თეირანი ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშრებით კომპრომისზე წასვლის აზრს ვერ ხედავს. გამოცემა "შპიგელთან" საუბარში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ ატომური პრობლემა – ეს არის მხოლოდ საბაბი, რათა ირანი დაასუსტონ. მისი აზრით, დათმობებს უკვე აზრი აღარ აქვს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციამ ობიექტურობის განცდა დაკარგა, რადგან მისი დასკვნა, თითქოს თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის, არანაირად არ არის გამართლებული.
სალეჰი აცხადებს, რომ ორგანიზაციას და მის დირექტორს ცუდი პერიოდი დაუდგა, რადგან ირანი მისგან მოითხოვს ამ დასკვნის დამადასტურებელი ანგარიში წარმოადგინოს. მანვე დასძინა, რომ ირანი მშვიდობიანი ატომის ათვისების პროგრამას გააგრძელებს.






















