"თუ ბნელა და იქ საშინელება ხდება, რატომ ცდილობენ ქართველები სამსახურის შოვნას სწორედ ენგურს გაღმა?"

"თუ ბნელა და იქ საშინელება ხდება, რატომ ცდილობენ ქართველები სამსახურის შოვნას სწორედ ენგურს გაღმა?"

26 აგვისტოს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა. სამივე კანდიდატი რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის განვითარების მომხრეა. რუსეთს, სავარაუდოდ, თავისი ფავორიტი მაინც ჰყავს, თუმცა მას ისე თვალსაჩინოდ აღარ უჭერს მხარს, როგორც ეს 2004 წლის არჩევნებისას ხდებოდა. შეგახსენებთ, იმხანად სერგეი ბაღაფშის გაპრეზიდენტება დიდწილად გალის რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერამ განაპირობა. აფხაზეთში წინასაარჩევნო ვითარებასა და კანდიდატთა შანსებზე კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გვესაუბრება.

-  აფხაზეთში წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით ორ ინციდენტს: ავტოავარიას, რომელშიც შამბა მოყვა და ამავე შამბას მიერ ანქვაბის წინააღმდეგ მოწყობილ მიტინგს, სადაც თენგიზ კიტოვანის ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი აჩვენეს. შეგახსენებთ, კიტოვანმა ინტერვიუ მისცა გაზეთ "მოსკოვსკაია პრავდას", რომელშიც განაცხადა, რომ 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისას, ალექსანდრე ანქვაბი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და ინფორმაციას აწვდიდა აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების გადაადგილების შესახებ. ამის საპირისპიროდ ანქვაბმა შამბა პროვოკაციაში დაადანაშაულა. ჯერჯერობით სულ ეს იყო.

-  რა ხდება გალის რაიონში და თუ შეხვდნენ იქაურ ქართველებს დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატები?

-  როგორც ვიცი, გალში ანქვაბიც ჩავიდა და შამბაც. მეტიც, შამბამ უპრეცედენტო ნაბიჯიც კი გადადგა და ქართველებს ქართულად მიმართა, რითაც საკმაოდ მოაწონა თავი გალელებს. შამბასგან განსხვავებით, ანქვაბს აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შანსი. მან დაიწყო გალელების უპრეცედენტო და სასწრაფო პასპორტიზაცია. მოგეხსენებათ, ეს პროცესი ანქვაბის ხელშია. ახლაც, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, გალში აფხაზურ პასპორტებზე უზარმაზარი რიგებია, რადგან გალელებს ეშინიათ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ისევ გართულდება ან საერთოდ შეწყდება აფხაზური პასპორტების გაცემა. ანქვაბი იმედოვნებს, რომ რაც მეტ პასპორტს გასცემს, მით მეტი ქართველის ხმას მიიღებს.

-  2004 წლის არჩევნებისას ბაღაფშის გამარჯვებისთვის გადამწყვეტი სწორედ გალელთა ხმები აღმოჩნდა.

-  დიახ. თუმცა დღეს, სავარაუდოდ, მთლად ასე ვეღარ იქნება, რადგან 2004 წელს არჩევნებში მონაწილეობის უფლება 20 ათას ქართველს ჰქონდა, დღეს კი რაც უნდა სწრაფად გასცენ პასპორტები, არა მგონია, ეს რიცხვი 9 ათასს ასცდეს. პასპორტიზაციის ეს გამალებული პროცესი ანქვაბს იმისთვისაც სჭირდება, რომ მისმა ადმინისტრაციამ მოახერხოს და არჩევნების შედეგები გალის მოსახლეობის ხარჯზე გააყალბოს, ანუ ქართველები შეიძლება არც მივიდნენ არჩევნებზე ამ რაოდენობით, მაგრამ იქ გააფორმებენ, რომ ცხრაათასივე მივიდა და ხმა ანქვაბს მისცა.

-  ფაქტია, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, დღეს რუსეთის ხელისუფლება ნაკლებად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში.

-  საქმე ის არის, რომ სამივე კანდიდატი, მათ შორის ხაჯიმბა, რომელსაც გამარჯვების ძალიან მცირე შანსი აქვს, მკაფიოდ აცხადებენ, რომ სურთ რუსეთთან კარგი ურთიერთობა. ამ სამისგან ვინც უნდა გახდეს პრეზიდენტი, რუსეთთან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ურთიერთობის პრინციპი არ შეიცვლება. თუმცა, აშკარაა, რომ კრემლისთვის უფრო მისაღები იქნება შამბას და არა ანქვაბის გამარჯვება\. ეს მაშინაც კარგად გამოჩნდა, როდესაც კიტოვანის მეშვეობით მოინდომეს ანქვაბის ჩაძირვა, რაც ძალიან პრიმიტიული სვლა იყო. სასაცილოა, თუ რუსებს აფხაზეთში პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის კიტოვანის გარდა სხვა რესურსი არ აქვთ. ყველა მიხვდა, რომ კიტოვანი კრემლის თამაშს თამაშობდა. შესაბამისად, ამ პრიმიტიული სვლითაც გამოჩნდა, რომ რუსეთს ურჩევნია ანქვაბის ჩაძირვა. ამ გამოხდომამ აფხაზეთის საზოგადოების დიდ ნაწილში მნიშვნელოვნად შეასუსტა შამბას პოზიციები. რომ არა ეს ავარია, ანქვაბის პოპულარობა გაცილებით დიდი იყო. ახლა შედარებით გათანაბრდა შანსები. მოგეხსენებათ, დაზარალებულის მიმართ ადამიანებს თანაგრძნობის განცდა უჩნდებათ. მაინც მგონია, რომ მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭიროა. ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზეც, რამდენ ხმას მიიღებს ხაჯიმბა. თუ მან ხმების 10-15% მაინც მოიპოვა, მეორე ტურის დანიშვნის შანსი გაიზრდება, რომელშიც, ჩემი ვარაუდით, ანქვაბი გაიმარჯვებს.

-  თვალს ვადევნებ აფხაზურ ინტერნეტგვერდებს, აშკარაა, რომ აფხაზებში ნაციონალისტური განწყობა იზრდება.

-  გეთანხმებით, იზრდება და თანაც ანტირუსული და ანტიამერიკული განწყობის ფონზე. დაახლოებით იგივე ხდება, რაც საქართველოში. უკვე ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი, რომ არც რუსეთი უნდათ და არც ამერიკა. საქართველოსაც ამერიკულ ძალად განიხილავენ. ამიტომ მიაჩნიათ, რომ ხმა უნდა მისცენ იმ კანდიდატურას, ვინც უფრო პროაფხაზურ პოზიციაზეა და ეს კანდიდატი ანქვაბია. შამბას უფრო პროდასავლური, პროდემოკრატიული პოლიტიკოსის ნიშა უკავია. ისე, აფხაზეთში ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, პირველად ხდება, რომ კანდიდატები ერთმანეთს უპირისპირდებიან არა ოჩამჩირისა და გუდაუთის დაჯგუფებების, არამედ მართვის სტილის მიხედვით, ანუ უპირისპირდებიან უფრო დემოკრატი შამბა და შედარებით ავტორიტარი ანქვაბი... თუმცა იყო ანქვაბის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომ ის შესაძლებლად მიიჩნევს ქართველებთან უპირობო მოლაპარაკებას, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ წაუყრუა. ხოლო შამბას წინასაარჩევნო ვიდეორგოლები რომ ნახოთ, გაოცდებით, კადრში სულ გოგა ხაინდრავასთან ერთად ჩანს, რაც ძალიან საინტერესოა. ანუ შამბა მიიჩნევს, რომ გოგა ხაინდრავასთან ერთად ქართველებთან მოლაპარაკებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწია და ამას აფხაზებსაც ახსენებს. ამის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიისას საქართველოზე ძალიან ცოტას ლაპარაკობენ. შამბას პოზიციებს ამყარებს სომხური მოსახლეობაც, რადგან მათ აფხაზი ნაციონალისტებისა ძალიან ეშინიათ. შესაბამისად, მათ აშინებთ შედარებით პროაფხაზი ანქვაბიც. არც შამბაა პირწავარდნილი პრორუსი, მაგრამ იმედი აქვთ, უფრო დემოკრატია და არ გადაგვივლისო. ერთიცაა, ხაჯიმბას ფაქტორი ძალიან ასუსტებს შამბას პოზიციებს, რადგან სომხების დიდი ნაწილი სწორედ ხაჯიმბას მისცემს ხმას. ვვარაუდობდი, რომ ხაჯიმბა ხვდებოდა რა თავის აუტსაიდერობას, მოხსნიდა კანდიდატურას და თავის ხმებს შამბას გადაულოცავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ხაჯიმბა ძირავს შამბას, თუმცა ვფიქრობ, რომ ამასაც აქვს ახსნა. ვეჭვობ, გარკვეული გარიგებაა მასსა და ანქვაბს შორის, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ხაჯიმბას რამე მნიშვნელოვან თანამდებობას შესთავაზებს.

-  ჩვენთვის თუ აქვს მნიშვნელობა იმას, ვინ გაიმარჯვებს?

