ცნობილ ქართველ მომღერალს, ნინო ქათამაძეს რუსული პუბლიკა ყოველ კონცერტზე სიყვარულს უმტკიცებს. მომღერალი პრესასთან იშვიათად ურთიერთობს და აცხადებს, რომ სიყვარულის გარდა სათქმელი არაფერი აქვს. მიუხედავად ამისა, ახლახან, ის რუსულ გამოცემა ”სნობს” ესაუბრა და თაყვანისმცემლებს თავის შვილზე, გრძნობებსა და ბავშვობის მოგონებებზე უამბო. - კონცერეტებს კლუბებშიც მართავთ და საკონცერტო დარბაზებშიც. მსმენელი ყველგან თბილად გხვდებათ, თუმცა მეჩვენება, რომ დიდი სცენის არტისტი არ ხართ, ვრცელი დარბაზი გთრგუნავთ.
- დიდი სცენაზე სიმღერა ყოველთვის მიჭირს, განსაკუთრებით, თუ ტელეკამერით მიღებენ. თითქოს ჩარჩოში ვექცევი - ჩემებურად ვეღარ დავრბივარ სცენაზე, ვალდებული ვარ პერიოდულად კამერას შევხედო და გავიღიმო. სამაგიეროდ, მეორე მხარეც არსებობს - წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს, 6 000 ადამიანი საკუთარი გრძნობებით, სიყვარულით, ინტერესებით, კითხვებითა და პასუხებით, ერთ დარბაზში იყრის თავს, რათა დღესასწაული მომიწყონ მე, ერთ ადამიანს. როცა ვახერხებთ და ერთ სიუჟეტში ვაერთიანებთ მუსიკოსებს, მაყურებელს, ოპერატორებს და სცენის პერსონალს - შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონცერტი შედგა.
- რაზე ოცნებობთ?
- ბევრ შვილზე. მინდა 12 შვილი მყავდეს, ან 7 მაინც. ჯერჯერობით კი მხოლოდ ერთი, 3 წლის ბიჭუნა მყავს. ძალიან მოსწონს დოლზე დაკვრა. ნამდვილი ”დრამერივით” ითვლის და დაკვრას იწყებს. ჩემი ყველა სიმღერა იცის, თუმცა ჩემთან ერთად არ მღერის. ურჩევნია ქუჩაში ბავშვებთან ერთად იმღეროს.
- აღზრდის რა ხერხები იყენებთ?
- ლექსიკონიდან ამოვშალეთ სიტყვა ”არა”. მგონია, რომ როცა ბავშვი ტირის, უნდა უთხრა ”იტირე გენაცავალეო” და არა პირიქით. ბავშვებთან პატივისცემით მოქცევა ჯობს. კი არ უნდა დაუძახო, უნდა მოიწვიო, პატივი სცე მის აზრს.
- თავადაც ასე გზრდიდნენ? ვინ გადაწყვიტა, რომ მუსიკოსი გამხდარიყავით, თავად თუ ვინმეს დაუჯერეთ?
- მუსიკა თავად ავირჩიე და მთელი ცხოვრება ამ საქმით ვარ დაკავებული. სხვათა შორის, მუსიკალური სასწავლებლიდან ორჯერ გამომრიცხეს ფიზკულტურის გაკვეთილების გაცდენისთვის. მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რა იყო მნიშვნელოვანი და რა არა.
- და რა არის მთავარი თქვენთვის?- ყოველთვის გულგრილი ვიყავი მატერიალური სიმდიდრის მიმართ. ბავშვობა მამის სახელოსნოში მაქვს გატარებული, რომელიც ოქრომჭედელი იყო და ძვირფასეულობა ყოველთვის ფეხებში მედებოდა. ოქროულს ყურადღებასაც არ ვაქცევდი. სამაგიეროდ, საკუთარი ხელით შექმნილი სამყარო მთელ სიმდიდრედ მიმაჩნია. მამამ 40 წლის წინ, ააშენა სახლი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მყუდრო ადგილი იყო დედამიწაზე. ახლანდელი მრავალსართულიანი მონსტრები თავს მტკენენ. ვიღაც მაღლა ცხოვრობს, ვიღაც დაბლა, ზოგიც გვერდზე... შენამდე აღწევს მათი ისტორიები, ცრემლები, ტკივილი თუ სიხარული. ეს ყველაფერი საშინელ კაკაფონიას ქმნის და ამის ატანა არ შემიძლია.
- ანუ ხალხისგან განმარტოება მოგწონთ?
- დიახ, სიჩუმე მიყვარს. გარდა ამისა ქალაქში ადამიანი თითქოს არ იზრდება, არაფერზე არ არის პასუხისმგებელი. ვცხოვრობთ დიდ ქალაქებში, ამ დიდ სახლებში მხოლოდ იმიტომ, რომ ქალაქში მეტი ფულია და ეს ქალაქი გვარჩენს. არც მიწის დამუშავებაა საჭირო, არც ინდაურების გამოკვება და არც ბავშვის აღზრდა - მხოლოდ სამსახურში დადიხარ, ბავშვიც ან სკოლაშია ან ბაღში. ქალაქში ვერ გრძნობ მიწას, სურნელს, არც ჩიტების ხმა გესმის. მარტო სამსახურზე ფიქრობ და ასე იქცევა ხალხი რობოტებად. იცით რა შევნიშნე? ვისაც მიწასთა შეხება ქონია, თუნდაც ზაფხულობით სოფელში, ბებიასთან ჩადიოდა და სოფლის სურნელი იცის - ისინი აბსოლუტურად განსხვავდებიან სხვებისგან.
- დიდი ოჯახი გყავთ?
- ჩვენს სახლში ყოველთვის ბევრი ხალხი ცხოვრობდა. ბავშვები, ბებიები, ბაბუები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები. ზაფხულშიც ჩამოდიოდნენ და ზამთარშიც. ჩვენს სახლში ყოველთვის ბევრი საჭმელი მზადდებოდა.
- ყველანი მღეროდნენ?
- დიახ, ჩვენთან ყოველთვის სიმღერა ისმოდა. ბიძაჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო, გუნდს ხელმძღვანელობდა და მეც გვერდით ვყავდი. მის ინსტრუმენტებს ვეხებოდი, მუსიკას ვგრძნობდი. სიმღერაც მან მასწავლა. საერთოდ ყველა, ყველა ვინც გარშემო მყავდა, მაგრძნობინებდნენ, რომ ცხოვრება მშვენიერია. ამიტომ მაქვს სულ სიმღერის სურვილი.
- როგორი ბავშვობა გქონდათ?- მეჩვენებოდა, რომ ირგვლივ სულ სასწაულები ხდებოდა. უზარმაზარი მანდარინის ბაღი გვქონდა. ერთხელ, ძალიან დიდი თოვლი მოვიდა და ბაბუა შუა ღამით იმისთვის ადგა, რომ ხეებიდან თოვლი ჩამოებერტყა. თუ არა და სიმძიმე ტოტებს დაამტვრევდა. მეც თან წამიყვანა. დილის 4 საათზე გავედით ბაღში. მახსოვს, სიჩუმის და თოვლის სუნი იდგა. საკუთარი სუნთქვა კი მუსიკად მეჩვენებოდა.. რას არ მივცემდი, ის შეგრძნება რომ ერთხელ კიდევ განვიცადო.
- თქვენ ჰარმონიულ სამყაროში ცხოვრობთ, მაგრამ ზოგჯერ საქმეში ომი და პოლიტიკა ერთვება, იდილია ირღვევა. ქართულ-რუსული დაპირისპირებების მიმართ რა რამოკიდებულება გაქვთ?
- ეს ტკივილზე ბევრად მეტია. აგვისტოს ომის დაწყებისას ჩემი შვილი სამი თვის იყო. 8 აგვისტოს დაბობვა დაიწყო, 25 სექტემბერს კი რუსეთში ალბომის Blue-ს პრეზენტაცია მქონდა დაგეგმილი. დიდხანს ვიფიქრეთ, როგორ მოვქცეულიყავით. გადავწყვიტეთ, რომ ყინული გადნობა და მტრობის განელება დაგვესახა მიზნად. გვინდოდა გვეთქვა, რომ ცოცხლები ვართ და ჩამოვედით. პრეზენტაცია შედგა.
- ბედნიერი ადამიანი ჩანხართ...
- დიახ ასეა და უფრო ბედნიერი ვიქნები, როცა მთებში მიმალულ, ჩემს პატარა სახლში დავბინავდები და საცხოვრებლად სამუდამოდ იქ დავრჩები.
მომზადებულია snob.ru-ს მიხედვით.






















