მიშელ ობამას საყვარელი დიზაინერი

მიშელ ობამას საყვარელი დიზაინერი

მაიკლ კორსი ამერიკელი მოდური დიზაინერია. მისი ბრენდი Michael Kors ქალის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და პარფიუმერიას აწარმოებს.

მაიკლ კორსი ამბიციური ადამიანებისა და უსაზღვრო შესაძლებლობების ქალაქ ნიუ-იორკში 1959 წლის 9 აგვისტოს დაიბადა. ნიჭიერმა ახალგაზრდამ ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობა 19 წლისამ დაიწყო და ძალიან მალე გახდა პოპულარული. 80-იანი წლის დასაწყისში მაიკლის ნაწარმი მოდურ ბუტიკებში იყიდებოდა.

იგი ნიუ-იორკის მოდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლობდა. 1981 წელს მისი ტანსაცმლის ხაზი ამერიკის რამდენიმე ბუტიკში გამოჩნდა. მის კოლექციებს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად და მოდელებს სახელი გაუთქვა. კრიტიკოსებმა მას ქალის ტანსაცმლის მასობრივი წარმოების პირველი დიზაინერი უწოდეს. 1997 წელს კორსი საფრანგეთის მოდის სახლ "სელინას" კრეატული დირექტორი გახდა. 2003 წელს მაიკლმა საკუთარ ბრენდზე კონცენტრირების გამო მოდის სახლი მიატოვა და 2004 წელს საბოლოოდ შეიმუშავა საპოდიუმე კოლექციასთან დამატებით "კორს მაიკლის" ხაზი, რომელიც ითვლება საშუალო დონედ, საპოდიუმე ხაზსა და MICHAEL Michaell Kors-ის შორის, ამას დამატებული ქალის ჩანთები, ფეხსაცმელები და მასობრივი წარმოების ტანსაცმელი. ამჟამად მაიკლ კორსის ყველა ხაზის ბუტიკები მდებარეობს ნიუ-იორკში, ბევერლი-ჰილზში, პალმ-ბიჩსა და ჩიკაგოში.

შემდგომში მაიკლმა ახალ-ახალი მწვერვალები დაიპყრო და მალე საპატიო ჯილდო SFDA მიიღო, როგორც ქალის ტანსაცმლის საუკეთესო დიზაინერმა.

მოგვიანებით მაიკლი მამაკაცის ტანსაცმლის შექმნითაც დაინტერესდა. ეს გადაწყვეტილება მისთვის წარმატებული აღმოჩნდა და მეორედ გადაეცა SFDA-ს საპატიო პრემია. კორსის ყოველ ახალ კოლექციას მოდის კრიტიკოსები და ჰოლივუდის სახელგანთქმული მსახიობები აღფრთოვანებით ხვდებიან.

კორსის ტანსაცმლით ისეთი ცნობილი ადამიანები იმოსებიან, როგორებიც არიან მიშელ ობამა, ჯენიფერ ლოპესი, ჰაიდი კლუმი, კეტრინ ზეტა ჯონსი და სხვები.

დიზაინერი სატელევიზიო პროექტ "პოდიუმის" არბიტრია.

დღეისთვის კორსი ნიუ-იორკში ცხოვრობს, იგი აქტიური გეია. ნიუ-იორკში ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზების შემდეგ თავის დიდი ხნის პარტნიორ ლენს ლეპერზე იქორწინა.

გთავაზობთ ინტერვიუს სახელგანთქმულ დიზაინერთან:

მაიკლ კორსის დნმ

-  ყველამ კარგად ვიცით, რომ მოდა წრეზე დადის და ეს "წრე" უფრო და უფრო ვიწროვდება. ძალიან ძნელია საკუთარი ნიშის პოვნა ისე, რომ საკუთარი ბრენდის დნმ-ის ერთგული დარჩე. რა შეადგენს მაიკლ კორსის დნმ-ს?

-  შეუძლებელია, უბრალოდ დაჯდე და შენთვის დნმ მოიფიქრო, ეს რაღაც თავისით ხდება. ჩემი ბრენდის დნმ ორ, არა, სამ წინააღმდეგობრიობაზე იქმნება. მე იმ ქალების გარემოცვაში ვიზრდებოდი, რომლებიც მოდაზე გიჟდებოდნენ. დედაჩემისთვის, ქალაქური გემოვნებიანი მოდის მიმდევრისთვის, ვფიქრობ, მისაბაძი მაგალითი ყოველთვის ჯეკი კენედი იყო. ბებიაჩემს პირიქით, უჩვეულოდ მდიდრული სტილი მოსწონდა, ელიზაბეტ ტეილორივით მკვეთრ ფერებსა და ძვირფასეულობაზე გიჟდებოდა.

აი, დეიდაჩემი ნამდვილი ჰიპი იყო და ჯონი მიტჩელით იყო აღფრთოვანებული. ვვარაუდობ, ამ სამმა ახლობელმა ადამიანმა საბოლოოდ თანაბრად შესძინეს ჩემს ბრენდს მდიდრულობა, პრაქტიკულობა და ბოჰემურობა. ვამაყობ, რომ ისეთ საღამოს კაბებს ვქმნი, რომელშიც თავს ისე იგრძნობ, როგორც საყვარელ მაისურში. ყველა ეს სამი "არსი" ჩემშიც გაერთიანდა. მიყვარს ხმაურიანი საღამოები, მაგრამ უარს არ ვამბობ, ფეხშიშველმა ზღვის სანაპიროზე გავისეირნო. ასე რომ, შეიძლება ითქვას, მაიკლ კორსის ბრენდის დნმ ეს თავად მაიკლ კორსია.

-  დედათქვენი თქვენ შექმნილ ტანსაცმელს ყიდულობს?

-  რა თქმა უნდა! დედაჩემი განსაკუთრებული ქალია. ერთ-ერთი ჩემი პირველი მოდის ჩვენება მახსენდება - მგონი, 1980 წელი იყო. შოუს შემდეგ მას ვკითხე, მოსწონდა თუ არა ჩემი კოლექცია. დედამ მიპასუხა, რომ ვერასოდეს ჩაიცვამდა ამ ულტრამოკლე კაბებს, მაგრამ ყველას გასინჯვის სურვილი ჰქონდა. ამის შემდეგ ყოველთვის ვითვალისწინებ მის აზრს.

-  თქვენს ბრენდს ტიპურ ამერიკულს უწოდებდით?

-  30 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა: "მაიკლ, მთელ მსოფლიოში მაღაზიები გექნება!", - არ დავიჯერებდი. როდესაც მოდის ბიზნესში ჩავერთე, არ იყო ასეთი ყოვლის მომ­ცველი გლობალიზაცია.

ამერიკელი დიზაინერები მხოლოდ ამერიკის მცხოვრებლებისთვის ქმნიდნენ კოლექციებს. მაგრამ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უკვე აღარ აქვს საზღვრები, თანამედროვე მოდა კი - ეს ისეთი უზარმაზარი ქვაბია, რომელშიც ყველა და ყველაფერი იხარშება. კოლექციას განსაზღვრული ქვეყნის მოსახლეობისთვის კი არ ვქმნი, არამედ ქალებისთვის, რომლებსაც პირადი აზრი გააჩნიათ და ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულება აქვთ.

"მოდის სეზონურობა მოძველდა"

-  თქვენი აზრით, მოდაში კიდ­ევ დარჩა რაიმე შეზღუდვა ან წე­სები?

-  ისინი სწრაფად ქრებიან და ეს სახალისოა! განა ადრე შეგვეძლო წარმოგვედგინა, რომ ბამბის ქსოვილისგან ზამთრის თბილ ტანსაცმელს შევქმნიდით? ან ზაფხულის ჩექმას? ან შესაძლებელი იქნებოდა ოფისში ბრჭყვიალა ტანსაცმლით სიარული?! ქალაქში შორტებით სეირნობენ. მე იმ თაობის ნაწილი ვარ, რომელიც ცხოვრობს იმ დროში სადაც დაკანონებული წესები საერთოდ არ დარჩა. მაგალითად, მიმაჩნია, რომ მოდის სეზონურობა მოძველდა. ბევრი თანამედროვე ადამიანი იმდენს მოგზაურობს, რომ ტანსაცმლისადმი მოთხოვნა საერთოდ შეიცვალა - ის უნდა შეეწყოს ტემპერატურის ცვალებადობას, როცა ჩემოდნიდან ამოიღებთ, დაკუჭული არ უნდა იყოს. მოკლედ, ჩემს კლიენტებს ერთი წესი აქვთ - ისინი არასოდეს ჩაიცვამენ იმას, რაც მათ ფიგურას არ მოუხდება.

-  მომხმარებელთან ურთიერთობთ? შედიხართ საკუთარ მაღაზიებში?

-  გამუდმებით! მიმაჩნია, რომ ეს ნიუ-იორკის აღზრდის შედეგია. ამ ქა­ლაქის მცხოვრები ქალები მოდის საკითხში ძალიან გულღია და კომუნიკაბელურები არიან. მხედველობაში მაქვს სიტუაცია, როდესაც ორი უცნობი გოგონა შუქნიშანზე ერთმანეთს ხვდება და ერთი აღფრთოვანებით ეუბნება მეორეს: "ო ღმერთო! რა ლამაზი ფეხსაცმელია! სად შეიძინეთ?" და ისინი მაშინვე დაიწყებენ ფეხსაცმელზე ლაპარაკს. კიდევ დაინტერესდებიან სად იყიდება! ვშიშობ, რომ სხვა ქალაქებში ასე რომ მოიქცე, გიჟად ჩაგთვლიან. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში გოგონა მომიახლოვდა და მეუბნება: "თქვენი პალტო შევიძინე, რომელზეც ვგიჟდები!" აქ არის კიდევ ერთი დადებითი მომენტი - როდესაც გამუდმებით ახალ კოლექციაზე მუშაობ, აღმოჩნდება, ხშირად გავიწყდება, რას აკეთებდი ოთხი წლის წინ. მოულოდნელად კი ქუჩაში სწორედ იმ კაბას ხედავ და ფიქრობ: "აი, ეს მესმის! რა ლამაზი კაბა შემიქმნია!" ფანტასტიკურია! სხვათა შორის, სოციალური ქსელები ამის გამო ძალიან საინტერესო მგონია. ხომ არ შემიძლია ერთდროულად ყველგან ვიყო და მთელი მსოფლიოს ქალები ვათვალიერო! მაგრამ მე შემიძლია მათი აზრი "ფეისბუქის" გვერდებზე გავიზიარო.

-  ხომ არ დაგავიწყდათ, ოდე­ს­ღაც როგორ იწყებდით?

-  რა თქმა უნდა, არა! მახსენდება, 7 წლის ვიყავი და ბიძაჩემის მეგობარი ქალი-დიზაინერი გავიცანი. უნდა ითქვას, რომ იმ მომენტიდან უკვე ვიცოდი, რა და როგორ ხდებოდა მოდაში, წარმოდგენა მქონდა, რა იყო დიზაინერობა. როდესაც ოჯახში გამოვაცხადე, რომ დიზაინერობა მინდოდა, ამ ფაქტს ყველა აღფრთოვანებით შეხვდა: "მაგარია, ყოჩაღ ბიჭუნა!" სხვათა შორის, არ დამიმთავრებია მოდის ინსტიტუტი, რაც ჩემი გააზრებული არჩევანი იყო. სწავლა სამუშაოზე გავცვალე, მინდოდა სწრაფად შევდგომოდი საქმეს.

-  წარსულ დღეებზე თქვენი ყველაზე ნათელი მოგონება?

-  ერთხელ, როდესაც ბერგდორფ გუდმენში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, ჯეკი კენედის ველოდებოდი. ნერვიულობისგან ვერ ვიჯერებდი, რომ მას ვნახავდი! მაშინ 21 წლის გახლდით. ის ძალიან მშვიდი, ზრდილი და ელეგანტური აღმოჩნდა. ყველაზე მეტად იმან აღმაფრთოვანა, რომ მან ზუსტად იცოდა, რაც უნდოდა. ეს ყველა გემოვნებიანი ქალის წესია! მნიშვნელობა არ აქვს, ჯეკი კენედი იქნება ეს თუ ჯენიფერ ლოპესი, - ისინი ჭკვიანები არიან და კარგად იციან, რა უხდებათ. კარგად აქვთ შესწავლილი საკუთარი სხეული, მისი ღირსება და ნაკლი. ასეთი მომხმარებელი ძალიან მიყვარს და მათთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს