გიგა კვენეტაძე - ”ქეთა ყოველთვის გვერდით მიდგას, როცა მჭირდება”

გიგა კვენეტაძე - ”ქეთა ყოველთვის გვერდით მიდგას, როცა მჭირდება”

მომღერალი გიგა კვენეტაძე უკვე 5 წელია, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. როგორც ამბობს, უზარმაზარ ქალაქში ცხოვრებას მეგობრების დახმარებით მაშინვე აუღო ალღო. ცოტა ხანში საქართველოში ჩამოვა, თუმცა "ამბები.გე" მას მოსკოვში დაუკავშირდა.

- საქართველო ყოველთვის მენატრება, რადგანაც ეს არის ქვეყანა, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც ყოველი ქართველი მღერის და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. ამ ყველაფრის გამო, როგორ არ უნდა მოგენატროს საქართველო?

- უკვე წლებია, მოსკოვში ცხოვრობ. ორმაგი მოქალაქეობა ხომ არ მიიღე?

- რუსეთი მოქალაქეობას იანვარში მომცემს და ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთისა და საქართველოსი) მექნება.

- ცნობილი რუსი მუსიკოსებიდან ვისთან მეგობრობ?

- ძალიან ბევრი რუსი და რუსეთის მოქალაქე, სხვა ეროვნების წარმომადგენელი მეგობარი მყავს, რაც მეამაყება. რაც შეეხება ცნობილ ადამიანებს, შემსრულებლებს თუ ჯგუფებს, შემოქმედებითი ურთიერთობაც ბევრთან მაქვს. როგორც სოლო მომღერლებთან, ასევე ჯგუფებთან: "ა სტუდიო", "ჟასმინი", ნიკოლა ტიმოფეევი, რუსეთში მოღვაწე ქართველებიდან კი - დიანა ღურწკაიასთან, დავით კალანდაძესთან, დათო ხუჯაძესთან მაქვს ურთიერთობა. ასევე ვთანამშრომლობ ცნობილ პროდიუსერებთან, კომპოზიტორებთან და ტექსტის ავტორებთან.

- კონკრეტულად რას საქმიანობ?

- ვმუშაობ ხმის ჩამწერ სტუდიაში, რომელიც ქართული სკოლის (N1331) შენობაში მდებარეობს, სადაც იქმნება ჩემი ყველა კომპოზიცია. სტუდია ჩემი მეორე სახლია. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დათო ხუჯაძეს თანადგომისთვის და ასევე ამ სკოლის ყოველ თანამშრომელს, განსაკუთრებით, სკოლის დირექტორს.

- როგორც მითხარი, საქართველოში შვებულებით 10 აგვისტოს ჩამოდიხარ... აქაც კონცერტების გამართვას ხომ არ აპირებ?

- ალბათ დასვენება არ მიწერია. სულ შრომაში ვარ. რა თქმა უნდა, არის საინტერესო პროქტები, რომლის განხორციელებაც საქართველოში მინდა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი, რას ვიზამ, ვნახოთ.

- კმაყოფილი ხარ მოსკოვში ცხოვრებით?

- რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. აქ ვხედავ მომავალს და ჩემი შემოქმედებითი განვითარების პერსპექტივას. მოკლედ, ჯერ ყველაფერი წინ არის. ვვითარდები, როგორც კომპოზიტორი, მაგრამ როგორც სოლო შემსრულებელს, ჩემი სიტყვა რუსულ ესტრადაში ჯერ არ მითქვამს.

- როგორც გატყობ, საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებ...

- ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ჩემს მომავალს და კარიერას სხვა ქვეყნებს ვუკავშირებ, მათ შორის, რუსეთს.

- შენს პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლე ხომ არ არის?

- პირად ცხოვრებაში სიჩუმეა, მაგრამ მუზების ნაკლებობას არ განვიცდი…"ისინი სულ ჩემთან არიან" და წამითაც არ მტოვებენ. ჩემს ნებისმიერ სიმღერაში განსაკუთრებული ამბავი ცოცხლობს, რითაც ბედნიერი ვარ...

- სიმღერებს ვინ გიკვეთავს?

- ყველასთან ვთანამშრომლობ, მათ შორის, უცნობ მომღერლებთან. ასე რომ, ვერც გამოვყოფ, ვინ უფრო მეტ სიმღერას მიკვეთავს... მოკლედ, რუსეთში ცხოვრებამ ჩემს შემოქმედებით წინსვლასა და განვითარებას ხელი უფრო შეუწყო. ბევრი საინტერესო მეგობარი შემძინა, მათ შორის, როგორც ცნობილები, ასევე - უცნობები...

- როდესაც მოსკოვში მოღვაწე ქართველები დაასახელე, არ გიხსენებია მომღერალი ქეთა თოფურია. საინტერესოა, თუ დაგეხმარა უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრებაში?

- ქეთა თოფურია ჩემი უსაყვარლესი მეგობარია. ის ყოველთვის გვერდში მედგა და მიდგას, როცა მჭირდება. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. მინდა ჯანმრთელობა, ბედნიერება და მსოფლიო აღიარება ვუსურვო. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მსმენელსა და ჩემი შემოქმედების ყველა შემფასებელს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება