ბაკურ ბაკურაძე: ”ნინო ბურჯანაძეს, როგორც დიზაინერი, არაფერს ვურჩევდი, ამ ნაწილში რჩევებს არ საჭიროებს”

ბაკურ ბაკურაძე: ”ნინო ბურჯანაძეს, როგორც დიზაინერი, არაფერს ვურჩევდი, ამ ნაწილში რჩევებს არ საჭიროებს”

თავიდან როგორც დიზაინერი ისე გაიცნეს, არადა, მოდის სფერო მისი მოღვაწეობის ერთადერთი ასპარეზი ნამდვილად არ არის... კარიერა ტელეჟურნალისტობით დაიწყო, "მეორე არხის" საინფორმაციო სამსახურში პოლიტიკას აშუქებდა; წლების განმავლობაში საავტორო და რეიტინგული გადაცემა "პოდიუმი" მიჰყავდა; საქართველოს მასშტაბით, ასობით მრავალათასიანი კონცერტი აქვს წაყვანილი, არაერთი ცნობილი კლიპის გადაღებაშიც მონაწილეობდა, როგორც რეჟისორს უამრავი კონცერტიც დაუდგამს...

ბაკურ ბაკურაძეს ბოლო დროს თურმე ლექსების წერისა და ხატვის მუზაც სტუმრობს, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი მის შესახებ: უკვე ორ წელზე მეტია, რაც "დემოკრატიულ მოძრაობაში" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს. ნინო ბურჯანაძის თანამებრძოლი გახლავთ. ბაკურს ცოტა ხნის წინ "დემოკრატიული პარტიის" ოფისში ვეწვიე.

- ისე, ეს დიზაინერი კაცი პოლიტიკაში რატომ გადაბარგდი?

- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა დაგროვდა. მთავრი ის არის, რომ დიქტატორული რეჟიმი ჩამოყალიბდა, დიქტატურა არა კლასიკური გაგებით, არამედ მოდერნიზებული. ამიტომ იმ საქმეს, რითიც ვიყავი დაკავებული, ვეღარ ვაკეთებდი. ძნელია იფიქრო ხელოვნებაზე, როდესაც შენი ტვინი იქ არის, სადაც ადამიანები არსებულ უმძიმეს რეჟიმს ებრძვიან. ისიც საშინელებაა, მშვიდობიან მომიტინგეებს ხელისუფლების ზონდერბრიგადა რომ იმსხვერპლებს, თანამებრძოლს გვერდიდან რომ აგაცლიან, რომელსაც მერე ვერც რეანიმაციაში იპოვი და ვერც ციხეში, გცემენ იმის გამო, რომ მშვიდობიან აქციაზე იყავი, გაშინებენ და ოჯახის წევრების დატერორებით გემუქრებიან... ამ ყველაფრის შემდეგ რთულია, ვიღაცას როგორც დიზაინერმა, საქორწილო ან საღამოს კაბაზე ელაპარაკო, ან საერთოდ, ახალი კოლექცია შექმნა. რომც შექმნა, ასეთ ქვეყანაში ვის რად უნდა?!

- სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდიო, - აღნიშნე.

- დიახ, მუშაობა "მეორე არხზე" 17 წლისამ საინფორმაციო სამსახურში დავიწყე: ვიყავი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, პასუხისმგებელი რედაქტორი. მუშაობა უმძიმეს პერიოდში გვიწევდა (აფხაზეთის ომი, სოციალური გაჭირვება: უშუქობა, უგაზობა, უტრანსპორტობა)... მაგრამ ერთხელ, პროტესტის ნიშნად, საინფორმაციო სამსახურიც დავტოვე და სამუშაოდ შემეცნებით-გასართობ რედაქციაში გადავედი, თუმცა საინფორმაციო სამსახურისთვის სპეცგამოშვებებს მაინც მე ვამზადებდი (შევარდნაძის ორი ინაგუგურაცია, მისი შიდა ვოიაჟები, არჩევნები), ვესწრებოდი ახლანდელი გაგებით, უშიშროების საბჭოს სხდომებს, მაშინ ამას ძალოვანთა გაფართოებული შეკრება ერქვა...

- როგორც მახსოვს, 1999 წელს, საქართველოს მასშტაბით, აქტიურად იყავი ჩართული წინასაარჩევნო ტურნეში, რომელსაც სოსო პავლიაშვილი ატარებდა...

- კი, ის კონცერტები მე მიმყავდა და 2003 წლის არჩევნებისთვისაც სახელისუფლებო ბლოკის კულტურული ღონისძიებებისა და პოლიტიკური შოუს დამდგმელი რეჟისორი და შემქმნელიც მე ვიყავი, ჯგუფში რომელსაც ვხელმძღვანელობდი, უამრავი ადამიანი იყო გაერთიანებული. ეს ჩემი პროტესტი გახლდათ იმ ძალისა და ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც იმ ხანად "ნაცმოძრაობისა" და სააკაშვილის სახით ხელისუფლებაში მოდიოდა...

ძალიან სასაცილოა ახლა, მაგრამ 2003 წლის 24 ნოემბერს მე და კიდევ 6 ადამიანი, პირველები ვიყავით, ვინც პარლამენტთან მათ წინააღმდეგ გამოვედით.

- რატომ?

- ვიცოდი, ხელისუფლებაში სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" სახით როგორი დამღუპველი ჯგუფიც მოდიოდა. ეს ბუნებრივია, არ ეხებოდა ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ჟვანიას... ვხვდებოდი, რომ ქვეყანას სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" ჩაიბარებდა და პრეზიდენტი გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანი, სააკაშვილი გახდებოდა, რომელსაც კარგად ვიცნობდი. ამასთან, მოდიოდა "მოქალაქეთა კავშირის" ის განაყოფიც, რომელიც ვიტყოდი, "უნახავთა" დიდი ჯგუფისგან იყო დაკომპლექტებული. ის "მოქალაქეთა კავშირის" ე.წ. "პლაკატჩიკებისგან" შედგებოდა: წინასაარჩევნოდ ბოძებზე "პლაკატებს" აკრავდნენ, რადგანაც მათ მეტს ვერაფერს დაავალებდა კაცი, შემდეგ კი მინისტრების პორტფელები ჩაიბარეს და რა დღეშიც ჩააგდეს ქვეყანა, ყველამ ნახა.

- იმის თქმა გინდა, რომ "ნაცმოძრაობა" ასეთი აქტივისტებისგან ჩამოყალიბდა?

- დიახ. მათი ძირითადი ნაწილი უქონელი და დაბოღმილი ხალხისგან შედგებოდა, მაგრამ ისინი მოწადინებულები იყვნენ, დღე და ღამეს მუშაობაში ასწორებდნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ, რომ როგორმე ხელისუფებაში მოსულიყვნენ. მათთან ერთად იყვნენ "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრებიც, რომელთათვისაც ერთი შეხედვით, არაფერს წარმოადგენდა მატერიალური ფასეულობა, მთავრი იდეების განხორციელება იყო, მათ ასეთი იმიჯი შეიქმნეს და ამ ნაწილში უფრო მეტ საშიშროებას ვხედავდი. თუმცა მათზე ამბობდნენ, რომ ესენი ხელისუფლებაში ფულის საშოვნელად კი არა, იდეის გამო მიდიანო. მაგრამ შევარდნაძის კი არა, არც ერთი უწინდელი ხელისუფლების წარმომადგენელს არც დაესიზმრება ფულის ის რაოდენობა, რაც ამ ხალხმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქართველი ხალხს მოჰპარა...

2003 წელს "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ თავი დამენებებინა მათ წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მათ გუნდში გადავსულიყავი, რაზეც უარი ვუთხარი... პოლიტიკას საერთოდ დავშორდი და მთლიანად მოდის სფეროში გადავინაცვლე, რადგანაც იმ 87 პროცენტის თუ უფრო მეტის, წინააღმდეგ წასვლას აზრი არ ჰქონდა, რომელებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილს ხმა მისცეს. ხალხს სააკაშვილის კრიტიკის გაგონებაც არ უნდოდა. ახლა იგივე ხალხი მესაუბრება ხოლმე იმაზე, თუ როგორი გარეწარია სააკაშვილი, რაზეც მეცინება...

- 2004 წლიდან ქართულ შოუბიზნესში კონცერტების გამართვა, კლიპების გადაღება, პრეზენტაციები, რაც მანამდე აქტიურად მიმდინარეობდა, შეწყდა...…როგორ ფიქრობ, რა გახდა ამის მიზეზი?

- კი, ეს ეტაპი მართლაც დასრულდა. დასრულდა იმის გამო, რომ წამოვიდა ე.წ. "რევოლუციური ხელოვნება" ანუ დაიძრა "გაურკვეველი" ხელოვანების ნაკადი, თავის ცარიელი შემოქმედებით. დაიწყო რაღაც გაუგებარი პროექტების და ადამიანების აღზევება... მოკლედ, თავიდან ყველაფერი იმაზე იყო ფოკუსირებული, რომ ქვეყანაში ერთადერთი ვარსკვლავი მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო. შემდეგ კი ყველა ის, ვინც მას უმღერებდა და მოემსახურებოდა. დიახ, ამიტომაც უწოდა ყველას სააკაშვილმა "ჩარეცხილები". იმ პერიოდში ბევრმა ნამდვილმა ხელოვანმა ქვეყანა დატოვა...

2004 წელს ჩემი ოჯახური ტრაგედიის გამო გავერიდე ყველაფერს და 2 წლის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია. შემდეგ კი, როცა მოდის სფეროში მუშაობა განვაახლე, ვთქვი, მოდი, ამ სფეროში მაქსიმუმს გავაკეთებ-მეთქი.

- კი, მახსოვს, მაგ პერიოდში შენ მიერ "მეტეხის ხიდზე" გამართული მოდების ჩვენება...

- საერთოდ ხიდზე ჩვენება საქართველოში პირველად მე მოვაწყე, რომელიც თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა. რეპეტიციას რომ გავდიოდით, იმ დროს სააკაშვილს სტუმრად რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი ჰყავდა, შარდენზე სადილობდნენ. მე მთელი დღის განმავლობაში "მეტეხის ხიდი" გადაკეტილი მქონდა. მოკლედ, იმ დღეს ჩემთან პრეზიდენტის დაცვის წარმოამდგენლები მოვიდნენ, რომლებმაც მაცნობეს, რომ ჩვენებაზე პრეზიდენტს მოსვლა უნდაო. თუ მოვა,საღამოს ჩავშლი-მეთქი, - ასე მივუგე.

- გქონდა ამის უფლება?

- მორალური კი... სააკაშვილი ჩვენებაზე არ მოსულა...

- იმ პერიოდში მგონი, საერთაშორისო მოდის ფესტივალშიც მონაწილეობდი...

- კი, არაერთხელ მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! უცხოური მოდის კვირეულებიდან და მონაწილეობაც მივიღე. საკუთარ პოზიციადაფიქსირებული ხელოვანები ქვეყანაში აკრძალულები იყვნენ, მათ რიცხვში ვიყავი მეც. მაგრამ მოხდა ასეთი უცნაური რამ: საქართველოში "ფეშენ ტვ-ის" დიჯეები ჩამოვიდნენ და დიმიტრი ჩხეიძემ, "ფეშენ ტვ-ის" ლიცენზირებულმა პროდიუსერმა "ივენთ ჰოლში", ამიერკავკასიაში პირველი ლიცენზირებული "ფეშენ ტივი ფართიზე" ჩემი ჩვენება იყიდა და ამ ღონისძიების ექვსმეტრიანი ბანერი ჩემი უზარმაზარი ფოტოთი გადმოიკიდა ფილარმონიის ფასადზე, რასაც "ნაცმოძრაობის" კულუარებში ნამდვილი ისტერიკა მოჰყოლია. მაგრამ რადგანაც პირველი ლიცენზირებული ღონისძიება იყო, ხელის შეშლა ვერ გაბედეს, "ფეშენ ტვ”-ის წინააღმდეგ ვერ წავიდნენ. ის ღონისძიება და "ფეშენ ტივის" კატალოგში ამიერკავკასიაში მოღვაწე დიზაინერებიდან (დღემდე ერთადერთი) მხოლოდ ბაკურ ბაკურაძის ჩაწერა მართლაც უმაღლესი საფეხური გახლავთ, რასაც ამ სფეროში საქართველოში შეიძლება მიაღწიო. ამის შემდეგ უკვე უზარმაზარი ფულია საჭირო, რომ შენი საქმე დიდ ბიზნესად აქციო. ის თანხა არც მიძებნია, იმ დროს საქართველოში ამას არც ჰქონდა აზრი და ამის თავიც აღარ მქონდა, რადგანაც ქვეყანაში ძალიან მძიმე ფაქტები მოხდა. ადამიანები დაატერორეს, ციხეებში ჩასვეს, ბიზნესი შეავიწროეს... რა დროს ჩემი ბიზნესის განვითარებაზე ფიქრი იყო?! თუმცა 2008 წლის თებერვალში მოსკოვის მოდის კვირეული დავხურე, ძალიან წარმატებული გამოსვლა აღმოჩნდა, რასაც დიდი ბიზნესმოლაპარაკებები მოჰყვა, უზარმაზარი თანხა იდებოდა იმაში, რომ შექმნილიყო ჩემი ბრენდის მაღაზიათა ქსელი დსთ-ს მაშტაბით, მაგრამ 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გამო ყველა მოლაპარაკება შევწყვიტე. ამასთან, რამდენიმე საინტერესო შემოთავაზებაზეც ვთქვი უარი. პრაქტიკულად, ჩემი ოფისი თავყრილობების, პოლიტიკური შკრებების ადგილად გადაიქცა და 2009 წლის აქციებში მთელი ოჯახით ჩავერთე. 4-თვენახევარი მე და ჩემი მეუღლე, შეიძლება ითქვას, რომ სახლში ნორმალურად არც ვყოფილვართ. მოგვიანებით მივიღე შემოთავზება, რომ "თავისუფალი სახლის" ხელმძრვანელად წავსულიყავი, მალე "სახალხო კრებაც" დაფუძნდა, რომელსაც ჩემი შესაძლებლობებით მაქსიმალურად მხარში დავუდექი. ვინც იმ პერიოდში რეალურად არსებულ რეჟიმს ებრძოდა, ყველანი "კრებაში" იყვნენ გაწევრებულები. მერე ისიც დაგვაბრალეს, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ვგეგმავდით და მოხდა 26 მაისის სისხლიანი, სამაგალითო სადამსჯელო სპორეცოპერაციაც...

- 26 მაისი, რომელიც ბევრ კითხვას აჩენს...

- კითხვები "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ უნდა დაისვას და იმ ადამიანების მიმართ, ვინც მაშინ სამზარეულოში ჯდომა არჩია. თუმცა რა, ხოცავდნენ ხალხს, მშვიდობიან მოსახლეობას, უკეტავდნენ გასასვლელებს და სადამსჯელო სპეცოპერაციას უწყობდნენ. ტერორი და შიში იმხელა იყო, რომ 26 მაისის ღამით არასაკმარისი რაოდენობის ადამიანი გამოვიდა... არასაკმარისი იმისთვის, რომ ასეთი ვანდალური მოქმედებები ვერ დაეგეგმა ხელისუფლებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. 26 მაისი რომ არ ყოფილიყო, როგორი 1-ელი ოქტომბერი იქნებოდა, მაგასაც ვნახავდით.

ვფიქრობ, პოლიტიკაში ვიქნები მანამ, სანამ "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანას არ მოშორდება. მერე კი, ალბათ, მივიღებ ჩემთვის სერიოზულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რას გავაკეთებ მომავალში.

- რატომ ხარ დღეს იმ პარტიის წევრი, რომელსაც "დემოკრატიული მოძრაობა" ჰქვია?

- ეს არის ძალა, რომელიც მიზანმიმართულად, სწორ სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს და რაც ყველაზე მთავარია, ხალხს არასოდეს ატყუებს. ძალა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში რეჟიმი უნდა დაამარცხოს და დაამარცხა კიდეც.

- როგორ?

- კიდევ ვიმეორებ! რომ არ ყოფილიყო 26 მაისი, არ იქნებოდა 1-ელი ოქტომბერის ხალხის გამარჯვება "დემოკრატიული მოძრაობა" საქართველოში, ყველა დროში ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, რეპრესირებული პარტიაა იმიტომ, რომ რეჟიმისათვის პოლიტიკურად ყველაზე საშიში გახლდათ.

- არადა, როგორც ამბობენ, ციხის კადრებმა რადიკალურად შეცვალა საქართველოს ბედი.

- ციხის კადრებმა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია არჩევნების ბედზე. სააკაშვილის რეჟიმი წელში 26 მაისს გადატყდა. ამ დღემ განსაზღვრა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაც. თვითონ აქვს ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი, რომ 26 მაისი იყო ბოლო წვეთი, როცა მე პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. ამან კი ქვეყანაში იმ ენერგიის გაერთიანება მოიტანა, რამაც იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რაც დღესდღეობით გვაქვს...

- რას ნიშნავს შენთვის ნინო ბურჯანაძესთან მუშაობა?

- ეს არის ძალიან დიდი კომფორტი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მიაქვს მთელი ჩემი დრო და ნერვები, მაგრამ პოლიტიკა ასეთია! ნინო ბურჯანაძე არის პერფექციონისტი, მან ზუსტად უნდა იცოდეს ყველაფერი, რას და როგორ აკეთებს, ყველაფრი დალაგებული და გაწერილი ისე უნდა ჰქონდეს, როგორც წესია. ამასთან, არის ძალიან უშუალო ადამიანია. მასთან მუშაობის მანძილზე, მართლა არ მახსოვს მისგან არც ერთი ტყუილი. საკუთარი რეიტინგის ხარჯზე, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი არაპოპულარული ნაბიჯი გადაუდგამს.

- ხომ არ გიჩნდება სურვილი, ქალბატონ ნინოს, როგორც დიზაინერმა რაიმე რჩევა მისცე?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ უშუალო ურთიერთობა გვაქვს, ის არასოდეს არღვევს ზღვარს, მით უფრო, არ ურევს ფუნქციებს სამსახურებრივ ურთიერთობებში. ეს მისი შესანიშნავი თვისებაა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ ნაწილში რჩევებს ნამდვილად არ საჭიროებს, თორემ შეიძლება ჩემი ინიციატივითაც მერჩია რამე.

ლალი ფაცია სპეციალურად ambebi.ge-სთვის.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"