საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, სელესტ ვოლანდერს შეხვდა, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია. შეხვედრაზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გარდა, მხარეებმა ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროებზეც ისაუბრეს.ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა.
"აშშ-ის მთავრობის სრული შემადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ დანაკარგის გამო. ჩვენ ამას ისევე განვიცდით, როგორც - თქვენ. ვაფასებთ მათ თავგანწირვას და ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ეს არის ფასეულობა, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება",- აღნიშნა ჯონ ბასმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე ჰელმანდის პროვინციაში ქართველ ჯარისკაცებთან სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ "თალიბები" ასაფეთქებელ მოწყობილობებს მისი იქ ყოფნის პერიოდშიც ამონტაჟებდნენ.
"თუმცა, მაშინ ჩვენმა სამხედროებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, მათ თავდასხმა მაინც მოახერხეს. ასეთ დროს ყველაზე მეტად ვფიქრობ მათ ოჯახებზე. ამდენი წელია, პრეზიდენტი ვარ და ყველაზე მძიმე ჩემთვის დღემდე ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გაგებაა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მათ ვესტუმრე. ჩემთვის ისინი ნამდვილი გმირები არიან და დარწმუნებული ვარ, მათი მსხვერპლი, საქართველოსთვის ზვარაკად მიტანილი სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ისინი დაიღუპნენ სამშობლოსთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ნამდვილად გავაკეთებთ ისე, რომ არა მხოლოდ მათი ხსოვნა იყოს პატივმიგებული და მათ ოჯახებს დავეხმაროთ, არამედ ჩვენი ქვეყნის ძლიერებას მოხმარდეს მათი გაწირული სიცოცხლე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას კიდევ სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა, რომლებიც საბრძოლო ამოცანას ასრულებდნენ, "თალიბებთან" შეტაკებისას, საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.
"ინტერპრესნიუსი"






















