ვინ გარდაქმნის ქართველ გოგონებს სექსუალურად და ვულგარულად...

ვინ გარდაქმნის ქართველ გოგონებს სექსუალურად და ვულგარულად...

საქართველოში ბოლო დროს დიზაინერები ძალიან მომრავლდნენ. თითოეული მათგანი ცდილობს, რაღაც ახალი და განსხვავებული შექმნას და საკუთარი მომხმარებელი გაიჩინოს. ზოგიერთი კი, იმაზე ოცნებობს, გზა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიკაფოს... ჩვენი რესპონდენტი კი პირიქით, ნიუ-იორკიდან საქართველოში საკუთარი მოდის სახლის შესაქმნელად ჩამოვიდა. რა გეგმები აქვს ამ სფეროში და რით ცდილობს ქართველი მანდილოსნების განებივრებას, ამას დიზაინერი ირაკლი კახნიაშვილი თავად მოგიყვებათ.

- ნაკლებად ცნობილი დიზაინერი ხართ, დიდი ხანია, ამ სფეროში საქმიანობთ?

- გეთანხმებით, საქართველოში ჯერ კარგად არ მიცნობენ. 15 წელი ნიუ-იორკში ვცხოვრობდი.

- ამერიკაში ცხოვრებისას მოდის სფეროში საქმიანობდით?

- არა, ნიუ-იორკში ამ საქმით არ ვიყავი დაკავებული. უბრალოდ, ჩემს ჩანაფიქრს იქ ჩაეყარა საფუძველი და საქართველოში საკუთარი იდეების განსახორციელებლად ჩამოვედი. კერძოდ, სურვილი მაქვს, საქართველოში ქალბატონებს თამამი ჩაცმის სტილი შევთავაზო.

- თამამ ჩაცმულობაში რას გულისხმობთ?

- სექსუალურად ჩაცმის სტილს. ეს იქნება ისეთ ქალბატონებზე გათვლილი, რომლებიც არ კომპლექსდებიან, თუ სხეულის რომელიმე ნაწილი იქნება გამოკვეთილი ისე, რომ სექსუალურად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს.

- გიფიქრიათ, რომ საქართველოში ამის დამკვიდრება გაგიჭირდებათ? იქიდან გამომდინარე გეკითხებით, რომ მქონდა შესაძლებლობა, თქვენი კოლექციისთვის თვალი გადამევლო. მართლა თამამი კოლექცია გაქვთ.

- დიახ, მესმის, რასაც მეკითხებით. ვიცი, რომ საქართველო ძალიან ტრადიციული ქვეყანაა და ადათ-წესებიდან გამომდინარე, ასეთი თავისუფალი ჩაცმის სტილი საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის მიუღებელია. თუმცა, მე მაინც ვეცდები. სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს ჩვენება, რომელსაც ერქმევა - "ბიზნესლედი". საქმიანი ქალის კოსტიუმებს წარვადგენ, ოღონდ - სექსუალური შტრიხებით.

- თქვენი კოსტიუმების ჩვენება თუ გქონდათ საქართველოში?

- ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც აქ დავბრუნდი. ბათუმში, კინოფესტივალის გახსნაზე, ჯილდოების გადამცემი გოგონები ჩემი კოსტიუმებით იყვნენ შემოსილი. "ირაკლეონის სახლი" (ასე ჰქვია მის მოდის სახლს. - ავტ.) ზრუნავდა მათ ჩაცმაზე. ერას მოედანზე ჩავატარე კიდევ ერთი ჩვენება. "ირაკლეონის სახლის" პირველი გრანდიოზული "პაკაზი" დაგეგმილია თბილისში, რომელიც ძალიან მალე გაიმართება.

- შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე რას გვეტყვით? რა არის ამ სეზონზე აქტუალური?

- ჩემი კოლექცია ამ სეზონზეც ძალიან თამამია. მოკლე და ტანზე მომდგარი სტილია დღეს აქტუალური. საქართველოში მოდის ტენდენციები სხვადასხვაგვარია. მინდა, ქართველ ქალბატონებში დავამკვიდრო ჩემი ხედვა, რასაც ჰქვია "თამამი ქალი". ეს იგივე "ვულგარული ქალია".

- თქვენი კოლექციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კოსტიუმების ძირითადი ნაწილი მუქ ტონებშია... ფერად სამოსს არ ქმნით?

- ჩემს კოლექციაში ცვალებადი ფერები იქნება. ვეცდები, მრავალფეროვანი და საინტერესო ჩვენებები მოვაწყო. ახლა ლეოპარდისორნამენტებიანი ქსოვილებით შექმნილი საღამოს კაბები მაქვს. ახალ კოლექციში ასევე აქტუალური იქნება შავი და წითელი, დომინირებული ფერები. რაც შეეხება სტილს - სექსუალურობა და ვულგარულობა უცვლელად დარჩება.

- თქვენ მიერ შექმნილი სამოსი ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის?

- მე ვქმნი კოლექციას, სადაც ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენი სამოსი, იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა არც ძალიან ძვირია. ჩემი კოლექცია საშუალო ფენისთვისაც ხელმისაწვდომია. ქართველმა მომხმარებელმა მიიღო ისე, როგორც უცხო და განსხვავებული, რომელსაც ბუტიკებში ვერ წააწყდება. უკვე შექმნილი მაქვს აქსესუარების დიზაინი და ახალი კოლექციის დასრულების შემდეგ მათ შექმნაზეც ვიმუშავებ. ასევე ფეხსაცმელი, ჩანთები, ქუდები - ეს ყველაფერი სამუშაო პროცესშია და ჩემი მომხმარებელი მალე იხილავს.

- ჩვენებისთვის მოდელ გოგონებს რა პრინციპით არჩევთ?

- ყველაზე მთავარი მოთხოვნა მოდელის შერჩევისას ჩემთვის არის მისი სითამამე, ვულგარულობა და სექსუალურობა, რათა მათი დახმარებით მკაფიოდ გამოიკვეთოს ამა თუ იმ სამოსის ეშხი და ხიბლი.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება