ვინ "გადააგდო" ზალიკო ბერგერი და რისი ჩუქება უნდა თინა ხიდაშელისთვის

ვინ "გადააგდო" ზალიკო ბერგერი და რისი ჩუქება უნდა თინა ხიდაშელისთვის

ზალიკო ბერგერი მრავალმხრივი საქმიანობით არის დაკავებული. ტანსაცმლის დიზაინერობის გარდა, ამზადებს აქსესუარებს, აწყობს საღამოებს, მონაწილეობდა იუმორისტულ შოუებში, არის კონკურსების ჟიურიში, იყო რადიოწამყვანი და ბოლო დროს საკუთარი თავი ტელეწამყვანადაც მოსინჯა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, "გადააგდეს".

-  გადაცემა "ტოპ გოგოს" ავტორი გიორგი კიკალიშვილი დამიკავშირდა, მითხრა, რომ გადაცემის იდეა ჰქონდა და წამყვანობა შემომთავაზა. ჩავწერეთ გადაცემის "პილოტი", შემდეგ უკვე - გადაცემა, კონტრაქტსაც მოვაწერე ხელი, თუმცა გადაცემა ახალი წამყვანით ისე გავიდა ეთერში, ჩემთვის არც მადლობა, არც ბოდიში არავის უთქვამს. თვითონ კიკალა ჩემს ტელეფონს არ პასუხობდა. ვერაფერი გავიგე.

-  კონტრაქტით სასამართლოს რატომ არ მიმართეთ?

-  სასამართლოში სიარული მეზარებოდა. ალბათ დიდ შედეგსაც ვერ მივაღწევდი, რომ პირობების მიხედვით ყველაფერი აენაზღაურებინათ. ვარსკვლავები პოპულარობას რომ ეძებენ და იაფფასიან რეკლამას იკეთებენ, ეს გზა ჩემთვის მიუღებელია და არ ჩავთვალე საჭიროდ.

-  გადაცემის წამყვანად სალომე ღვინიაშვილმა შეგცვალათ?

-  დიახ. რამდენადაც ვიცი, სალომე ღვინიაშვილი წამყვანად ამუშავეს და არც მას გადაუხადეს ჰონორარი. ახლა გამარჯვებული გოგონაც ჩივის. მან შეთანხმებული პრიზებიდან ვერაფერი მიიღო. ასე რომ, მე ყველაზე კარგად გადავრჩი. რომ მემუშავა, მთელი სეზონის გადაცემები ჩამეწერა და ხელფასი არ მოეცათ, უფრო ცუდი იქნებოდა. სხვათა შორის, ჩემს მეგობარსაც ასევე მოექცნენ, მისი სილამაზის სალონი სრულად გამოიყენეს და შემდეგ მადლობაც არ გადაუხადეს.

-  ამ ყველაფრის მიუხედავ­ად, გადაცემა ახლაც გადის.

-  ის, რაც დღეს ეთერში გადის, ძალიან მდარე ხარისხის გადაცემაა. დაბალი დონის კონკურსანტები არიან და არც საყურებლად არის საინტერესო. თავიდან ეს გადაცემა ცოტა სხვანაირად იყო ჩაფიქრებული. მე რომ ვყოფილიყავი წამყვანი, ბევრად კარგი იქნებოდა. უფრო ყურებადი, რეიტინგული და უკეთესი გამოვიდოდა. ახლა შემთხვევით თუ მოჰკრავს ვინმე თვალს.

-  ბოლო დროს კოლექციის ჩვენებას ხშირად აღარ მართავთ, არც მოდის კვირეულებზე გამოდიხართ...

-  საქართველოს მოდის კვირეულში ერთხელ მივიღე მონაწილეობა. ვთანამშრომლობდი, მაგრამ ახლა აღარ ტარდება. თაკო ჩხეიძესთან ვმეგობრობ და დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, მაგრამ თბილისის მოდის კვირეული დიდად არც არაფრის მომტანია - არც შუქდება, არც პოპულარულია. ქართული მოდის კვირეულები შერჩევითი პრინციპით ხელმძღვანელობენ. დიზაინერების ნაწილი ერთ კვირეულზე გამოდის, დანარჩენები - მეორეზე. მირჩევნია, ჩემი კოლექციების ჩვენებები პერსონალურად ვაკეთო, ვიდრე მოდის კვირეულის ფარგლებში. თუმცა საქართველოში მოდის კვირეული რომ ტარდება, მაინც კარგია, განსაკუთრებით დამწყები დიზაინერებისთვის. მოდის ღონისძიება ამ სფეროს პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ქართული მოდის კვირეულები იმითაცაა განხვავებული, რომ შეგიძლია, ზაფხულში ზაფხულის კოლექცია წარადგინო, ზამთარში - ზამთრის.

-  თქვენ უკვე დიდი ხანია დი­­ზაინერი ხართ. გამოდის, რომ ქართული მოდის კვირეულები ცნო­­ბილი დიზაინერების პირობებს ვერ აკმაყოფილებენ?

-  რაკი ერთ-ერთი პირველი ჩავერთე ქართული მოდის სფეროში და დიდი ხანია დიზაინერი ვარ, შესაბამისი გამოცდილება და სახელი მაქვს, ამიტომ მოდის კვირეულებმა თვითონ უნდა შემიქმნან პირობები, რასაც ვერ აკეთებენ. მე არ მაქვს პუბლიკის შეკრების პრობლემა. ჩემ გარშემო ყველა სიამოვნებით ელოდება ჩემს ახალ ჩვენებას, ჩემ მიერ ორგანიზებულ ფართებს და უამრავი ხალხი მოდის.

-  ბოლო დროს გართობის სფეროშიც აქტიურად ჩაებით და წვეულებებს ხშირად აწყობთ...

-  სხვათა შორის, უკვე დიდი ხანია წვეულებაც არ გამიკეთებია. "ფართებს" ბავშვობიდან ვაწყობდი, როცა თბილისში ამის ნაკლებობა იყო. წვეულების გარეშე კოლექციის ჩვენებაც ვერ წარმომიდგენია. ამ დროს დიზაინერიც დაღლილია და გართობა უნდა. ჩემი აზრით, არა მხოლოდ ჩვენება უნდა იყოს დასამახსოვრებელი, არამედ მისი დასრულების შემდგომი "ფართიც". თბილისურ "ტუსოვკებს" ხშირად ვაწყობ. ქალაქი იზრდება, ახალი თაობა მოდის, ახალი მომღერლები ჩნდებიან, ბევრი კლუბი იხსნება. თბილისში ახსოვთ ჩემი და მაკა ასათიანის მიერ მოწყობილი "ტუსოვკები", სადაც მთელი ბომონდი იკრიბებოდა, ვისაც გართობა და გასართობ ადგილებში სიარული უყვარდა.

-  ახლა რაზე მუშაობთ?

-  პერსონალურ საზაფხულო ჩვენებას ვამზადებ. გასულ წელს ბავშვების ჩვენება მქონდა. ახლაც მინდა, დიდებთან ერთად პატარებიც გამოვიყვანო პოდიუმზე. შარშან ძალიან ლამაზი და კარგი ბავშვები მონაწილეობდნენ. პატარა მომღერლები აღმოვაჩინე, მარიამ და ნათია სვანაძეები და საბავშვო ჩვენების იდეა აქედან წამოვიდა. დები ჩემს ჩვენებაში მონაწილეობენ, ჩვენების დასასრულს მღერიან. ისინი საზღვარგარეთ საერთაშორისო კონკურსებზე გადიან და მიხარია, რომ ჩემი შეკერილი კაბები აცვიათ. როგოც ჩანს, ჩემს კოსტიუმებს წარმატება მოაქვს, რადგან თითქმის ყველგან იმარჯვებენ. ჩვენებას ძალიან უხდება ცოცხლად სიმღერა, ბოლო დროს ეს საზღვარგარეთაც დამკვიდრდა ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზე.

ასევე ვთანამშრომლობ ჩემს ძველ მეგობარსა და კოლეგასთან, ჰოლანდიელ დიზაინერ ტესა კუპსთან, რომელიც ბოლო პერიოდში უფრო პოპულარული გახდა ევროპაში. ხშირად დავდივარ ტესასთან და თბილისში მის ჩამოყვანას ვგეგმავ. მასთან ერთად ერთობლივი ჩვენების გაკეთებასაც ვაპირებ. ტესას ახალი, საზაფხულო კოლექცია აქვს. ჩემთვისაც ზაფხულის კოლექციაზე მუშაობა უფრო საინტერესოა. მიყვარს ზაფხულის ქალი, ჰაეროვანი კაბები და ქსოვილები. ასეთ კოსტიუმებზე მუშაობა მირჩევნია პალტოების შეკერვას.

-  მშვენიერი პროფესია გაქვთ, ტელეწამყვანობა რატომ გადაწყვიტეთ?

-  ვფიქრობ, ტელესივრცე და წამყვანობა მომიხდებოდა. ტელეგადაცემის წამყვანი სიამოვნებით ვიქნებოდი. ბევრი მეუბნება, რომ პოზიტიური ვარ და მაყურებელს სიამოვნებს ჩემი ეკრანზე ხილვა. რამდენჯერმე იუმორისტულ შოუში მივიღე მონაწილეობა და ძალიან მომეწონა. ასე რომ, უარს არ ვიტყოდი, ოღონდ აფერისტულ პროექტებში არ მინდა მონაწილეობა.

-  როგორც ვიცით, 90-იან წლებში რადიოში მუშაობდით...

-  90-იანი წლების მიწურულს დიჯეიდ ვმუშაობდი. მაშინ მუსიკალური რადიოტალღა ახალი დაარსებული იყო და ძალიან მომწონდა ამის კეთება. რადიოში ახლაც სიამოვნებით გავაკეთებდი საავტორო გადაცემას მოდასთან დაკავშირებით, ისეთს, რომელიც მსმენელისთვის მოსაწყენი არ იქნება. რამდენიმე იდეა მაქვს და ჯერჯერობით ვერ გავამხელ. როცა განხორციელდება, პირველს თქვენ მოგიყვებით.

-  პოლიტიკოსების ჩაცმულობა როგორ მოგწონთ?

-  მუდამ თვალში მხვდება თინა ხიდაშელი, მას სულ უკეთია საყურე, რაც ძალიან მომწონს, ეს აქსესუარი მეტ ქალურობას მატებს. სულ მინდა, მას ჩემი გაკეთებული საყურე ვაჩუქო.

პოლიტიკოსი მამაკაცები ძირითადად კლასიკურად იცვამენ და მათ ჩაცმით ვერ გამოარჩევ. ყოველთვის დახვეწილად და არათვალშისაცემად აცვია პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს. ეტყობა, რომ უბრალო და ძალიან დახვეწილი ქალბატონია და საზოგადოებას თვალში არ ხვდება ზედმეტად ძვირფასი ან გადაპრანჭული ჩაცმულობით, რისი ფინანსური შესაძლებლობაც მას ნამდვილად აქვს. ალბათ ამიტომაც არის, რომ ქალბატონი ეკას მიმართ საზოგადოება სიმპათიით არის განწყობილი.

საერთოდ, ამ ოჯახმა ბოლო დროს არა მხოლოდ საქართველო გააოცა. ბერამ მოახერხა თბილისში სტადიონის გავსება, რასაც ბევრი ცნობილი მომღერალიც ვერ ახერხებს, არათუ დამწყები. მას აცვია ისე, როგორც უნდა ეცვას მისი ჟანრის მიმდევარ მუსიკოსს. მისი სიმღერები და კლიპები დასავლურ დონეზეა გაკეთებული და ძალიან მომწონს.

ზაზა გიგაური

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"