ქალბატონ მინისტრს, როგორც ჩანს, ჩვენი პატიმრები არასრულფასოვან ადამიანებად მიაჩნია, ანუ რა საჭიროა წიგნი, როცა "კომბიჟირი" არსებობსგამომცემლობა "პალიტრა L"-ი, რაც უნდა გასაოცარი იყოს, ქველმოქმედების უფლების მოსაპოვებლად იბრძვის, საქმე პატიმრების წიგნებით უზრუნველყოფას ეხება. "პალიტრა L"-ი მზადაა, ბოლო წლებში გამოცემული რჩეული წიგნები საჩუქრად გადასცეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, თუმცა ამ კეთილშობილურ საქმეში გაუგებარ წინააღმდეგობას აწყდება. არადა, უცნაური ის არის, რომ თავის დროზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სიხარულით შეხვდა ამ იდეას.
თიკო ასათიანი, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორი: "ჯერ კიდევ 2011 წლის დასაწყისში გამოვთქვით ქველმოქმედების სურვილი, რასაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლები მიესალმნენ და მოითხოვეს სასაჩუქრე წიგნების სია, რადგან ციხეებში ყველა სახის ლიტერატურის შეტანა აკრძალულია. ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ 2011 წლის მარტში შევასრულეთ. გვინდოდა პატიმრებს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ავტორების წიგნების წაკითხვის საშუალება მისცემოდათ და ამიტომ მრავალფეროვანი წიგნების სია შევადგინეთ. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, რა შვებას მოჰგვრის მსჯავრდადებულებს აგატა კრისტის, კონან დოილის, ჯეფრი ჰადსონის, არტურ ჰეილისა და სხვათა ნაწარმოებების წაკითხვა.
როგორც აგვიხსნეს, ამას ხელი მაშინ სააღდგომო ღონისძიებებმა შეუშალა, შემდეგ ადმინისტრაციის მოუცლელობამ, მერე კი სხვადასხვა, ხშირად გაურკვეველი მიზეზითაც გადაიდო ეს საქმე.
ამასობაში პროზის საგანძურის გამოცემა დავასრულეთ (რომელიც 63 ტომისგან შედგება), სია სამინისტროს გადავუგზავნეთ და კვლავაც მზადყოფნა გამოვთქვით, ციხეების ბიბლიოთეკა დაახლოებით 500 საუკეთესო წიგნით გაგვემდიდრებინა. სამინისტროდან გვაცნობეს, თათბირზე თქვენი იდეა განვიხილეთ, რაც მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ძალიან მოიწონა და გადაწყდა, ეს ღონისძიება სხვადასხვა მედიასაშუალებითაც გაშუქდესო. რასაკვირველია, არც ამის საწინააღმდეგო გვქონდა არაფერი. მოკლედ, საქველმოქმედო ღონისძიება 26 მაისისთვის დაიგეგმა, მაგრამ ამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა შეუშალა ხელი ჩვენი იდეის ხორცშესხმას. მაშინ ციხეები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მოგვიანებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მედიაჰოლდინგში შემოსავლების სამსახური შემოვიდა და ქველმოქმედებისთვის ნაკლებად გვეცალა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციას კვლავ მივწერეთ წერილი და საქველმოქმედო აქციისთვის მზადყოფნა გამოვთქვით. ისიც ვაცნობეთ, რომ ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა აქციის ტელევიზიებით გაპიარებას. მხოლოდ სიკეთე გვინდოდა გაგვეკეთებინა. უწყებიდან გვაცნობეს, 11 ან 12 ივნისს დაგირეკავთო, მაგრამ ამ პერიოდმაც უშედეგოდ ჩაიარა.
იხილეთ ვრცლად






















