ბოლო ხანს თანამედროვე ქართულ პოეზიაში ორიგინალური და საინტერესო ავტორი გამოჩნდა - კატო ჯავახიშვილი. ახლახან მან მესამე კრებული გამოსცა და პოეზიის მოყვარულთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა. დღეს კატო "წიგნის თაროს" სტუმარია:- წიგნი ადამიანს ჰგავს: გარეკანი - გარეგნობას; შიგთავსი - სულიერებას; გადაგდება - სიკვდილს. წიგნთან შეხვედრაც ასეა: საჭირო დროს, საჭირო გარემოში უნდა დაიმგზავრო, თორემ, აბა, წარმოიდგინე, აი, ახლა მე რომ "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს" ვკითხულობდე, ხომ სასაცილო იქნება? ადამიანი ბოლოს მაინც პირველყოფილებას დაუბრუნდება. მოსწყინდება ცივილიზაციის ტყვეობაში ყოფნა და ბუნებას მოძებნის. და თუ დღეს წიგნი აღარ არის მოდური, რადგან მისი ადგილი ცივილიზაციის სხვა გასართობებმა დაიკავა, ეს დროებითი მგონია. ბოლოს მაინც ყველა სიტყვასთან დაბრუნდება, რადგან "პირველად იყო სიტყვა" და სიტყვა არის ღმერთი.
- ბავშვობის წიგნებზე, პერსონაჟებზე, ემოციებზე მოგვიყევით...
- ცუდი დრო იყო. გარეთ - ყაჩაღობა და ჩაბნელებული ქალაქი. შინ - სიცივე და "კერასინკაზე" გაფიცხებული პურები. მთვარის შუქზეც წამიკითხავს. იყო ძალიან ბევრი წიგნი. ზოგიერთი დღესაც უწინდებურად ძვირფასია ჩემთვის, - ფერი არ გასვლია, დროს გაუძლო. რომელი ერთი დაგისახელოთ... ბავშვობაში წაკითხული ყველა წიგნი მახსოვს. ძმები გრიმების ზღაპრებიდან დაწყებული, "პატარა უფლისწულით" დამთავრებული.
- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა ნაწარმოებმა დაგიტოვათ?
- ჩემი, ასე ვთქვათ, სამაგიდო წიგნები გამუდმებით იცვლება, თუმცა არიან ავტორები, რომლებიც ჩემთვის დავიტოვე. ძალიან მიყვარს ბორხესი.
ერთხელ თურმე ბორხესი ქუჩაში მიდიოდა და თაყვანისმცემელი მივარდა:
- თქვენ ხომ ბორხესი ხართ?!
- ხანდახან! - უპასუხა მან.
დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ესმოდა თავისი პიროვნების რაობა და მნიშვნელობა.
ძალიან მიყვარს ფოლკნერის "დათვი", "ხმაური და მძვინვარება", "აგვისტოს ნათელი". ჯოისის "ულისე" რომ წავიკითხე, კარგა ხანს გაოგნებული დავდიოდი. მიყვარს თომას მანი, დოსტოევსკი და კიდევ ვიღაც-ვიღაცები...
- რომელი პერსონაჟია კატო ჯავახიშვილი?
- არის ასეთი პერსონაჟი - კატო ჯავახიშვილი. არ ვიცი, სხვა წიგნის გმირებთან აქვს თუ არა რამე საერთო, მაგრამ ის ამ დროში, ამ ეპოქაში შეიქმნა და მისი ისტორია ჯერ კიდევ იწერება. ხოლო როცა ეს ისტორია დასრულდება, დარჩება ამბავი, სადაც პერსონაჟიც თვითონ იქნება და ავტორიც.
- თანამედროვე ლიტერატურაზე რას ფიქრობთ? რა აკლია ან რა აქვს განსაკუთრებული?
- როცა ცოცხალი კლასიკოსები დადიან შენ გვერდით, დანაკლისზე როგორ უნდა ილაპარაკო? საზოგადოდ კი, ბევრი რამ აქვს განსაკუთრებული და ბევრიც აკლია. სრულყოფილება ხომ ფარდობითი ცნებაა, მაგრამ ჩვენ, ადამიანები, მაინც მას ვეძებთ. პოეზია, ალბათ, წაშლის საზღვრებს და დროს აიდევნებს. აქამდე ის ან უსწრებდა დროს, ან უკან მისდევდა. სხვა მხრივ კი ბევრია ნიჭიერი. ბოლო ხანს ვამჩნევ, რომ ახალ-ახალი პოეტები ჩნდებიან. ეს კარგია - ნიშნავს, რომ ხალხს ლიტერატურა ჯერ არ მოსწყენია.
- როგორ მოვიდა კატო ჯავახიშვილთან ლექსი?
- მგონი, მე მივედი მასთან. აი, ერთ მშვენიერ დღეს ავდექი და მივედი. ეს მოხდა მაშინ, როცა პირველი კრებულის შემდეგ საკუთარ თავს ვკითხე: რისი თქმა მსურს მკითხველისთვის? რისი გაღება და შეწირვა შემიძლია საკუთარი ცხოვრებიდან? პასუხი არ იყო. იყო მინიშნება - ლექსი.
- ყველაზე დიდი გავლენა თქვენზე ვისმა პოეზიამ მოახდინა?
- არიან პოეტები, რომლებსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და არიან ისეთებიც, ჩემად რომ მიმაჩნია. ეს სხვადასხვა რამ არის. რუსთაველი, გურამიშვილი, გალაკტიონი ქართული პოეზიის ქვაკუთხედები არიან. ვაჟა - ჩემი მთაა.
- თქვენ შესახებ ბევრმა არ იცის...
- ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. ისევე, როგორც შენ, ის, სხვები... გული მწყდება, რომ ბოლომდე თავისუფალი ვერ ვარ. ყოფითი პრობლემები თავისას მოითხოვს. ვმუშაობ ერთ-ერთი კომპანიის პრესსამსახურში. მყავს შვილი - 12 წლის გიო და მისი სახელი ჰქვია კიდეც ჩემს ცხოვრებას. მეც ისევე მიყვარს, როგორც შენ, ისევე მშია, მცივა და მტკივა...
რომ არა ლექსი, რომ არა გარემო, რომ არა ვალდებულება, ალბათ, ბოშა ვიქნებოდი, სადმე კარვის პირას ვიჯდებოდი, ყალიონს გავაბოლებდი და სულ ფეხებზე მეკიდებოდა მაღალი მატერიებიცა და გაჩახჩახებული ქალაქიც. ეს იქნებოდა კიდეც ჩემი უდიდესი სათქმელი - თავისუფლება.
- ახალი კრებულის გამოცემას ხომ არ აპირებთ?
- ახლახან გამოვიდა ჩემი მესამე კრებული - "ჭუპრი". სახელწოდების გამო ბევრი კითხვა გაჩნდა და აქაც ვიტყვი: ადამიანს იმისთვის მიეცა სიცოცხლე, რომ სიკვდილი კი არ შეაჩვენოს, გვერდით მოისვას, ემეგობროს და თან ატაროს. სიცოცხლე არაფერია... ზოგი დაბადებასაც ვერ ასწრებს, ისე მიდის ამ ქვეყნიდან. ამჟამად დიალოგების წიგნზე ვმუშაობ, რომელიც, ალბათ, წელს გამოიცემა. პოემასაც ვწერ, მაგრამ მას ჯერ ბოლო არ უჩანს..
- რის წაკითხვას გვირჩევს კატო ჯავახიშვილი?
- ჩვენთან ისედაც დაგვიანებით შემოდის წიგნები, თარგმანის პრობლემაა, ამიტომ ჩემს თავსაც და თქვენც გირჩევთ, სახელები და გვარები კი არა, წიგნები წავიკითხოთ, ნამდვილი წიგნები...
კავი გამოგდე. წელკავი გაქვს. მალე ყავარჯნებს დავეყრდნოთ. უნდა.
ნეკნებს დაუთვლის ზამთრისპირი ქუჩის გასწვრივ მდუმარე ხეებს.
სადარბაზოდან - ხმელი ბიჭი. სცივა. უქუდოდ გამობლაყუნდა.
გაჩერებაზე - მუნჯი გოგო. სცხელა. თოვლიან ხელებს შემოხვევს.
ერთი ნაბიჯით წინ წავედით. ქარი. ნოემბრით სავსე მაქვს პირი.
ბანკომატებთან ჩვენს ზურგს უკან - წვიმა. ჩხრიალებს ასფალტზე ხურდა.
გზები. ჩვენ შორის მანძილია. გრილა. უვადოდ ვაპირებ ტირილს.
უცებ მხარს იქით მავიწყდები. მტვერი. და ქარი მფანტავს და მხუთავს.
სახრჩობელებთან რიგებია. ხალხი. ბაწარი გავწყვიტე. ორფა.
ვადაგასული საკვები აქვთ. სახლი ოთახებს ფანჯრიდან ისვრის.
უცებ მხარს იქით მახსენდები. თბილა. ქუჩაში ნაცნობ ნატერფალს
ერთი ნაბიჯით წინ ვპოულობ - შიში. ჩვენ ორნი გვამების მეჯლისს
ერთი სიცოცხლით წინ ვესწრებით. მშია. ხელები შემახე. თოვლი.
კავი გამოგდე. წელკავი გაქვს. მალე ყავარჯნებს დავეყრდნოთ. უნდა.
ზურგს უკან მთელი სამყაროა.
ანუ - მე მოსვლას მუნჯურად გთხოვდი.
წინ - ცარიელი რვეულები.
როცა მე წასვლა ხმაურით მსურდა.
დავით ოქრუაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)






















