დავოსი შვეიცარიის ალპებში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტია, სადაც ყოველ წელიწადს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. გამონაკლისი არც 2012 წელი ყოფილა: 26 იანვარს მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ეკონომისტები დავოსში შეიკრიბნენ. ფორუმს 40 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. საქართველოდან მასში მონაწილეობდა სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობდა. წლევანდელ ფორუმს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია: გლობალური ეკონომიკური კრიზისის შიშით გათანგულ ევროპელებს ცივი წყალი გადაასხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელმაც მსოფლიოს გასაგონად თქვა: გერმანია არ აპირებს ზედმეტი ვალდებულებების აღებას ევროზონის ქვეყნების მიმართო, ხოლო თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან კამათის შემდეგ ფორუმი დემონსტრაციულად დატოვა და განაცხადა, დავოსში ჩემი ფეხი აღარ იქნებაო!... რით გააოცეს ცნობილი ეკონომიკური ფორუმი ქართველებმა? - ოპტიმიზმითა და საქართველოს წინსვლაზე საუბრით. როგორ შეიძლება შეფასდეს დავოსის ეკონომიკური ფორუმის შედეგები? - ეს კითხვა ეკონომიკის ექსპერტ ვაჟა ბერიძეს დავუსვით:- დავოსის ფორუმი უმნიშვნელოვანესი თავყრილობაა, ეს არის ავტორიტეტული ფორუმი, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია შვეიცარიელი პროფესორი კლაუს შვაბი. წელს უკვე 42-ე ფორუმი ჩატარდა. ამ შეკრებაზე თავს იყრის ბევრი პიროვნება, რომელსაც სიტყვა ეთქმის და რომლის აზრიც საინტერესოა გლობალური თუ ლოკალური ამოცანების გადასაჭრელად.
- ბატონო ვაჟა, თუ ესწრებოდნენ ფორუმს კრიტიკულად განწყობილი ქართველი ეკონომისტები და ექსპერტები?
- როგორც ვიცი, არა. თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, რადგან საქართველოს ხმა ამ ფორუმზე არასოდეს ყოფილა შესამჩნევი და მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობას, პოლიტიკოსებსა და ეკონომისტებს აქვთ კი სათქმელი და შესათავაზებელი ამ თავყრილობისათვის გარდა რეფორმებისა, რომელიც პიარს უფრო ჰგავს, ვიდრე ჭეშმარიტ რეფორმებს? თანაც, ამ ფორუმის მონაწილეებს, ვგულისხმობ ბატონ გილაურს და ქალბატონ ქობალიას, ჩვენი საზოგადოებისათვის არ აუხსნიათ, რა რეფორმები ჩაატარეს, ეკონომიკის სფეროში და რა შედეგები მივიღეთ. ეს ჩვენც არ ვიცით და საინტერესოა, რით უნდა მოხიბლოს ჩვენმა მთავრობამ მსოფლიო - მტკვარზე გადებული ხიდით თუ საეჭვო, არაფრის მომცემი პროექტებით? ეკონომისტმა უნდა გააკეთოს საფუძვლიანი ანალიზი იმისა, რაც ხდება, ამიტომ კარგი იქნებოდა, ამ ფორუმს დასწრებოდნენ, მაგალითად: ლადო პაპავა, ირაკლი კოვზანაძე, ემზარ ჯგერენაია და სხვა ქართველი ეკონომისტები, რომლებიც საფუძვლიანად იცნობენ არა მარტო ქართული საფინანსო-ეკონომიკური სისტემის თავისებურებებს, არამედ გლობალურ პრობლემებსაც. ქართული სამთავრობო დელეგაციის ყოფნა დავოსის ფორუმზე მხოლოდ სიმბოლურ აქტად მიმაჩნია. თუ გვინდა, ჩვენი ფსევდორეფორმები "შევასაღოთ" მსოფლიოს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რეალურად ჩვენ შესათავაზებელი ამ თავყრილობისათვის არაფერი გვქონია. იქ ისეთი გლობალური საკითხები განიხილეს, რომელზეც მშვენიერ ქალბატონ ქობალიას თვალსაზრისი არც უნდა ჰქონდეს, ყოველ შემთხვევაში ამ თვალსაზრისს ქართველი საზოგადოება არ იცნობს.
- დავოსში ჩვენმა დელეგაციამ გამართა პრეზენტაცია, სადაც ბატონმა გილაურმა საქართველო ასეთი ეპითეტით შეამკო: "ინვესტორებისათვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს პირველ ოცეულშია საუკეთესო ბიზნესგარმოსა და პოლიტიკური გამჭვირვალობის მხრივ"...
- მაქვს პატივი, ვიცნობდე ბატონ გილაურს. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წევრები ვიყავით 1990-იანი წლების დასაწყისში. ბატონი ნიკა გილაური კარგი პიროვნებაა, ბეჯითი და ნიჭიერი, მაგრამ არ არის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელი. უკეთეს შემთხვევაში ის გახლავთ ქვეყნის პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე და ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი განხორციელებული ცვლილებებისა, რომლებსაც ისინი რეფორმებს უწოდებენ. აქედან გამომდინარე, ნიკა გილაურის განცხადებები პროპაგანდისტული მესიჯებია და სხვა არაფერი. როგორ შეიძლება იმ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ქება, სადაც საქმიან ადამიანს არ შეუძლია წავიდეს ევროპაში, იპოვოს საქართველოში ინვესტიციების ჩადების მოსურნე პიროვნება, ჩამოიყვანოს და საქმე დააწყებინოს, თუ არა აქვს ნებართვა ხელისუფლების მაღალი ეშელონებისაგან? ვინმემ დამისახელოს ერთი მაგალითი, როდესაც ერთი, თუნდაც საშუალო მასშტაბის კერძო ინვესტიცია ისე განხორციელდა, რომ მას არ "კრიშავდნენ" ხელისუფლების გავლენიანი პირები? ჩვენ არ გვაქვს ღია ბაზარი, კარგახსნილი ეკონომიკა, აქ არ შეუძლია შემოსვლა საქმის მკეთებელ ადამიანს, ის აუცილებლად ვინმემ უნდა შემოიყვანოს. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი საინვესტიციო გარემოზე და ჩვენი ეკონომიკის თავისუფლებაზე, გადაჭარბებულად მიმაჩნია.
- ბატონმა გილაურმა რამდენიმე ციფრი დაასახელა. მათ შორის ის, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6,5 პროცენტით განისაზღვრა.
- ადრეც მითქვამს, რომ მსგავსი ციფრების ნდობა ბნელ ოთახში ხელის ცეცებით სიარულს ჰგავს, ვინაიდან ეს ციფრები ჩვენი სტატისტიკის უწყების მონაცემებს ემყარება. ამ ციფრების მიხედვით მსჯელობას ვერ დავიწყებ, რადგან ისინი მიღებულია სამთავრობო უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის კეთილსინდისიერებაშიც ეჭვი მეპარება. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება იმდენი პროცენტით, რამდენითაც ხელისუფლების პირველი პირები და ჩვენი მთავარი ეკონომიკური სტრატეგი, ბატონი ბენდუქიძე მოისურვებენ.
დავოსის ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ უნდა დაძლიონ უთანაბრობა დასავლეთსა და განვითარებად, მშიერ სამყაროს შორის, როგორ გაზარდონ მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კატასტროფულად დაბალია. აი, ამ წინააღმდეგობებზე უნდა ვიმსჯელოთ, ეს არის მთავარი და არა ის, თუ ღვთისა და კაცისაგან მიტოვებული კავკასიის ავტორიტარი მმართველები რას იტყვიან და რით მოიწონებენ თავს. როდესაც ევროპა ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე ფიქრობს, საოცარ წარმატებებზე ლაპარაკობენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, რასაკვირველია, ენამზეობაში მათ არც ქართველები ჩამორჩებიან, თუმცა მკითხველი, ალბათ, დამეთანხმება, რომ მთავარი რეალობაა და არა ციფრები.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)






















