"გაზეთი "ვრასტანი" "ნაცმოძრაობის" რუპორია სომხურ ენაზე"

 "გაზეთი "ვრასტანი" "ნაცმოძრაობის" რუპორია სომხურ ენაზე"

ქართულ-სომხურ ურთიერთობებსა და ამიერკავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე პოზიციას გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი.

- მას შემდეგ, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, აზერბაიჯანი ყარაბაღისა და სხვა ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა, ჩიხში შევიდა თურქულ-სომხური დიალოგიც. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სამხრეთ კავკასიაში?

- ვფიქრობ, ომს პერსპექტივა არ აქვს. ისიც ვიცი, - აზერბაიჯანი არ არის დარწმუნებული, რომ საომარი მოქმედების განახლების შემთხვევაში, ტერიტორიებს დაიბრუნებს. ამის იმედი რომ ჰქონოდა, ომს 2-3 წლის წინ, ცხინვალის მოვლენებამდე დაიწყებდა, ახლა კი, აგვისტოს ომის შემდეგ, არა მგონია, ამიერკავკასიაში ვინმემ საბრძოლო მოქმედებების დაწყება გარისკოს, რადგან ფაქტია, რომ რუსეთი რჩება მთავარ მოთამაშედ ამ რეგიონში, ის კი არ დაეთანხმა ომის დაწყებას, რადგან სომხეთი მისი სტრატეგიული პარტნიორია.

რაც შეეხება სომხურ-თურქულ ურთიერთობებს, ამჟამად ის მართლა სტაგნაციაშია. საერთოდ კი, ამ დიალოგის წამოწყება მოსკოვის შეცდომა იყო, რადგან მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ოფიციალური ერევანი აღარ იქნებოდა რუსეთის ისეთი ერთგული მოკავშირე, როგორიც ახლაა. მოსკოვის გეგმაში შედიოდა ერევნის დაყოლიება, ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ამასთანავე, თურქეთთან საზღვრის გახსნის შემთხვევაში, საქართველო სომხეთისთვის ერთადერთი სატრანზიტო დერეფანი აღარ იქნება.

- თუმცა, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პარლამენტში დაიწყო დისკუსია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე, ხოლო ყარაბაღის პრეზიდენტი ბაქო სააკიანი ბაღაფშის ინაუგურაციაზე ჩავიდა. რასაც დიდი ხმაური მოჰყვა...

- ეს თემა ერთ-ერთმა დეპუტატმა წამოსწია, რაც თავისთავად, ტრაგედია არ არის, მთავარია, მას შედეგი არ მოჰყოლია... სომხეთის ხელისუფლებას კარგად ესმის, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო თბილისის თანხმობა თუნდაც ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაზე და ამგვარ ჟესტებს სათანადოდ აფასებს.

- რას ფიქრობთ, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის განცხადებაზე, რომელმაც საქართველოში სომხურისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება მოითხოვა?

- საერთოდ, საქართველოში რიგითი მოქალაქეების უფლებები არ არის სათანადოდ დაცული, მიუხედავად მათი ეროვნებისა. ხოლო თუ ეთნიკურ პრობლემებზე ვისაუბრებთ, უმცირესობებს უნდა მიეცეთ საშუალება, უკეთ განავითარონ თავიანთი კულტურა, ენა, ტრადიციები. ამის საშუალება საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ხალხებს აქვთ, მაგრამ არასაკმარისად.

- საქართველოში გამოდის სომხურენოვანი გაზეთი, ტელეეთერი ეთმობა სომხურენოვან საინფორმაციო გამოშვებებს, არის სომხური სკოლები, სომხური სახელმწიფო თეატრი.

- ეს ყველაფერი ფინანსდება ბიუჯეტიდან, რომელშიც, სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომხებსაც შეაქვთ წვლილი. ასე რომ, ეს წყალობა არ გახლავთ. გაზეთ "ვრასტანზე" კი კომენტარი საერთოდ არ მსურს. იგი, ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობის" რუპორია სომხურ ენაზე. რაც შეეხება სომხურენოვან გამოშვებებს, ისინი დილის 8-9 საათზეა, როცა ტელევიზორს თითქმის არავინ უყურებს.

თეატრი მართლაც ჩვენი სიამაყეა, რადგან საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სომხური სახელმწიფო თეატრი არსებობს. თუმცა, სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" ამასაც პოლიტიკური მიზნით იყენებს... რაც შეეხება რეგიონულ ენას, თუ დასავლურ სამყაროზე ვართ ორიენტირებული, არსებობს პრინციპები, რომელიც უნდა ვაღიაროთ, მათ შორის, რეგიონული ენების ევროპული ქარტია.

ეს ქარტია ეროვნულ უმცირესობებს, რომლებიც რეგიონებში კომპაქტურად ცხოვრობენ, აძლევს უფლებას, საკუთარი ენა საქმის წარმოების, მათ შორის, სამართალწარმოების ენად აქციონ. ბილინგვიზმს, ორენოვნებას ევროპის არაერთ ქვეყანაში მიმართავენ.

- რაც შეეხება ენების ქარტიას, ენათმეცნიერთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი რეგიონული ენის სტატუსს მხოლოდ ავტოქტონი ხალხების ენებს ანიჭებს...

- საწყის ეტაპზე ქარტია მართლაც ავტოქტონი ხალხებისთვის შეიქმნა, თუმცა შემდგომ, სხვა უმცირესობებზეც გავრცელდა. როცა ასეთ საკითხზეა ლაპარაკი, არ უნდა ვითვალოთ, ვინ რამდენი წლის განმავლობაში ცხოვრობს რეგიონში, უნდა ვაღიაროთ, რომ 200 ათასი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს სამცხე-ჯავახეთში, რომლებმაც მიზეზთა გამო, არ იციან ქართული ენა. სხვა ფაქტორებთან ერთად, ქართული ენის შესასწავლად მათ  სტიმული უნდა ჰქონდეთ.

- სახელმწიფო ენის ცოდნას სტიმული სჭირდება?

- დიახ, მოტივაცია სჭირდება. პარადოქსია, მაგრამ ქვემო ქართლის ერთ-ერთი აზერბაიჯანული სოფლის მცხოვრებლებმა თარჯიმანი მოიწვიეს, რათა ქართულ ენაზე გახმოვანებული ბრაზილიული სერიალისთვის ეყურებინათ. მერე მიხვდნენ, რომ უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს, თუ ქართულს ისწავლიან და ისწავლეს კიდეც.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თქვენ უკმაყოფილება გამოთქვით: რატომ არ უნდა იყოს თბილისის საკრებულოში სომეხი ეროვნების დეპუტატიო, რაზეც პრეზიდენტის მრჩეველმა ვან ბაიბურთმა გიპასუხათ: პარიზში 300 ათასი სომეხი ცხოვრობს, მაგრამ არავის მოუთხოვია სომეხი ეროვნების მოქალაქეთა დეპუტატობის კანდიდატად წარდგენაო...

- ეთნიკური სომხები არიან საფრანგეთის პარლამენტში, სენატში. რაც შეეხება მათ ადგილს პარიზის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ბაიბურთი, სჯობს, ჯერ გაერკვეს ამ საკითხში და მერე მოიყვანოს მაგალითად. სირცხვილია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მრჩეველია... პარიზის მერიასთან საგანგებოდ არის შექმნილი სომხურ-ფრანგული ურთიერთობების კომიტეტი, რომელიც სხვა საქმიანობასთან ერთად, პარიზში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში ეხმარება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ პროცენტულად პარიზში რამდენჯერმე ნაკლები სომეხია, ვიდრე თბილისში.

რა უნდა ურჩიოს პრეზიდენტს ასეთმა მრჩეველმა? ბაიბურთს არ ესმის, რა არის ინტეგრაცია. თუ ადამიანი ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობს, რა ინტეგრაციაზეა ლაპარაკი? ვაღიარებ, რომ დღეს, სამწუხაროდ, ეროვნული უმცირესობები რეგიონებში რისკფაქტორად, ერთგვარ ტროას ცხენადაც კი არიან მიჩნეულნი. ჩვენ თვალწინ დატრიალდა ტრაგედია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი პოლიტიკური ინტეგრაციის ნაკლებობაც იყო...

რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ ეთნიკური სომხები პოლიტიკური პარტიების სიაში გამსვლელ ადგილას? ამაზე ოპოზიციამაც უნდა იფიქროს, თუმცა, მმართველ პარტიას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

პასუხად კი მიიღეს ის, რომ ბევრი სომეხი მოქალაქე ადგილობრივ არჩევნებზე არ მივიდა. ისანსა და სამგორის რაიონში, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ, ყველაზე დაბალი აქტიურობა იყო. როცა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ამბობს, - მე ვიქნები ოსი იმისათვის, ვინც ოსს აწუხებსო და ორი თვის შემდეგ ტანკებით შედის ცხინვალში, ცინიზმია, რომელიც პრობლემაა ჩვენი ქვეყნისა და მმართველი გუნდისთვის.

- ბოლო ხანს ხმაური მოჰყვა ერევნის სპენდიაროვის სახელობის საოპერო თეატრის სცენაზე "დონ ჟუანის" მოდერნიზებულ დადგმას, საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ ამ ქართულ-სომხურ დადგმაში საქართველოს ეროვნული სიმბოლო - "ქართვლის დედა" შებღალულია...

- ამ სპექტაკლზე არაფერი ვიცი. თუ ვინმესთვის რაიმე მიუღებელი აღმოჩნდა, არ ნიშნავს, რომ ეს მთელი სომეხი ხალხის პოზიციაა. საერთოდ კი, ნაციონალური საკითხი მეტად მტკივნეულია და ფრთხილი მოპყრობა სჭირდება.

ანტისომხური გამოხდომები საქართველოში და პირიქით - ანტიქართული განწყობილება სომხეთში მხოლოდ ჩვენი საერთო მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ, მიუხედავად ექსცესებისა, დარწმუნებული ვარ, ორი უძველესი ქრისტიანული ცივილიზაციის ერის კეთილმეზობლობას საფრთხე არ ემუქრება.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე