რა შემოუთვალა ზურაბ ადეიშვილმა უცხოეთიდან თამაზ თამაზაშვილს

რა შემოუთვალა ზურაბ ადეიშვილმა უცხოეთიდან თამაზ თამაზაშვილს

გენერალ-მაიორი თამაზ თამაზაშვილი ციხიდან არჩევნების შემდეგ გათავისუფლდა. იგი სასჯელს იარაღის უკანონო ტარება-შენახვის ბრალდებით იხდიდა და 3 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. ბრალს არ აღიარებდა, თვლიდა, რომ პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული.

2011 წლის 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გააკეთა და 11 ოქტომბერს თამაზ თამაზაშვილი დააკავეს. არაოფიციალურად, მისგან ითხოვდნენ, მის სიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს "ქართული ოცნება" დაეტოვებინა. მოგვიანებით, მისი სახელი პატიმრების ცემა-წამების, არაადამიანური მოპყრობის შოკის მომგვრელი კადრების გავრცელებასთან დააკავშირეს. პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ ვიდეოჩაწერა პატიმარ თამაზაშვილის დაკვეთით ხდებოდა და ამაში სოლიდური თანხა "ოცნებამ" გადაიხადა. "ქართულ ოცნებას" არჩევნებში რომ არ გაემარჯვა, ცხადია, თამაზაშვილს ახალი ბრალდებითაც გაასამართლებდნენ, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. არადა, საარჩევნო პერიოდში ყოფილი გენერლის გვარი საზოგადოებამ ზეპირად იცოდა - "ნაციონალური მოძრაობა" თავის საარჩევნო კლიპებში მას მუდმივად ახსენებდა. თუ მხარს "ქართულ ოცნებას" დავუჭერთ, ძალოვანი სტრუქტურის სათავეში მოექცევა კაცი, რომელიც კრიმინალებსა და ნარკორეალიზატორებს მფარველობდაო. თამაზაშვილი არა, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრი მისი სიძე - ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. ახლა ყოფილი პატიმარი მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უჩივის, მათ ცილისწამებასა და სახელის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

თამაზ თამაზაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუდან ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობთ.

- ბატონო თამაზ, 2012 წლის დადგომას მართალია, ციხეში შეხვდით, მაგრამ გასული წელი თქვენი ოჯახის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო. თქვენი სიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, თქვენი ვაჟი, ალექსანდრე - დეპუტატი, თქვენ კი ციხიდან გაგათავისუფლეს.

- 2011 წელს დამიჭირეს. ჩემი უმცროსი გოგონა სკოლაში მიმყავდა და კოსტავას ქუჩაზე გამაჩერეს. მათ შორის ერთი ნაცნობი პოლიციელი, გოჩა ბაღათრიშვილი იყო. უნდა წამოხვიდეო, გადამსვეს თავის მარშრუტკაში და ისე წამიყვანეს, რომ ბავშვიც არ მიმაყვანინეს სახლში. ძალიან ცუდი ადამიანები იყვნენ. ჩემი მანქანა ქუჩაში დამატოვებინეს, დამირეკეს, ვერ დავქოქეთო, ავუხსენი როგორ დაექოქათ, მერე მანქანა ქალაქის სამმართველოს ეზოში მოიყვანეს, არავითარი ჩხრეკა არ ჩატარებულა. პირდაპირ მითხრეს, იარაღი გქონია მანქანაშიო. ის იარაღი სასამართლო პროცესზე ვნახე პირველად. გაფორმებული იარაღები მქონდა სახლში და გაუფორმებელს მანქანაში რატომ ჩავდებდი? სისულელეა... რა თქმა უნდა, მძიმეა, პოლიციის გენერალს რომ დაგიჭერენ. 28 წელი შს ორგანოებში ოპერატიულ სამსახურში, სხვადასხვა თანამდებობაზე ვიმუშავე, მაგრამ სულიერად მომზადებული ვიყავი და ვერ გამტეხეს. ადამიანის სხეული ღვთიური სულისგან და ფიზიკური სხეულისგან შედგება. სული თუ დაიავადე, მაშინ ცუდია. ჩემთვის ფიზიკური სხეული ციხეში უკვე არაფერს ნიშნავდა, ვიცოდი, სულიერად ვერ გამტეხდნენ... 2012 წელს ციხეში შევხვდი, მძიმე იყო, მაგრამ ღმერთის წყალობით, ახლა სიტუაცია ლაგდება.

- დაკავებამდე ხომ არ გითვალთვალებდნენ?

- ჩემს შვილთან, ნუნუკასთან ავედი და იქ იდგნენ. მაშინ გამომეკიდა მანქანა ნომრით - 777. ოპერატიული სამსახურის პატარა ბიჭები ისხდნენ. ისე გათავხედებულები იყვნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ. იარაღს და წამალს უპრობლემოდ უგდებდნენ ადამიანებს. გლდანის მერვე დაწესებულებაში ციხის თანამშრომლების 70% მხეცები იყვნენ, 30% - ადამიანები. გვერდზეც რომ გაეხედა პატიმარს, დედას აგინებდნენ და სასტიკად სცემდნენ. პრეზიდენტი უდანაშაულო ხალხს აჭერინებდა. მათ პიარში ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ შინაგანი ინტელექტი არა აქვთ. ციხის უფროსს - მუხაძეს, კილერას ეძახდნენ. წარმოიდგინეთ, რა მეტსახელის ადამიანები მუშაობდნენ იქ: რობოტა, გრძელთითა, ბოროტა, დიდმუშტა... დაკავებულებზე საშინელი ზეწოლა ხდებოდა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ეკითხებოდნენ პატიმარს, - რამდენი წლის არის შენი შვილი? მოსულა შენი შვილის ასე და ასე? საშინლად იგინებოდნენ. თუ შეეპასუხებოდა პატიმარი, ცემაში ამოხდიდნენ სულს. ურტყამდნენ ღვიძლთან, თირკმელთან, ელენთასთან, მერე საავადმყოფოში არ გადაჰყავდათ და ავადდებოდნენ. ასე იღუპებოდნენ ახალგაზრდები. ჰქონდათ ისეთი საშუალებებიც, რომ ადამიანისთვის სისხლი გაესქელებინათ. მერე ბევრი გულით იღუპებოდა, ამას ვერანაირი ექსპერტიზით ვერ დაამტკიცებდი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოგთხოვეს, თქვენს სიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს "ქართული ოცნება" დაეტოვებინა, ეს მართალია?

- ციხის უფროსმა მუხაძემ მითხრა, - ირაკლის გამო დაგიჭირეს, იქნებ უთხრა, რომ პარტიიდან გამოვიდეს. მერე ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქედან გახვიდე, შენ არ იცი, აქ რა ხდებაო. - გამეცინა. - რა გაცინებსო? - ჩამეკითხა. - ამას მე როგორ გავაკეთებ, მე თვითონ ვარ "ქართული ოცნების" წევრი, ალბათ ამასაც გაიკითხავდით-მეთქი. - მოვიტყუე, მე არ ვიყავი პარტიის წევრი. - ისე, რომ იცოდე, ძალიან ცუდ ადგილზე მოხვდი და გირჩევ, დამიჯეროო, - მითხრა. ჩემთვის ფიზიკური სხეული არაფერს ნიშნავდა.

- ფიზიკურად არ შეგხებიან?

- არა, იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი მძევალი ვიყავი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენს საკანში აგენტი შეუშვეს.

- იყო ასეთი ფაქტი, მაგრამ ამდენი წელი ოპერატიული მუშაკი ვიყავი და მალევე მივხვდი. სულელები იყვნენ. აგენტს ყველაფერი აინტერესებდა. მაგალითად, რას ვფიქრობდი სახელმწიფო მოწყობაზე და ა.შ. ხათუნა კალმახელიძე ხვდებოდა იმ პირებს, რომლებიც საკანში შემომიგზავნა. არ მინდა მათი ვინაობა დავასახელო. რამდენჯერმე პრეზიდენტიც შეხვდა. ეს ყველაფერი ვირთხა ადეიშვილის სცენარი იყო, ასე ჩაწერეთ. პრეზიდენტის დავალებით გეგმავდა ყველაფერს, ჰქონდა ფანტაზიები, თუ როგორ გაენადგურებინა ადამიანი და ამას ახორციელებდა კიდეც. ცოტა ხნის წინ, ციხის თანამშრომელი მაისურაძე შემხვდა და მითხრა, როგორ დაავალეს ჩემთან ციხეში ტელეფონის შემოტანა. მეც ვატყობდი, ციხის თანამშრომლები შეშინებული სახეებით რომ დადიოდნენ. უთქვამთ, - ტელეფონის შემდეგ გავიგებთ მის კავშირებს, მერე სპეცრაზმს შემოვუშვებთ და გავასუხარებთო. წარმოიდგინეთ, ჩემს ლიკვიდაციას აპირებდნენ. მე ვუჩივი ადეიშვილს, ჩემი ლიკვიდაციის გეგმის გამო.

ციხის კადრები რომ გავრცელდა, ამაშიც მე დამადანაშაულეს და ესეც ადეიშვილმა შეთხზა, თითქოს ყველაფერი მე მოვაწყვე. ამ ბრალდებაზე გამეცინა, რადგან აბსურდი იყო. ციხეში ისეთი დისციპლინა იყო, ეს გამორიცხულია. თუმცა ვაღიარებ, აგიტაცია-პროპაგანდას ბუნებრივია, ვეწეოდი, როცა ამის საშუალება მომეცემოდა. ადეიშვილთან ერთად სააკაშვილსაც ვუჩივი. სააკაშვილმა ფიზიკურად ხომ ჩამსვა ციხეში, მაგრამ ამასაც არ დასჯერდა და თავისი გამოსვლებით დიდი მორალური ზიანი მიაყენა ჩემს ოჯახს. ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებდა, ვითომ კრიმინალი ვიყავი, კრიმინალებთან შეკრული. თუ ასე იყო, მაშინ სად იყო 9 წელიწადი? მე არსად წავსულვარ, საქართველოში ვცხოვრობდი. უსუსურ ბრალდებებს მიყენებდნენ. ყვარელში როგორ მოვაგვარე შეიარაღებული ფორმირებების პრობლემა, კარგად იცოდა ადეიშვილმა, სოფელ მთისძირში ცხოვრობდა, მაგრამ ის წარმატებულ ადამიანებს ვერ იტანს. ცოტა ხნის წინ ადეიშვილის ახლობელი დამიკავშირდა და უცხოეთიდან მისი დანაბარები გადმომცა: - ჩემზე ძვირი გული ნუ ექნება, ჩემი ბრალი არ არის, ყველაფერს სააკაშვილი მავალებდაო. ესენი ისევ ხბოს თვალებით იყურებიან, ხომ შეიძლება დანაშაულის გრძნობა გაუჩნდეთ? მაგრამ - არა! უამრავი ადამიანი გაამწარეს და პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე.

- პრეზიდენტი პრეტენზიებს გიყენებთ და აცხადებს, რომ როცა კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყავით, კრიმინალებთან გქონდათ კავშირი. ისიც ყველამ ვიცით, რომ ადამიანის გატაცებები ხშირი იყო. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, რეალურად რა ხდებოდა პანკისში?

- მოგეხსენებათ, ჩეჩნებსა და რუსებს შორის ბრძოლა იყო, 1998-99 წლებში უამრავი დევნილი მოგვადგა ხევსურეთის მხრიდან. ახმეტის რაიონში არის ჩეჩნური დიასპორა. შევარდნაძის მთავრობას სხვა გზა არ ჰქონდა - დაჭრილი ბავშვები და ქალები როგორ შეიძლებოდა, არ შემოეშვათ? თან იმ პერიოდში დიდი თოვლი მოვიდა. ყველანი პანკისში შევიდნენ, ასევე იქ აღმოჩნდნენ მეომარი ჩეჩნებიც და კრიმინალებიც. მათ კრიმინალებს ჩვენი კრიმინალები დაუკავშირდნენ და დაიწყო ადამიანთა გატაცებები. უკონტროლო გახდა სიტუაცია. იმდენი ბილიკებია, ნარკოტიკებიც გადმოდიოდა. რეალურად ჩვენი გადარჩენილია პანკისი, ნელ-ნელა აღვკვეთეთ დანაშაულები. ესენი მზამზარეულზე მოვიდნენ და ახლა ბევრს საუბრობენ. ამდენს რომ მაბრალებდნენ, თუ ასე იყო, ხომ შეეძლოთ, ერთი ადამიანი მოეძებნათ, რომელიც ამას იტყოდა, მაგრამ რაც არ იყო, იმას ვინ იტყოდა? იმიტომ ვუჩივი სააკაშვილს, - იმის მტკიცებულება დადოს, რასაც ამბობდა. ისტორიული პროცესები იყო, ასე იოლი არ იყო სიტუაციის გაკონტროლება. რუსეთს კავკასიური ომის დაწყება სურდა და ჩვენ ეს არ დავუშვით. რა თქმა უნდა, კარგია, პატრულის თანამშრომლები ქრთამს რომ არ იღებენ, მაგრამ ოპერატიული სამსახური ხალხს წამალს და იარაღს უდებდა, მერე "საპროცესოებს" უფორმებდნენ. ოფიციალურის გარდა, არაოფიციალურად, ხალხს მილიონებს ართმევდნენ. სად წაიღეს ამხელა თანხები?

- ციხიდან ადევნებდით თვალს საარჩევნო პერიოდს. რა განცდა გქონდათ, ამ შედეგს ელოდით?

- ველოდი. როცა საკანში ზიხარ, ფიქრისთვის დიდი დრო გაქვს. სავსე იყო ციხეები ადამიანებით, ამას დამატებული, დაახლოებით

450 000 პრობაციონერი. რომ გადავიანგარიშე, მათი ოჯახის წევრებიანად, 2 მილიონზე მეტი გამოვიდა. ამ ფონზე როგორ შეიძლებოდა, მათ გაემარჯვათ? გამოჩნდა ქართველი მენტალიტეტის მქონე ბიძინა ივანიშვილი, საოცარი ადამიანი. მას არ ვიცნობდი. ჩავიდა კახეთში და ჩემი შვილი, ალექსანდრე თამაზაშვილი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, კაცურად დამიდგა გვერდით. პირადად მე არ მიცნობდა, მაგრამ დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში, მადლობა მას. მერწმუნეთ, ამ ყველაფრისთვის თვალის დევნება ადვილი არ იყო ციხიდან. უამრავი სიბინძურე ააგორეს ჩემი ოჯახის მისამართით, მაგრამ ჩემი შვილები ძალიან მაგრად დადგნენ. ფსიქოლოგიურად ძლიერები არიან. ეკლესიურად ცხოვრობენ და ყველაფერს რეალურად შეხედეს. არც ერთს შიშის გრძნობა არ ჰქონდა. ჩემი პატარა გოგონა - მარიამი, სკოლის მოსწავლეა და მთელ 53-ე სკოლას 41-ნომრიანი მაისურები ჩააცვა. არც მას შეშინებია. ახლა მეუბნებიან ჩემები, - ვიცოდით, ჩვენი ლიკვიდაციის გეგმაც ჰქონდათ, მაგრამ ბოლომდე ვიდექითო. ბუნებრივია, შიში მქონდა, რომ ჩემს ოჯახს, დისშვილებს, ახლობლებს რაიმე არ მოსვლოდათ. ზეწოლები, სატელეფონო ზარები, "ასაფეთქებლების" ჩაგდებები ხდებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ციხეში ინფორმაციის ვაკუუმი იყო, მარტო რადიო გვქონდა და ხშირად იმასაც თიშავდნენ. სხვადასხვა გზით მაინც ვიგებდით ინფორმაციებს.

- როცა გითხრეს, რომ თავისუფალი იყავით, რა განწყობა დაგეუფლათ?

- ბუნებით გულფიცხი ვარ, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციებში მუდამ სიმშვიდეს ვინარჩუნებ, ძალიან მშვიდი ვხდები. რომ გამოვედი, მეორე დღეს აღარ მახსოვდა, უკან რაც იყო. თითქოს ის არ ყოფილა.

- როგორი მამა, სიმამრი, ბაბუა ხართ?

- მე და ჩემმა მეუღლემ, მაიამ, 4 შვილი გავზარდეთ: ნუნუკა, ნათია, ალექსანდრე და მარიამი. უფროსი ქალიშვილი, ნუნუკა გათხოვილია. მისი მეუღლეა ირაკლი ღარიბაშვილი. მყავს ორი შვილიშვილი - ნიკოლოზი და ანდრია. ტრადიციული ქართული ოჯახი გვაქვს, ჩემი შვილები ეკლესიურად გაიზარდნენ. არსებობს ბედნიერი დღეები და ადამიანს თუ გინდა, რომ ბედნიერი დღეები გქონდეს, სულიერად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო... ჩემთვის მოულოდნელი არ იყო ირაკლის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა. ის უშიშარი, განათლებული, შინაგანი ინტელექტის მქონე, კომუნიკაბელური, ძალიან ერთგული ბიჭია. ირაკლიც ქიზიყელია. საერთოდ, ერთგულებით ქიზიყელები ძალიან გამოირჩევიან. ოჯახის კაცია. თავისი ცოლ-შვილი უსაზღვროდ უყვარს, კარგი ადამიანია. სიძე-სიმამრის ურთიერთობა ძალიან მეგობრულია. მე მის საქმეში არ ვერევი, ის კი - ჩემსაში.

- თუმცა ამბობენ, რომ მინისტრი თქვენთან შეთანხმებით ნიშნავს კადრებს. მათ რიცხვში მისი მოადგილე ალეკო ტაბატაძე დაასახელეს. რჩევებს აძლევთ, როგორც ყოფილი ძალოვანი?

- შვილს რჩევას არ აძლევს ადამიანი? სამსახურებრივ რჩევას არ ვაძლევ. იმიტომ, რომ ჩემს დროს სხვა სიტუაცია იყო, თან თვითონ იმდენი იცის, ჩემი დახმარება არ სჭირდება. რაც შეეხება ალეკო ტაბატაძეს, შეიძლება ადრე შევხვედრივართ, მაგრამ არავითარი კონტაქტი მასთან არ მქონია. ნაცვლიშვილსაც შორიდან ვიცნობდი.

- ირაკლიმ თქვენი ქალიშვილის ხელი ოფიციალურად ითხოვა თუ გაიპარნენ?

- ნუნუკა მაშინ 19 წლის იყო. ერთ დღეს ირაკლი მარტო მოვიდა ჩვენს სახლში. გამიკვირდა, ვინ არის ეს, ასე თამამად რომ მოდის, ჩემი შიშით მაღლა ფრინველი ვერ დაფრინავს-მეთქი? (იცინის) მაშინ "გაის" უფროსის მოადგილე ვიყავი. წინასწარ არაფერი ვიცოდი, ჩემს ქალიშვილს არაფერი უთქვამს. ისე კი ვიცოდი, ერთმანეთს რომ ხვდებოდნენ, ამას ვერ გამომაპარებდნენ. მამაჩემი ცოცხალი იყო მაშინ. გაკვირვებულებმა შევხედეთ ერთმანეთს. პირდაპირ მითხრა, - თქვენი გოგო მიყვარს, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარსო. რატომღაც ვიფიქრე, თავი ქუდში მქონდა, - ახლა ნუნუკას დავუძახებ, ის მეტყვის არას და ამ ბიჭსაც ასე გავისტუმრებ-მეთქი. დავუძახე ნუნუკას და ვუთხარი: აგერ, მოსულია და შენ რას იტყვი-მეთქი? ნუნუკა გაჩუმდა. გასაგები იყო ყველაფერი, - ერთმანეთი უყვარდათ. ვთქვი, - გაშალეთ პურმარილი-მეთქი და სუფრა გაიშალა. ასე მარტო მოვიდა, უშიშარი ბიჭია, სპორტსმენი. ძალიან წარმატებული კინგბოქსელი იყო ჩემი სიძე.

- ახალ წელს ალბათ ოჯახში შეხვდით?

- ყველა ერთად შევიკრიბეთ, ირაკლი და ნუნუკა თავის ოჯახში - თავის შვილებთან ერთად. მერე ერთმანეთს მივულოცეთ. ჩემი ოჯახის მეკვლეები ჩემი შვილიშვილები იყვნენ. დღე არ გავა, ისინი არ ვნახო, სასეირნოდ დამყავს... მინდა თავისუფლება ვუსურვო ყველა კარგ ადამიანს, განსაკუთრებით ჩემს თანამესაკნეს ვუგარ ალიევს. მას ნარკოტიკი ჩაუდეს და 27 წელი მიუსაჯეს. კარგია, ამნისტიით ბევრი ადამიანი რომ გამოდის. სიმართლე გითხრათ, წინააღმდეგი ვარ რეალიზატორების, მკვლელების, ადამიანის გამტაცებლების გამოშვების. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩაცვივდებიან დაზარალებულები, მაგრამ აქ მეორე უკიდურესობაა, - იმდენ ადამიანს ჩაუდეს წამალი და გაასამართლეს, ამის გარჩევა რთულია. კარგი იყო, ინდივიდუალურად გადაეწყვიტათ, მაგრამ პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. კრიმინალებს ვეუბნები: - ღმერთი ადამიანს ერთ შანსს აძლევს და რადგან გარეთ გამოდიან, ნუღარ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს, თორემ უკან უფრო მკაცრი სასჯელით შებრუნდებიან. დარწმუნებული ვარ, სიტუაცია უკონტროლო ვერ გახდება, რადგან ირაკლის გვერდით პროფესიონალები დგანან. რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების ამნისტიას, ამას არ ვემხრობი არც მე და არც მოსახლეობა. ყველას გვინდა, რომ მათ ჩადენილ დანაშაულზე პასუხი აგონ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა