ნაბახუსევის დამარცხების რეცეპტები მთელი მსოფლიოდან

ნაბახუსევის დამარცხების რეცეპტები მთელი მსოფლიოდან

ალბათ, რამდენი დაემსგავსებოდა ამ დღეებში "ხორველის ანგელოზს"?!, ჰო, სჩვევია, ზოგადად, ადამიანს (არამხოლოდ ქართველს!) გადაჭარბება სმაში და ლოგიკური შედეგიც იქვეა - "პახმელია".

არ გვითხრათ ახლა, აქამდე სად იყავი, პირველსა და ორში გვინდოდა დახმარებაო, მაგრამ არც თავად გვადგა კარგი დღე. ესეც რომ არ იყოს, ჯერ საჭმელ-სასმელი იმდენია დარჩენილი ჩვენი და ჩვენი ნათესავ-მეგობრების ოჯახებში, კიდევ მინიმუმ ორჯერ მოგვიწევს ნაბახუსევთან გამკლავება, ხოლო ძველით ახალ წელს ხომ ნამდვილად გამოწერილია "ხორველის ანგელოზობა"...

მოგიყვებით ნაბახუსევის დამარცხების რეცეპტებზე, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იყენებენ და ერთი-ორ ცნობილ მეთოდს თუ არ ჩავთვლით, უმრავლესობა საკმაოდ უცნაური და უცხოა:

რუსეთი - მწნილის წვენი

ალბათ, ეს მეთოდი ბევრ ქვეყანაში იციან და ყველას საკუთარი ჰგონია, თუმცა რუსები ამტკიცებენ, "პახმელიის" მწნილის წვენით მკურნალობა "იმენნა" ჩვენიაო.

მოკლედ, მწნილის წვენის მოქმედების საიდუმლო ისაა, რომ ის ერთდროულად "ორ ფრონტზე იბრძვის": უტევს გაუწყლოებას და აღადგენს მარილ-ელექტროლიტების დანაკარგს. თუმცა "წამლის" დოზა ზომიერი უნდა იყოს: მაქსიმუმ 1 ჭიქა.

გარდა ამისა, უნდა დარწმუნდეთ, რომ სვამთ მწნილის წვენს და არა მარინადისას.

ჰოლანდია - ლუდი

ასევე, ძალიან ცნობილი და პოპულარული მეთოდი, რომლის ავტორები, როგორც ჩანს, ჰოლანდიელები ყოფილან. განსაკუთრებულ რეკომენდაციას ისინი ცივ ლაგერებს აძლევენ, რითიც მოგეხსენებათ, ქვეყანა ძალიან პოპულარულია.

ძველი რომი - ლოკოკინები

თუ არ მოგწონთ ფართოდ გავრცელებული მეთოდები და ორიგინალური სიახლე გსურთ, აგერ, ბატონო, ძველი რომაელების მეთოდს მოგართმევთ.

როგორც ამბობენ, წინა დღით გამობრუჟული რომაელები დილით ლოკოკინებს იჭერდნენ, ხელის გულით სრესდნენ და რაც ზედ რჩებოდათ, შუბლზე იზელდნენ. თურმე, თავის ტკივილი მაშინვე უამდებოდათ, მაგრამ რწყევას კი აშკარად ვერ შეიკავებდნენ, მით უმეტეს, ხელებზე მიჭყლეტილ ლოკოკინებს თუ გავიხსენებთ...

იტალია - ყავა

დავბრუნდეთ ჩვენს ეპოქაში - ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თანამედროვე იტალიელები უძველესი წინაპრებისგან განსხვავებით, შემდეგ წესს იცავენ: "ნებისმიერ გაურკვეველ სიტუაციაში დალიეთ ყავა"...

ჰოდა, გამონაკლისი არც ნაბახუსევია, რომელთან ბრძოლისთვისაც იტალიაში რეკომენდებულია ერთი ჭიქა მაგარი ესპრესოს ან რისტრეტოს დალევა. თუმცა ერთი ჭიქა რატომ, რამდენიც გინდათ, იმდენი...

გერმანია - დამარილებული ქაშაყი

გერმანელები ქაშაყისგან რულეტებს ამზადებენ, რომლის შიგთავსშიც სხვადასხვა მარინადს იყენებენ. სახელად ქაშაყის რულეტს როლმოპსს უწოდებენ, თუმცა მეტსახელი ბევრად უფრო საინტერესო და მრავლისმეტყველია - "ლოთაობის შემდგომი საუზმე".

ნორვეგია - ნაღები

ნაბახუსევთან ბრძოლის ყველაზე პოპულარული ნორვეგიული მეთოდი წარმოუდგენლად მარტივია, თუმცა არცთუ ისე ცნობილი - იქ "რთული ღამის" შემდეგ ამჯობინებენ, "ჟანგიან ხახანში" ცხიმიანი ნაღებით სავსე ჭიქა ჩაუშვან.

მთავარია, მეგობრებო ის, რომ ნორვეგიულ მეთოდს არ უნდა შეერწყას გერმანული, თორემ ჰოი, როგორ შედეგებს მოიმკით...

თურქეთი - კოკორები

მოდით, ჯერ ის ვთქვათ, რომ გვეეჭვება, თავად თურქების უდიდესი ნაწილისთვის იქნება უცნობი ნაბახუსევი, რადგან, მოგეხსენებათ, ალკოჰოლი იქ არც ისე პოპულარულია. თუმცა ამ უსიამოვნების დაძლევის მეთოდი ჩვენს სამეზობლოშიც სცოდნიათ და ახლავე გეტყვით, რაშია მისი თავისებურება:

კოკორეჩს თურქეთის ქუჩის სამზარეულოს მეფეს უწოდებენ. საუბარია კერძზე, რომელიც დაახლოებით შაურმის პრინციპით მზადდება, თუმცა გამოიყენება ცხვრის გული, ფილტვები და ასე შემდეგ.

მონღოლეთი - ტომატის წვენი სიურპრიზით

ეს რეცეპტი მხოლოდ და მხოლოდ იმათ გამოადგებათ, ვინც ზიზღიანი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვგონია და აი, რატომ: ცხვრის თვალი თავსდება ტომატის წვენით სავსე ჭიქაში და ერთბაშად იცლება.

რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი, ვერ გეტყვით და არც გვაქვს სურვილი, ოდესმე გამოვცადოთ!..

ამერიკა - ტომატის წვენი კვერცხის გულთან ერთად

ამ შემთხვევაში ამერიკელებმა უფრო მეტად დაინდეს ცხოველთა სამყარო და ტომატის წვენში მხოლოდ კვერცხის გულის გარევა მოიფიქრეს.

გარდა ამისა, წვენში უმატებენ: მარილს, წიწაკას, ტაბასკოსა და ვუსტერშირის სოუსებს და ამჯერადაც სასმისი "პაციენტმა" ერთბაშად, შესვენების გარეშე უნდა გამოცალოს.

დიდი ბრიტანეთი - სენდვიჩი ბეკონით

ნებისმიერ სფეროში თავიანთი უცნაური აღმოჩენებით ცნობილი ბრიტანელი მეცნიერები არც ამ მიმართულებით მოიკოჭლებენ და ნაბახუსევზეც საკმაოდ უფიქრიათ. ასე მაგალითად, 2009 წელს ნიუკასლის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ნაბახუსევის საწინააღმდეგო ყველაზე საუკეთესო საშუალება არის სენდვიჩი ბეკონით. საქმე ისაა, რომ, როგორც ისინი განმარტავენ, ქონი დიდი რაოდენობით ამინომჟავებს შეიცავს, ხოლო პური და კეტჩუპი დასუსტებულ ორგანიზმს აუცილებელი ნახშირწყლებით უზრუნველყოფს.

ჩინეთი - მაგარი მწვანე ჩაი

ჩინეთში ალკოჰოლის მოყვარულებს ურჩევენ პრობლემებს ჟენშენის, სხვადასხვა მცენარის ნაყენითა და რაღა თქმა უნდა, ჩაით შეებრძოლონ.

ჰო - რაც მაგარი იქნება ჩაი, მით უკეთესიაო.

საფრანგეთი - ხამანწკები

დელიკატესს უწოდებენ ამ უცნაურ საკვებს და ჯანდაბას, ჩვენც ასე მოვიხსენიოთ - თქვენი ნაბახუსევის დამრაცხება, ჩემო ბატონო, დელიკატესითაც შეიძლება: ხამანწკა შეიცავს უამრავ ვიტამინს, მათ შორის, B1 და B2-ს ჯგუფებიდან, ასევე A და ჩ ვიტამინებს.

იაპონია - დაკონსერვებული ქლიავი

უი მე, ბოშო! ქლიავის დაკონსერვება რაღას ნიშნავს, ქვე შენი ჭირიმე?

იაპონელებს თუ ჰკითხავთ, გიპასუხებენ. დაკონსერვებულ ქლიავს უმებოში ჰქვია და მისწრებაა ნაბახუსევზეო...

ამ კერძის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებამ ცოტა დაგვაბნია - ეტყობა, ჩვენი "პახმელიაა" დამნაშავე და ლოგიკური დასკვნა ვერაფრით გამოვიტანეთ. საქმე ისაა, რომ უმებოში ითარგმნება, როგორც "გამომშრალი იაპონური ქლიავი", მაგრამ მზადდება პრუნუს მუმეს ჯიშის გარგარისგან.

კაცოო! თუ გარგარისგან მზადდება, ქლიავი რატომღა ჰქვია და თუ დაკონსერვებული ქლიავია, გარგარი რაღა შუაშია?!

გასკდა! გასკდა! გასკდა თავი!!!

ჰაიტი - ვუდუს რიტუალი

ახლა, მთლად თოჯინებს არ ჩხვლეტენ ხოლმე აქაურების ცოლები, თუმცა ზოგიერთი ისეთი პირით იწყევლება, ვუდუს რიტუალები "პასკა-პასკა გამოცხვის" თამაშს ჰგავს...

მოკლედ, თუ ზემოჩამოთვლილმა არც ერთმა მეთოდმა არ გაამართლა, ჩემო ბატონო, უკიდურეს ზომებს უნდა მივმართოთ - ჰაიტიზე "პახმელია"-ს სწორედ ვუდუს რიტუალით ებრძვიან: ეძებენ წინა საღამოს თუ ღამეს გამოცლილ ბოთლს, რომელსაც საცობს არჭობენ, ხოლო საცობში 13 ცალ შავთავიან ქინძისთავს უყრიან.

ამბობენ, ვისაც სჯერა, მეთოდი მასზე 100 პროცენტით მოქმედებსო, მაგრამ სხვებს კი გარისკვას არ ვურჩევდით - ვუდუ არა შმუდუ!..

მიხეილ სახვაძე

გაზეთი "ქრონიკა"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს