საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი აბსოლუტურად არ არის, - ამის შესახებ "ლა ტრიბუნთან" ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა.ქობალიას თქმით, საქართველოსთვის რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება სასარგებლოც კი არის. იმ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ რა პრობლემების წინაშეა ორი ქვეყანა.
"თუმცა, რუსეთი, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი ხდება, ვალდებულია მომავალში მისი წესები და ნორმები დაიცვას. ანუ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე საბაჟო კონტროლი უნდა აღდგეს, რომელიც საერთაშორისო დონეზე კერძოდ, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ იქნება აღიარებული", - განაცხადა ქობალიამ.
მისივე თქმით, ეს არის ეკონომიკური და არა პოლიტიკური მოთხოვნა. "საზღვარზე გადასატანი ტვირთი უნდა მოწმდებოდეს ისე, როგორც მაგალითად, ფინეთ-რუსეთის საზღვარზე", - განაცხადა ქობალიამ. მოლაპარაკებები რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ 12 სექტემბერს შვეიცარიაში გაიმართება.
"ინტერპრესნიუსი"






















