ბრიტანელმა მწერალმა, კეროლაინ სმეილსმა თავისი რომანისთვის - "99 მიზეზი, რატომ" (99 Reasons Why) 11 დასასრული დაწერა. წიგნის მხოლოდ ელექტრონული ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. გაზეთ The Independent-თან საუბარში ავტორმა აღიარა, რომ ის ყველა მკითხველის გემოვნების დაკმაყოფილებას შეეცადა, მათ სასურველი ფინალის არჩევა შეეძლებათ.
სმეილსს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მისი ნაწარმოებები ტრაგიკულად მთავრდება, ამიტომ მან იმ ტექნიკური თავისუფლების გამოყენება გადაწყვიტა, რომლის საშუალებასაც ელექტრონული წიგნები იძლევიან.
მკითხველი ნაწარმოების დასასრულს რომ მიუახლოვდება, ფინალის ნებისმიერი ვერსიის ამორჩევა შეეძლება. ამისთვის ნაწარმოების პერსონაჟების შესახებ დასმულ რამდენიმე შეკითხვას უნდა უპასუხოს. ამასთან, შესაძლებლობა ექნება დასასრულის თერთმეტივე ვარიანტს გაეცნოს.
რომანი "99 მიზეზი რატომ" - ოჯახური დრამაა. წიგნი ეძღვნება ქალს, რომელსაც სახლიდან გამოსვლა არ შეუძლია და სამყაროს მხოლოდ საკუთარი საძინებელი ოთახიდან უცქერს. მთავარი გმირის ოჯახი კი, ამ დროს, კრიმინალურ გზას დაადგება.
გამომცემლობა HarperCollins წიგნს 2012 წლის მარტში გამოუშვებს.
მომზადებულია The Independent-ის მიხედვით.






















