"...ძველო თბილისო! დღეს ისე მკვეთრად/ ვეღარ შეგაქებ... არ მაქვს უნარი../ მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემთან ერთად/ დარჩები მუდამ გაუხუნარი"... და კვლავ შეხვედრა ძველ ქალაქთან - დუდუკით, ზურნით, ჭიანურით, თარით, საზით, დაირითა და დიპლიპიტოთი გაცოცხლებული ბოჰემური ცხოვრება, ქალაქური პოეზიით გაჯერებული მოგზაურობა XIX საუკუნის თბილისის უბნებში, დღეობები, შეჯიბრებები, ცეკვა, სიმღერა და პოეტის ორი დიდი ვნების - პოეზიისა და თბილისის შეხვედრა "ჩემი რჩეულის" მორიგ ტომში - ჟურნალ "გზასთან" ერთად იოსებ გრიშაშვილის ოთხტომეულის მესამე ტომში მწერლის უნიკალურ მხატვრულ მონოგრაფიას - "ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემასა" და "ალექსანდრე ჭავჭავაძეს" წარმოგიდგენთ.
მაგრამ ვიდრე წიგნს გადაშლით, ჩვენეულ პროლოგად იოსებ გრიშაშვილის დისშვილის შვილთან, მისი სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორ, ბატონ ნოდარ გრიგორაშვილთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ თბილისის უძველესი უბნიდან - ხარფუხიდან.
- აქ ადრე ძველი ორსართულიანი სახლი იდგა. დაბლა ჩვენ ვცხოვრობდით, მაღლა კი იოსებს ორი ოთახი გატენილი ჰქონდა წიგნებითა და საარქივო მასალით ანუ რაც 1940 წლამდე შეიძინა, აქ ინახებოდა. მერე, 1940 წელს, რუსთაველის 2-ში ბინა მიიღო და გადავიდა, ეს ნივთები კი ჩაკეტა. ხანდახან მოდიოდა, დახედავდა ხოლმე, ოთახებს გაანიავებდა, გასაღებს კი არავის ანდობდა. დანარჩენი წიგნები მას შემდეგ შეიძინა, კოსტავას ქუჩაზე ბინა რომ მიიღო. ბუკინისტებთან მიდიოდა, მოსკოვიდან, ლენინგრადიდან იწერდა იშვიათ გამოცემებს. ხანდახან ბუკინისტებს თვითონ მოჰქონდათ მასთან და ასე შეაგროვა უიშვიათესი გამოცემები. მოგვიანებით აქ ძველი სახლი დაანგრიეს და მის ადგილას ეს ახალი სახლი ააშენეს.
მეორე სართულზე დარბაზიც გაკეთდა და დაიწყეს ინვენტარიზაცია, რისთვისაც ამ საქმის სპეციალისტები, მაჭავარიანი და ნაკაშიძე მოიწვიეს. მახსოვს, ბევრ წიგნს თავფურცელი აგლეჯილი ჰქონდა და ავტორის სახელი და გვარი არსად ეწერა. გასაგები იყო, რომ რომელიღაც რეპრესირებულ მწერალს ეკუთვნოდა. როგორც ჩანს, ეშინოდა იოსებს მისი გამოჩენის, წიგნი კი გადასაგდებად ენანებოდა და ამიტომაც მხოლოდ მწერლის გვარს შლიდა. მიუხედავად ამისა, ინვენტარიზაციისას, როცა ვეკითხებოდი, მყისვე მპასუხობდა, ვისი დაწერილი იყო ის კონკრეტული წიგნი. ხანდახან ავადმყოფობის გამო ითიშებოდა ხოლმე, მაგრამ მაინც იხსენებდა გვარებს. ჩვევად ჰქონდა, ორი ერთნაირი წიგნი ეყიდა. ერთს სუფთად ინახავდა, მეორეს კი სამუშაოდ იყენებდა. როდესაც ბრიგადა ამუშავებდა წიგნებს, მის 80 პროცენტზე იოსების მინაწერები, მითითებები, შენიშვნები ანუ მთელი გამოკვლევა იყო. ამას გარდა, შიგნით, ფორზაცებზე ჰქონდა ჩაკრული იმ კონკრეტულ წიგნზე დაწერილი ყველა რეცენზია.
- მართალია, რომ ამბობენ, წიგნს არასდროს ანათხოვრებდაო?
- ჩანაწერი აქვს, ახლობელს 2 დღით ვათხოვე წიგნი, იმ დროში რომ არ მომიტანა, მივაკითხე და ბოლომდე არ ჰქონდა წაკითხული. ტალანში დაველოდე, ვიდრე დაასრულებდა და მერე შინ წამოვიღეო. გამოდის, რომ ხანდახან ათხოვებდა ხოლმე, მაგრამ დროულად უნდა დაებრუნებინათ. ასე რომ არ მოქცეულიყო, ამ ფონდს ვერ შექმნიდა. მაგალითად, აქ 1629-1920 წლების ჩათვლით გამოცემული ქართული წიგნების ბიბლიოგრაფია შეადგინეს. 240 დასახელების უნიკალური წიგნი მხოლოდ ამ ბიბლიოთეკაშია დაცული, ისევე, როგორც 1920-იანი წლების ქართული და რუსული პრესის ნაწილი. გარდა ამისა, ამ მუზეუმში უამრავი უნიკალური ეთნოგრაფიული ნივთია, თუნდაც ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები, მასალები, ძველებური ვერცხლის ქამარ-ხანჯლები, მონეტებისა და ქაღალდის ფულების, ქართული და აღმოსავლური საკრავების კოლექციები, უძველესი აფიშები, პროგრამები, სამუზეუმო სიძველეები, სულ - 100 ათასამდე ერთეული. სხვათა შორის, ბევრი სარგებლობს აქ დაცული ნივთებით, ოღონდ, გატანის უფლება არავის აქვს.
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ არ აღმოაჩნდებათ ხოლმე, მკითხველს ჩვენთან გზავნიან. მახსოვს, კარგა ხნის წინ, ზამთრის თოვლიან ამინდში ხელჯოხიანი მოხუცი კაცი ამოვიდა მუზეუმში. ძველი პარტიული მოღვაწე ვარ და პერსონალურ პენსიას არ მიმტკიცებენ, რადგან დამადასტურებელი საბუთი ვერ წარვუდგინეო. თურმე უმტკიცებდა, 1918 წელს თბილისში ჟურნალი გამოდიოდა, სადაც რევოლუციურ ლექსებს ვწერდიო, მაგრამ არ უჯერებდნენ. არადა, იმ ჟურნალის ერთადერთი ნომერი მხოლოდ ჩვენთან ინახებოდა. მოხუცმა გადაუღო ფოტო ჟურნალს და მოგვიანებით დამირეკა, პენსია დამიმტკიცესო (იცინის). - თუ შესწრებიხართ, როგორ მუშაობდა იოსებ გრიშაშვილი?
- ბავშვი ვიყავი, აქ რომ მოდიოდა ხოლმე და მის მუშაობასაც არ შევსწრებივარ. მიამბობდნენ, მუზა რომ მოუვიდოდა, ჩაიკეტებოდა ოთახში, ხელი რომ არავის შეეშალაო. მგონი, უფრო დილის საათებში წერდა. დაზუსტებით ვერ გეტყვით, როგორ წერდა თუნდაც "ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემას", მაგრამ ვისაც ძველი თბილისის გაცნობა სურს, სამაგიდო წიგნად უეჭველად გამოადგება. აქ ყველაფერს წაიკითხავს: მხატვრულად აღწერილ ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრებას, მოსახლეობის ადათ-წესებს, ჩვევებს. ყველა პოეტს პირადად იცნობდა, ვისი ცხოვრებაც აქ აღწერა იოსებმა, - გიორგი ი. სკანდარნოვსაც და იეთიმ-გურჯსაც, რადგან ორივენი ხარფუხელები იყვნენ.
ბოლო წლებში "ბოჰემა" სამჯერ გამოიცა: ორჯერ აქ და ერთხელ გერმანიაში, გერმანულ ენაზე. 2 წლის წინ კანადიდან გვეწვია პროფესორი, - ტორონტოში ლექციებს ვკითხულობ და სკანდარნოვის შემოქმედებასაც ვასწავლი სტუდენტებს. მასზე თუ არის წიგნები, იქნებ მაპოვნინოთო. გამიკვირდა. საქართველოში ბევრს "ბოჰემა" არ წაუკითხავს და ამ კაცის შესახებაც არაფერი გაუგია, ვიღაც პროფესორი კი კანადაში ასწავლის მის შემოქმედებას (იცინის)! რასაკვირველია, დავეხმარე: ჩვენს ბიბლიოთეკაში ამ მწერლის 30-მდე გამოცემაა და ვუჩვენე. ხომ გაგიგონიათ სიმღერა, "ორთავ თვალის სინათლევ", ეს ლექსიც სკანდარნოვის დაწერილია.
- გესაუბრებოდათ ხოლმე ამ ადამიანებზე ან სხვა თემებზე?
- მათზე არა, სხვა თემებზე - კი. აკაკი წერეთელთან სტუმრობას იხსენებდა. ახალგაზრდები ვეწვიეთ და როგორც ღმერთს, ისე ვუყურებდით. იმან კი უწმაწური ანეკდოტების მოყოლა დაიწყო და ისე შეგვრცხვა, სახეში ვეღარ ვუყურებდითო, არადა, ხანდახან თვითონაც კი მიყვებოდა უწმაწურ ანეკდოტებს (იცინის). მახსოვს, ძალიან ემადლიერებოდა ვალერიან გუნიას, რადგან ობოლი იყო და მან გაუკვლია გზა ცხოვრებაში. იუმორისტულ ჟურნალს - "ნიშადურს" გამოსცემდა, თვითონ იყო რედაქტორი და 16 წლის იოსები დანიშნა თავის მოადგილედ. მიყვებოდა ხოლმე, ძირითადად, სარედაქციო სამუშაოს მე ვაკეთებდიო. ერთ ზაფხულს ბორჯომში ვისვენებდით ერთად. მისი მეუღლე და დეიდა ანი სადღაც წავიდნენ და მარტონი ვისხედით სასტუმროს აივანზე.
ირმა ხარშილაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)






