-  არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან პროქართული გაწყობა არც ერთს არ ეტყობა. ჩვენ აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა ბაღაფში, რადგან მასზე გაწონასწორებული, მოქნილი და დიპლომატი პოლიტიკოსი არ ყოფილა აფხაზეთში. ჩვენ ბაღაფშთან გავწყვიტეთ ურთიერთობა და ცხვირწინ მივუხურეთ კარი. ასე რომ, ჩვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული. შამბა იქნება თუ ანქვაბი, ორივესთან შეიძლება ლაპარაკი. არც ერთი არ არის პირწავარდნილი ანტიქართველი. ორივე ცხოვრობდა თავის დროზე თბილისში, მეტიც, ანქვაბი წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, შამბა კი აქ სწავლობდა, თანაც ქართველი ცოლი ჰყავს. თუ საქართველოს ხელისუფლება მოინდომებს მათთან დალაპარაკებას, საერთო ენის გამონახვა ორივესთან შესაძლებელი იქნება.

-  რატომ არ უნდა მოინდომოს?

-  ეს ხელისუფლების მართვის სტილია. მათთვის მთავარია მსოფლიოს თვალწინ წარმოადგინონ ქართულ-რუსული ურთიერთობების პრობლემა; ხელს არ აძლევთ, კონფლიქტი დაიყვანონ ქართულ-აფხაზურ დონეზე, რაც დიდი შეცდომა მგონია. ოღონდ კი რუსეთი წარმოეჩინათ მეტოქედ და სრულიად გადაფარეს და მიჩქმალეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები. ზუსტად ვიცი, რომ სააკაშვილი არ ეცდება ამ ურთიერთობების აღდგენას, არ დაიმცირებს თავს ვიღაც აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებით. 2004 წელს, როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინვე გაწყვიტა კონტაქტები აფხაზებთან. მე თვითონ ვიყავი იმ პროცესებში ჩართული და კარგად ვხედავდი, როგორ შეაქცია ზურგი აფხაზებთან დიალოგს. ამის გვირგვინი კი იყო 2006 წელს, როდესაც შამბა ჩამოვიდა თბილისში, ჩამოიტანა ის ცნობილი დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებასთან განსახილველად, საპასუხოდ კი სააკაშვილი და ოქრუაშვილი სენაკის ბაზაზე წავიდნენ, რაც აშკარად იმას ნიშნავდა, არ გვაინტერესებს ვიღაც შამბა და აფხაზებიო. სააკაშვილის პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო, რომ თითქოს საერთოდ არ არსებობს აფხაზური და ოსური მხარე, რომ მთავარი მხარე და მეტოქე რუსეთი იყო. ასე მივედით 2008 წლის ომამდე. ვეჭვობ, ამგვარი პოლიტიკის გამტარებელმა ადამიანმა დღეს პოზიცია შეიცვალოს.

-  თუ იცით, რა ხდება დღეს კოდორის ხეობაში?

-  კოდორი მიტოვებულია, სვანების რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა და სულ ეგ არის. იქ გზა არ არის და ეს ქმნის ყველაზე დიდ პრობლემას, თორემ აფხაზები, როგორც ვიცი, სვანების დაბრუნების წინააღმდეგნი არ არიან.

-  ანაკლიის, როგორც საკურორტო ქალაქის პრეზენტაციას ალბათ, მიადევნებდით თვალს, რას ფიქრობთ პრეზიდენტის განცხადებებზე?

-  რა ვთქვა, გვითხრა, ენგურს გაღმა ბნელაო, თუ ბნელა და იქ საშინელება ხდება, რატომ ცდილობენ ქართველები სამსახურის შოვნას სწორედ ენგურს გაღმა? მარტო გალელები კი არა, ზუგდიდელები ცდილობენ, იყიდონ აფხაზური ან რუსული პასპორტი და სოჭში, გაგრაში ან სოხუმში წავიდნენ სამუშაოდ. ახლა ცდილობს, გამოაცხადოს ანაკლია სოჭის საპირწონედ. ეს მხოლოდ პროპაგანდისტული ხრიკებია, თუ სააკაშვილს რეალურად სურს საქართველო ტურისტულ ქვეყნად აქციოს, უნდა მორჩეს ამდენ ლაპარაკს ოკუპაციაზე. გამოაცხადა, ავაშენეთ ანაკლია, შემოვლენ რუსები, დაანგრევენ, მაგრამ ჩვენ კიდევ ავაშენებთო. კი მაგრამ, ასე აპირებს უცხოელი ტურისტების მოზიდვას? ევროპელები აქ ნგრევაში მოსაყოლად ჩამოვლენ? ეს არის პიარკამპანია და საერთო არაფერი აქვს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან. ჩვენს ფულს ხარჯავს იმაში, რომ თვალში ნაცარი შეაყაროს ვიღაცას, და ვის? ისევ "რუსთავი2"-ისა და "იმედის" მაყურებელს, რომლის უდიდეს ნაწილს ანაკლიაში დასვენების სახსრები არა აქვს. ამიტომ ამგვარი პიარით ანაკლიის განვითარებას პერსპექტივა არა აქვს.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა