"შვებულებაში" გაქცეული მინისტრები

"შვებულებაში" გაქცეული მინისტრები

ზურაბ ადეიშვილი, მურთაზ ზოდელავა, ბაჩო და დათა ახალაიები, მეგის ქარდავა, დიმიტრი შაშკინი - ხელისუფლების გადაბარებამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩინოვნიკებმა საქართველო დატოვეს. დროებით გაერიდნენ მათთვის აუცილებელ პროცესს, თუ სამუდამოდ - ეს არავინ იცის.

"მე მხოლოდ შემიძლია ის გითხრათ, რომ სამსახურის გადაბარების პროცესში შვებულების აღება, რბილად რომ ვთქვათ, "უცნაურია", - განუცხადა "რეზონანსს" იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ საქართველო რომ დატოვა, ამის შესახებ "რეზონანსს" ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ აცნობა.

"ჩემი ინფორმაციით, რომელიც გუშინ მომაწოდეს, ზოდელავამ საქართველო დატოვა. კონკრეტულად საით გაემგზავრა, ეს ჩემთვის უცნობია. ასევე, გვაცნობეს, რომ მთავარ პროკურატურაში კომპეტენტური პირი, ვისაც რამე კონკრეტულ საკითხზე შეიძლება დაელაპარაკო, ადგილზე არავინ არ არის", - ამბობს კორკოტაძე.

ადვოკატი ზოდელავას მხრიდან საქართველოს დატოვებას არათუ მოულოდნელად თვლის, მიაჩნია, რომ ეს ასეც მოხდებოდა.

ნათია კორკოტაძე:

"მე მიკვირდა კიდეც, რომ მურთაზ ზოდელავა, რომელსაც არაერთი უკანონო საქმე აქვს ჩადენილი და იმდენ უკანონო განაჩენზე აქვს დირექტივა მიცემული, აქამდე არ წავიდა ქვეყნიდან. ეს ჩვენთვის, ადვოკატებისთვის, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია".

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი 5 ოქტომბრიდან შვებულებაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა იუსტიციის მოქმედი მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანზე დაყრდნობით დაადასტურა.

"ბურჯალიანმა მითხრა, რომ ადეიშვილი 5 ოქტომბრიდან დამსახურებულ შვებულებაში იმყოფება. დაბრუნდება თუ არა ის შვებულებიდან, ვერ გეტყვით, რადგან, რამდენადაც მე ვიცი, ბურჯალიანი ამ საკითხით არ დაინტერესებულა. მე მხოლოდ შემიძლია ის გითხრათ, რომ სამსახურის გადაბარების პროცესში შვებულების აღება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია", - განუცხადა "რეზონანსს" წულუკიანმა.

იმავეს ამბობს ადვოკატი ნათია კორკოტაძეც.

ნათია კორკოტაძე:

"ასეთ დროს, როცა უნდა გადააბარო სხვას იუსტიციის მინისტრობა და შვებულებაში მიდიხარ, რა თქმა უნდა, ალოგიკურია. უცხოეთშია შაშკინიც. როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადეიშვილმა და შაშკინმა საქართველო დატოვეს, მაშინ სალომე მახარაძის კომენტარი გავრცელდა იმის შესახებ, რომ შაშკინი მივლინებაშია და 6 ოქტომბერს უნდა დაბრუნებულიყო.

ჩვენთვის ცნობილია, რომ შაშკინი დღესაც არ დაბრუნებულა საქართველოში. ესენი არიან უპასუხისმგებლოები. თუმცა არასდროს ასრულებდნენ კანონს და ახლა რატომ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ ადგნენ და ქვეყანა უკანონოდ დატოვეს?!"

როგორც ცნობილია, ქვეყანა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიამაც დატოვეს.

"გურიანიუსის" ცნობით, ძმები ახალაიები საქართველოდან 4 ოქტომბერს, გვიან ღამით წავიდნენ, მანამდე კი მათ პასპორტები და ვიზები თავდაცვის სამინისტროში მიუტანეს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ამის შემდეგ ძმები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასხდნენ. თვითმხილველების თქმით, პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ, ძმები მე-9 სართულზე, ახალაიას ე.წ. აპარტამენტში ცხოვრობდნენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიას თანამდებობიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო პოდრჟებსკაია არ ფლობს.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო უკვე დატოვა პოლიციის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა მეგის ქარდავამ.

"ესენი უცხოეთში არ უნდა წავიდნენ. ყველაზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. მათ იმდენი უკანონობა აქვთ ჩადენილი, რომ ასე უცხოეთში წასვლით რომ შერჩეთ, წარმოუდგენელია", - აცხადებს ადვოკატი ნათია კორკოტაძე და ამასაც ამატებს: "ჩვენ, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, აბსოლუტურად აპოლიტიკურები ვართ. თუკი დავინახავთ ახალ პოლიტიკურ ძალაში უკანონობას, მათ აუცილებლად ვამხელთ".

თავად იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების პრესამსახურებს კი ამაზე არანაირი კომენტარის გაკეთება არ სურთ.

მარი ოთარაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა