იყო. ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში კი, ავტომობილი მითითებული არ არის ისევე, როგორც საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიში, რომელზეც 2007 წელს დავითაშვილს 10 560 ლარი ერიცხებოდა. პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის ქონებრივი დეკლარაცია 2008 წლის 29 აპრილსაა შევსებული. მაშინდელი მდგომარეობით, ოჯახში ირიცხებიან ნინო ბურჯანაძე, მისი მეუღლე - ბადრი ბიწაძე და შვილი - რეზო ბიწაძე. რაც შეეხება უძრავ ქონებას, ნინო ბურჯანაძის სახელზე რეგისტრირებული იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, ზ. ბოლქვაძის N3ა-ში, რომლის ღირებულებაა 350 000 ლარი, აგრეთვე აგარაკი ბორჯომში, რომელიც ბადრი ბიწაძის სახელზეა გაფორმებული, ღირებულება კი 55 000 ლარია. 30 000-ლარადაა სახლი ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში, რომელიც ნინო ბურჯანაძის სახელზეა რეგისტრირებული. 15 000 ლარად კი - სახლი ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში, რომელიც ბადრი ბიწაძის სახელზეა რეგისტრირებული. ბურჯანაძეს 2008 წლის დეკლარაციაში ასევე აქვს მითითებული 10 000-ლარიანი მიწის ნაკვეთი საგურამოში, რომელსაც ბადრი ბიწაძე ფლობს და "მიცუბიში პაჯეროს" მარკის ავტომობილი, რომელიც 20 000 ლარადაა შეფასებული და ისიც ბადრი ბიწაძის სახელზეა გაფორმებული. 2008 წლის მდგომარეობით, დოიჩე ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე ნინო ბურჯანაძე - 42 000 აშშ დოლარს, თიბისი ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე - 6 560 აშშ დოლარს ფლობდა. საქართველოს ბანკის საბარათე ანგარიშზე ნინო ბურჯანაძეს - 4 500 ლარი, ამავე ბანკში ბადრი ბიწაძეს კი - 2 000 ლარი ჰქონდა მითითებული. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ნინო ბურჯანაძის შემოსავალი - 49 179 ლარი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ბადრი ბიწაძის შემოსავალი - 47 483 ლარი იყო. 2008 წელს, ნინო ბურჯანაძის სამივლინებო ხარჯი - 37 149 ლარი, ხოლო ბადრი ბიწაძის კი - 33 199 ლარი იყო. გიორგი თარგამაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 10 მაისს შეავსო. ოჯახის წევრები არიან მეუღლე, თათია თოფურია, შვილები - თეკლა და მაკინე თარგამაძეები და დედა - ჟანა ვაჩეიშვილი. გიორგი თარგამაძის სახელზეა რეგისტრირებული 50 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე 31/10-ში, თათია თოფურიას სახელზეა რეგისტრირებული 300 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ჭონქაძის N7-ში, გიორგი თარგამაძე ფლობს 400 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს წყნეთში, გურამიშვილის N30-ში, ასევე 70 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ბათუმში, გორგასლის N1-ში, 1 027 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს წყნეთში, გურამიშვილის N30-ში. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი თარგამაძის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა "ჰიუნდაი სანტაფე", ხოლო თათია თოფურიას სახელზე - მსუბუქი ავტომანქანა "ფოლკსვაგენ პასატი". სტანდარტ ბანკში, გიორგი თარგამაძის სახელფასო ანგარიშზე 1 500 ლარი ირიცხება, თი ბი სი ბანკში მიმდინარე ანგარიშზე - 1 500 აშშ დოლარი, ხოლო სტანდარტ ბანკში მიმდინარე ანგარიშზე - 10 000 ევრო ერიცხება. 2012 წლის მდგომარეობით, გიორგი თარგამაძეს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, მიღებული აქვს 60 166 ლარის, ხოლო თათია თოფურიას, როგორც "აირზენას" პრესმენეჯერს - 21 600 ლარის შემოსავალი. ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 24 მაისს შეავსო. ოჯახის წევრები არიან მეუღლე - მაკა მეტრეველი, შვილები - ეკატერინე და ნინო ბაქრაძეები. მამა - შუქრი ბაქრაძე და დედა - ლილი ბაქრაძე. დავით ბაქრაძის სახელზეა რეგისტრირებული 213 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი ბინა თბილისში, ლარსის შესახვევი N3-ში და 28 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხი, ამავე მისამართზე. ლილი ბაქრაძის სახელზეა რეგისტრირებული 339 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, ტიბაანის ქუჩა N21-ში, 287 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლი, რომელიც ამავე მისამართზე მდებარეობს, ლილი ბაქრაძის სახელზეა რეგისტრირებული. სურამში, 9 აპრილის ქუჩა N96-ში არსებული 1 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 33%-ს ლილი ბაქრაძე, ხოლო დანარჩენ წილს მისი პარტნიორები - გიორგი და ნათელა აბასაშვილები ფლობენ. სურამში, ამავე მისამართზე არსებული 150 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლში, 33%-იან წილს ლილი ბაქრაძე, ხოლო დანარჩენს მისი პარტნიორები - გიორგი და ნათელა აბასაშვილი ფლობენ. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თი ბი სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე, დავით ბაქრაძეს 265 ლარი ერიცხება, ამავე ბანკში მაკა მეტრეველის მიმდინარე ანგარიში 95 ლარია. თი ბი სი ბანკში, დავით ბაქრაძეს გახსნილი აქვს'ანაბარი, რომელზეც 50 000 აშშ დოლარი ერიცხება, ეკატერინე ბაქრაძის მიმდინარე ანგარიში თიბისი ბანკში 230 ლარია, ლიბერთი ბანკში კი მაკა მეტრეველის სახელფასო ანგარიშზე 1 375 ლარი ირიცხება. დავით ბაქრაძე ფლობს 25 000 ლარსა და 10 000 აშშ დოლარს. საპრეზიდენტო კანდიდატის ოჯახის წევრების მიერ, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ასე გამოიყურება: დედამ, ლილი ბაქრაძემ LILI BAKRADZE - TBE-დან, როგორც ინდმეწარმემ, 7 833 ლარის შემოსავალი მიიღო. მეუღლე, მაკა მეტრეველი იყო LC FASHION GROUP-ისა და LLC GEORGIAN FASHION ჩომპანყ-ს პარტნიორი, ასევე NNIP FASHION ASSOCIATION-ის გამგეობის წევრი. ამ კომპანიებიდან მიღებული შემოსავლები ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ არის. დავით ბაქრაძემ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, 92 742 ლარის შემოსავალი მიიღო. მაკა მეტრეველი ჩაჩავას კლინიკის დირექტორის თანაშემწეა მარკეტინგის დარგში, სადაც 7 450 ლარი ერიცხება. შუქრი ბაქრაძე ინდმეწარმე "გიორგი აბასაშვილის" ბუღალტერია და მისი შემოსავალი 5 400 ლარია. ჩაჩავას კლინიკის გარდა, მაკა მეტრეველი შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა, სადაც ის 5 000-ლარიან შემოსავალს იღებს. რაც შეეხება დავით ბაქრაძის შემოსავლებსა და გასავლებს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი სამივლინებო თანხა და შემოსავალი - 19 328 ლარი იყო, საბანკო ანაბარზე დივიდენდის სახით, 1 760 აშშ დოლარი დაერიცხა, ხოლო გასავლის სახით, ეკატერინე ბაქრაძის სწავლის ღირებულება - 9 500 ლარი გადაიხადა. ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს საცხოვრებელი ბინის რემონტი 5 000 ლარი დაუჯდა, ხოლო ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სახით - 1 887 ლარი გადაიხადა. შალვა ნათელაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 15 მაისს შეავსო. ოჯახის წევრები არიან მეუღლე - ბელა ალანია, შვილები - ბექა და დარეჯან ნათელაშვილები. შალვა ნათელაშვილი თბილისში, მიროტაძის N1-ში, 136 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ფლობს, მის სახელზეა რეგისტრირებული 450 კვადრატული მეტრი ფართობის აგარაკი და 8 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ ბაზალეთში. მის სახელზეა რეგისტრირებული 366 კვადრატული მეტრი ფართობის საოფისე ფართი თბილისში, ი. ჯავახიშვილის N88-ში და ამავე მისამართზე, 1 729 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის 50-%-იან წილსაც ფლობს, დარჩენილი 50%-ის წილის მფლობელი სახელმწიფოა. შალვა ნათელაშვილს თი ბი სი ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 500 აშშ დოლარი, ხოლო ბანკ "ვენაში", ბელა ალანიას გახსნილი აქვს 98 000 ევროს ანაბარი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შალვა ნათელაშვილის, როგორც საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის წევრის შემოსავალი 67 110 ლარი იყო. 2011 წელს, პროკრედიტ ბანკში ნათელაშვილმა 25 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი აიღო, იმავე წელსვე, მისი კუთვნილი ავტომობილი 31 000 აშშ დოლარად გაყიდა.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა