საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი დაიწუნა

საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი დაიწუნა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი დაიწუნა. თბილისის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის ილია ათანასოვის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი 65 მილიონი ლარით არის გაზრდილი და იგი 850 მილიონ ლარს შეადგენს. ათანასოვმა სხდომაზე აღნიშნა, რომ 65 მილიონი ლარის ბიუჯეტი, ძირითადად, არაფინანსური აქტივობის კლების ხარჯზე, ანუ პრივატიზაციიდან შესული თანხებით გაიზრდება. ამ განცხადებას სხდომაზე დავა და სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა.

მერიის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობა – განახლებული თბილისის" თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი იცავდა, რის გამოც უმრავლესობის წევრმა მიხეილ ქავთარაძემ მას უოლ სტრიტის ფინანსური მგელი, ჰარი გუდინი და ილუზიონისტი უწოდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა კი ბიუჯეტის პროექტს გაუპატიურებული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ბიუჯეტი თუ დამტკიცდა, დაახლოებით 50 მილიონი ლარის გარღვევაა მოსალოდნელი.

სხდომის ბოლოს, ირაკლი შიხიაშვილმა განცხადება გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა ილია ათანასოვს ბიუჯეტის პროექტის წარდგენისთვის და დასძინა, რომ ამ ბიუჯეტმა "ნაციონალური მოძრაობა" ბოლომდე ამხილა. შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერს სურს ბიუჯეტი მხოლოდ ფურცელზე არსებობდეს და პროგრამების შესრულება მხოლოდ დაპირებებად დარჩეს.

მან ბიუჯეტის პროექტს დაგეგმილი საბოტაჟი უწოდა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც თბილისის მერიის ამჟამინდელი ხელისუფლების მემკვიდრე იქნება. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ამ ბიუჯეტის ავტორები გიგი უგულავა, სევდია უგრეხელიძე და ირაკლი აბესაძე არიან და მათ მოსახლეობის სახელით საუბრის უფლება არ აქვთ.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ყველა საბიუჯეტო განხილვაზე ბიუჯეტის პროექტი სხდომის წინ მინიმუმ 50-60 მილიონი ლარით იზრდება, რაც მარაზმია.

"ამ მარაზმს წერტილი უნდა დაესვას. ან გადადგებიან, ან იმის ხარჯზე, რომ ეგენი წავიდნენ, ჩვენც გადავდგებით, მაგრამ ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დავუჭერთ", - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა