თორნიკე ჯგერნაიას საიუველირო გამოფენა-პერფორმანსი

თორნიკე ჯგერნაიას საიუველირო გამოფენა-პერფორმანსი

30 ნოემბერს სასტუმრო "Holiday inn"-ში ახალგაზრდა ხელოვანის თორნიკე ჯგერნაიას, იგივე თოროს საიუველირო გამოფენა-პერფორმანსი - "როცა სიყვარული საკმარისი არ არის" ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

პოდიუმზე მოდელებმა დიზაინერის შექმნილი სამკაულები ორიგინალური გზით წარადგინეს: მოდელები პოდიუმზე წყვილად გამოდიოდნენ და სამკაულებს შავ ნაჭერზე ათავსებდნენ, რომელიც თეთრ კაბაში გამოწყობილ გოგონას ეჭირა. მოგვიანებით გოგონა, რომელსაც მთელი ჩვენების განმავლობაში სამკაულებით ასაჩუქრებდნენ, ყველა ნამუშევარს თავად ირგებს. ამის შემდეგ სცენა ყვავილებით მორთულ ერთგვარ ტახტრევანს ემსგავსება, რომელზეც თეთრკაბიანი მოდელი წვება და გარდაცვლილ ადამიანს განასახიერებს. ოთხი მამაკაცი მას პოდიუმზე მიაცილებს - გოგონა ტახტრევანიდან დგება და ვიდეო ინსტალაციისთვის განკუთვნილი ადგილისკენ მიდის. დარბაზში სინათლე ქრება და გაშლილი კაბის ფონზე ვიდეორგოლი ირთვება, სადაც ომის, ტერაქტის ფრაგმენტები ჩანს. პერფორმანსის ბოლოს სტუმრებს საშუალება მიეცათ, სამკაულები დეტალურად დაეთვალიერებინათ.

გამოფენაზე ბეჭდები, საყურეები, ყელსაბამები და გულსაბნევები იყო წარმოდგენილი. ყველა ნამუშევარი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, თითოეული ნაკეთობა განსაკუთრებული და განუმეორებელია ესკიზითა და განწყობით. დიზაინერი ამბობს, რომ კონცეფტუალისტია და დღევანდელ პერფორმანსზე გაცოცხლებული 6 ისტორიიდან, ერთ-ერთი მისი პირადი ისტორიაა, მაგრამ პირადზე საუბარი არ უყვარს. მისი თქმით, დღევანდელი შოუ იყო ერთგვარი აქცია რადიკალიზმის წინააღმდეგ. აღიარებს, რომ პრეტენზიულია, როდესაც საკითხი ექსკლუზიური სამკაულის, საგარანტიო ნივთის შექმნას ეხება.

- გამოფენის იდეაა, რომ ხელოვნება არ არის ყოველთვის ტკბილი, ხელოვნება არ არის ყოველთვის ლამაზი, ხელოვნება შეიძლება იყოს ასეთიც. ხელოვანმა სათქმელი უნდა თქვას - ჩემი, როგორც კონცეფტუალისტის, დატვირთვაც ეს არის. აქედან გამომდინარე, ვცდილობ წელიწადში ერთხელ შევასრულო ეს მოვალეობა, მაგრამ კარგი ამბავია ის, რომ წელიწადში ორჯერ და სამჯერ მოვახერხებ ამ ყველაფერს.

- ეს არ იყო თქვენი პირველი გამოფენა-პერფორმანსი. რით განსხვავდება წინამორბედი შოუსგან და როგორ შეაფასებდით დღევანდელ ჩვენებას?

- განსხვავდება მასშტაბებით. გამოვიყენე 12 მოდელი, შარშანდელთან განსხვავებით, სადაც ერთი მოდელი მყავდა დაკავებული, "ჰიჩკოკის ჩიტებს" ვგულისხმობ. განსხვავებული იყო იმით, რომ ეს იყო ჩემი პირადი განცდის ისტორია. კონცეფტუალისტი ვარ; დიახ, ეს ყველაფერი ჩემი პირადი ემოციაა. ამ ყველაფერს საფუძვლად ჩემი ისტორია დაედო, რომელიც მხოლოდ მე მეხება, არ მიყვარს პირადზე საუბარი. ვფიქრობ, როგორც ხელოვანი, საზოგადოებას აინტერესებს, საიდან მოდის ჩემი კონცეფცია; ამიტომ გადავწყვიტე, მომეყოლა ჩემი პირადი იმ ფორმით, რა ფორმითაც შემიძლია. ვფიქრობ, რომ შევძელი, ვფიქრობ, რომ მოვყევი. როცა სიყვარული საკმარისი არ არის, საუბარია სუიციდზე, სამოსით მიხვდით, ალბათ. აქ გაცოცხლდა 6 ისტორია და მეექვსე ისტორია იყო ჩემი. რა თქმა უნდა, დაზღვეულნი არავინ არ ვართ, მე არ მიცდია თვითმკვლელობა, უბრალოდ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისე, რომ იყო ადამიანი, რომელმაც ამ ფორმით დაამთავრა სიცოცხლე. მე რადიკალიზმის წინააღმდეგი ვარ. სიყვარული აკლიათ ადამიანებს, ვინც თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს. ვიდეო არტი, რაც გოგონას კაბაზე გავიდა, ეს იყო ტრაგედიები, რომელმაც ჩემზე იმოქმედა. კადრებმა, რომლებიც მე შევარჩიე, ჩემზე და არა მხოლოდ ჩემზე, მოახდინა ემოციური გავლენა. ეს იყო ერთგვარი აქცია რადიკალების წინააღმდეგ.

- ერთია, როდესაც თქვენი შერჩეული კოლექციიდან სამკაულს ვიძენთ, მაგრამ მეორე, როდესაც ექსკლუზიურად კონკრეტული პიროვნებისთვის ქმნით ნამუშევარს. როგორ ახერხებთ სამკაულში მისი სტილი და ხასიათი გაითვალისწინოთ?

- ყოფილან დამკვეთები, რომლისგანაც შეკვეთა არ მიმიღია, იმიტომ რომ, ვარ პრეტენზიული, როცა ექსკლუზივზე, საგარანტიო ნივთის შექმნაზეა საუბარი, რომელიც არ უნდა განმეორდეს. აქედან გამომდინარე, ყველას არ ვუკეთებ. მაგრამ არის მეორე ხაზი, რომელსაც მე თვითონ ვქმნი მასიურად, თუმცა ვაკეთებ ძალიან იშვიათად. ძირითადად ვმუშაობ პირველ ხაზზე და თოროს დევიზია - "სამკაული, რომელიც ყველასთვის არ არის", იმიტომ კი არა, რომ ფენებად ვყოფ, ეს საერთოდ ხელშეუხებელია, აქ მუშაობა ძალიან რთულია და რთულია, ვინმე რომ ჩაერთოს. ეს არის ბოლომდე ჩემი - ერთი სამკაულის შექმნაში იმავე ენერგიას ვდებ, როგორსაც მთელი კოლექციის შექმნაში.

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება