25 თებერვალს თბილისი კავკასიური და ქართული ნაგაზების რიგით მეცამეტე გამოფენას უმასპინძლებს. სამწუხაროდ, გამოფენაში მონაწილეობისთვის ძაღლების პატრონები დიდად არ აქტიურობენ. მათი ერთი ნაწილი ამჯობინებს, ძაღლები სისხლიან ორთაბრძოლებში გაიყვანოს, რათა ოთხფეხა მეგობარმა ფული აშოვნინოს, ვიდრე საერთაშორისო გამოფენებზე ოცი ლარი გადაიხადოს და მსოფლიოს დაანახოს ქართული ნაგაზი, როგორც უძველესი ეროვნული მემკვიდრეობა. იქ კი, სადაც ჯიშის გენეტიკური ღირსებები უნდა დაფიქსირდეს და სელექციისთვის საუკეთესო ეგზემპლარები შეირჩეს, ბევრი ჯიშიანი ძაღლი უყურადღებოდ რჩება. მეტიც, მათ შესახებ კინოლოგებმა თითქმის არაფერი იციან. ამიტომ კვლავ აქტუალურია კავკასიური და ქართული ნაგაზების გადაგვარების საფრთხე. როგორც კინოლოგები ამბობენ, თანდათან ძნელდება დასაწყვილებლად კარგი ეგზემპლარების შერჩევა. ძაღლების პატრონები თვითნებურად ამრავლებენ ნაგაზებს, რომელთა ხარისხს არა საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმები, არამედ ის განაპირობებს, თუ რომელი ხვადი ან ძუ როგორ ჩხუბობს.გამოფენები არა მხოლოდ სანახაობრივად არის საინტერესო, არამედ წარმოდგენას ქმნის საქართველოს, როგორც კინოლოგიური ტრადიციების მქონე ქვეყნის შესახებ, რომელსაც, სხვათა შორის, ჯერაც ვერ დაურეგისტრირებია ქართული მთის ძაღლი - ნაგაზი, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული ჯიში. კავკასიურად წოდებული ნაგაზი კი ჩვენი გულგრილობის გამო კარგა ხანია დავკარგეთ, - რუსებმა მიითვისეს.
კლუბ "ბომბორას" მოწვევით გამოფენისთვის საგანგებოდ ჩამოვიდა ცნობილი რუსი ექსპერტი, ვასილ მარკოვი, რომელსაც კავკასიური ნაგაზების სანაშენე აქვს რუსეთში. მას 80 ძაღლი ჰყავს და ერთ-ერთი მიუკერძოებელი ექსპერტია. რუსეთიდან ასევე ჩამოდის რამდენიმე კინოლოგიური ჟურნალის წარმომადგენელი, ჟურნალისტი, სვეტლანა კაზაკოვა.
გია გიორგაძე, კლუბ "ბომბორასა" და საქართველოს კინოლოგთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი:
- სვეტლანა კაზაკოვა რუსებს მოუთხრობს, თუ რა მდგომარეობაშია კავკასიური ნაგაზი თავის სამშობლოში. არასახარბიელო სიტუაციის დაფიქსირება ასეთივე გავლენას მოახდენს ჩვენი ძაღლის ჩვენად დაბრუნებისთვის სამომავლო ბრძოლაში. ამ ეტაპზე რუსები ასევე ცდილობენ მიითვისონ ჩვენი მთის ძაღლიც.
არასახარბიელოა, რომ ხალხს გამოფენაზე მოსვლა ეზარება. "წყნეთში ვცხოვრობ, წვიმს, თოვს, ამხელა გზას რა გამოივლისო..." აი, ასე წუწუნებენ ქართველები. მოსკოვში კი საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად ცოლ-ქმარმა ერთი კვირა მოანდომა სამიათასი კილომეტრის გამოვლას, ძაღლი გამოფენაზე რომ გამოეყვანათ. თბილისში კი, ვისაც არ ეზარება, გამოფენაზეც იმას მოჰყავს ძაღლი და ამიტომაც ერთი და იგივე ძაღლები იმარჯვებენ გამოფენაზე. ერთი ცუდი ტენდენციაც შეინიშნება, - თუ ძაღლმა საუკეთესო შეფასება არ მიიღო, მიაჩნიათ, რომ კონკურსი "ჩაწყობილია და დაიჩაგრნენ. ძაღლი კი მაშინ იჩაგრება, როდესაც პატრონი გამოფენისთვის არ ამზადებს, არ ცდილობს მის განვითარებას, რათა სამომავლოდ უკეთესი შედეგი მიიღოს.
იხილეთ ვრცლად






















