როგორ შევეგებოთ 2013 წელს

როგორ შევეგებოთ 2013 წელს

ახალი წლის ღამისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება, ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სამოსია, ქალებს გვიწევს ბევრი ფიქრი იმაზე, რა ჩავიცვათ, რომ ვიყოთ მოდურები და იმავდროულად ჩვენი გარეგნობა მომავალი წლის ნიშანს ეხმიანებოდეს. ამ თემაზე სასაუბროდ დიზაინერი იკა ბობოხიძე შევარჩიეთ, რომელიც, სამოსის გარდა, იმაზეც გვესაუბრა, თუ რა ფერში შეიძლება მოვრთოთ ნაძვის ხე და როგორი ჭურჭლით გავაწყოთ სუფრა.

-  როგორც ასტროლოგები გვეუბნებიან, შავი წყლის გველის წელი დგება, აქედან გამომდინარე, უკვე ნათელია, რომ შავი ფერი აქტუალური იქნება, მაგრამ სასურველია ეს შავი იყოს ბრჭყვიალა, ბზინვარე, პრიალა, დაახლოებით ისეთი, როგორიც გველის ტყავია. წელს ძალიან მოდურია ტყავი და ტყავით გაწყობილი სამოსი, ასევე მეტალით გაწყობილი ფეხსაცმელი და სამოსი, მეტალის დიდი სამკაულები.

-  არიან ადამიანები, რომლებიც სადღესასწაულოდ ერიდებიან შავი სამოსის ჩაცმას, მათ რას ურჩევთ, რაზე შეაჩერონ არჩევანი?

-  უმჯობესია შავ ფერს ყოველდღიურობაში მოერიდონ, თორემ გამოსასვლელად შავი სამოსი იდეალური ვარიანტია. როდესაც ადამიანი მიღებაზე შავი სამოსით მიდის, ეს კულტურულ ტონად ითვლება, მათ კი, ვისაც არ უყვარს ეს ფერი, შეუძლიათ ჩაიცვან ბრჭყვიალა ვერცხლისფერი ან ოქროსფერი.

-  გასულ წელს მოდური იყო ლეოპარდის შეფერილობა, 2013-ში აღ­არ ­იქნება მოდაში?

-  სეზონიდან სეზონამდე მოდის ტენდენციები ძირფესვიანად არ იცვლება, რაღაცები რჩება, რაღაცები ცვლილებას განიცდის, ლეოპარდის შეფერილობა ჯერ კიდევ აქტუალურია.

-  საკმაოდ აცივდა, შარშან ბეწვი იყო მოდაში, წელს რა უნდა ჩავიცვათ, თან თბილად რომ ვიყოთ და თან მოდურად გამოვიყურებოდეთ?

-  ამ მხრივ წელს განსაკუთრებით მოდურია მამაკაცის სტილის კოსტიუმი და მამაკაცის გრძელი პალტო, რომელიც თავისუფლად შეუძლიათ მოირგონ მანდილოსნებმა. თუ ქალებს არ აქვთ მსგავსი პალტო, შეუძლიათ ქმრების პალტო ჩაიცვან და დამერწმუნეთ, ძალიან მოდურები იქნებიან.

-  მოდის ეს ტენდენცია რამდენად მიიღო ქარველმა საზოგადოებამ? რაღაც არ მომხვედრია თვალში ქუჩაში დიდი ზომის პალტოთი მოსიარულე ქალი...

-  ვერ ვიტყოდი, რომ არ მიიღო, შარშან მსგავსი მოდელი მეც მქონდა კოლექციაში და გაიყიდა კიდეც. ზოგადად, ქართველები გამბედავი ჩამცმელები არ არიან, მაგრამ მოდის ძირითად ტენდენციებს მაინც ითვისებენ.

-  როგორი აქსესუარი უნდა გავიკეთოთ ახალ წელს, რომ შავ სამოსს სადღესასწაულო იერი მივცეთ?

-  უმჯობესია, აქცენტი გავაკეთოთ კრისტალის ან უხეში მეტალის სამკაულებზე, ეს შავ სამოსზე მეტად ეფექტური და იმავდროულად მოდური იქნება.

-  რაც შეეხება ფეხსაცმელს და ჩექმას, ჟოკეის სტილის ჩექმა წელსაც აქტუალურია...…

-  გეთანხმებით, ასევე რამდენიმე წელია მოდურია "ჰერმესის" ტიპის ჩექმა, მაგრამ ახალი წლის ღამეს ალბათ უპირატესობა მაინც გამოსასვლელ ფეხსაცმელს უნდა მივანიჭოთ, უკვე ორი-სამი წელია მოდურია ფეხსაცმელი ე.წ. "ტანკეტკაზე", რაც პრაქტიკულიცაა. შეგიძლიათ ახალი წლის ღამეს ჩაიცვათ ტყავის ვიწრო შარვალი კორსეტთან ერთად, რომელიც უკვე მეორე სეზონია მოდაშია, ზემოდან პატარა პიჯაკი, ფეხზე კი ზემოთ ხსენებული "ტანკეტკა", ან წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი.

-  2013 წელს კაბის როგორი სიგრძე იქნება მოდაში?

-  გრძელი მოტკეცილი კაბა, რომელიც ქვემოთ მეტად იქნება გაგანიერებული, ასევე აქტუალურია კაბა, რომლის ბოლოც კოჭს ზემოთ მთავრდება, უაზრო სიგრძეს რომ ეძახიან, აი სწორედ ის, და ასევე ძალიან მოკლე ქვედაბოლოები. მაღალწელიანი სამოსი ისევ რჩება მოდაში. უკვე შევნიშნე, რომ თბილისშიც აცვიათ ასე, მართალია, უჭირდათ ამის მიღება, მაგრამ დღეს უკვე ბევრი იმოსება ამ ტიპის ტანსაცმლით, ხშირად ეშინიათ მაღალწელიანი სამოსის ტარება, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს უფრო მეტად კვეთს სხეულის ნაკლოვანებებს, არადა, ასე არ არის, შეიძლება, მაღალწელიანი ქვედაბოლო ჩაიცვას ისეთმა ქალმა, რომელსაც არა აქვს იდეალური ფორმები, მაგრამ მოიხდინოს.

-  როგორც ვხვდები, მოდა წელსაც მრავალმხრივია და ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული, რას და როგორ მოიხდენს...…

-  კი, ნამდვილად ასეა. არსებობს გამოკვეთილი ტენდენციები, მაგრამ მოდაში ბევრი რამ არის. ბევრი დიზაინერი სულ არ ითვალისწინებს მოდის უკანასკნელ ტენდენციებს, მაგრამ მისი კოლექცია მაინც წარმატებულად იყიდება. აქედან გამომდინარე, ადამიანმა უნდა მოირგოს ის, რაც მასთან ახლოს არის და არ უნდა ატაროს ის სამოსი, რომელშიც თავს კარგად ვერ გრძნობს. როდესაც ადამიანს ტანსაცმელი მხოლოდ მოდურობის გამო აცვია, ეს ყოველთვის ემჩნევა. ჯობს კომფორტულად იყო, ვიდრე წვალობდე ტანსაცმლის ტარებით.

-  ჩვენი ვარსკვლავები საახალწლო სამოსზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, ეს თუ აისახა თქვენს მუშაობაზე?

-  კი, რა თქმა უნდა, ამ მხრივ ძალიან დატვირთული პერიოდი გვაქვს. ადამიანი, რომელიც ახალი წლის ღამეს საზოგადოების წინაშე უნდა წარდგეს, განსაკუთრებულად ზრუნავს სამოსზე, ამიტომ ცდილობს, მაქსიმალურად მოდურად და კარგად გამოიყურებოდეს, ამაში კი ჩვენ, დიზაინერები ვეხმარებით. ბოლო წლებია ტრადიციასავით დაინერგა, რომ ახალი წლის ღამეს ყველა ახალ სამოსში ხვდება.

-  ასეთი დაძაბული გრაფიკის მქონე, თავად თუ იცლით იმისთვის, რომ ახალი წლის შესახვედრად რაიმე ახალი შეიკეროთ?

-  ეს ძალიან კომიკური მომენტია. ხშირად ერთი თვით ადრე ვწყვეტ ხოლმე რა ჩავიცვა ახალ წელს, ამას ჩემს ხელოსნებსაც ვუზიარებ, მაგრამ ბოლო დღემდე ჩემთვის შეკერვას ვერ ახერხებენ. რასაკვირველია, კლიენტებს ვანიჭებთ უპირატესობას და ეს ასეც უნდა იყოს, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, 31 დეკემბერს ნაჩქარევად მიკერავენ სამოსს.

-  ბოლო რამდენიმე წელია თბილისურ მაღაზიებში შეინიშნება წინასაახალწლო ფასდაკლებები, თუ სარგებლობთ ხოლმე ამ პერიოდში სეილებით?

-  კი, დიდი სიამოვნებით. სხვათა შორის, თბილისის მაღაზიებში ნამდვილად იყიდება კარგი ტანსაცმელი, მაგრამ ევროპულ ბაზართან შედარებით ფასები მაინც მაღალია, აქედან გამომდინარე, სეილებით ვსარგებლობ და შეიძლება ითქვას, რომ თბილისში სამოსს მხოლოდ ფასდაკლებების დროს ვყიდულობ.

-  რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, თუ შეგიძლიათ მოგვცეთ რჩევა ნაძვის ხის ფერებთან დაკავშირებით, შავი კი არის აქტუალური, მაგრამ ნაძვის ხეს ამ ფერებში ხომ ვერ მოვრთავთ? ან კიდევ, შავ სუფრას ხომ არ გადავაფარებთ საახალწლო მაგიდას?

-  გასაგებია, რომ შავი ფერით ნაძვის ხეს ვერ მორთავთ, მაგრამ სუფრაზე შესაძლებელია გამოვიყენოთ შავი ფერი, თუნდაც შავი ჭურჭელი, თეთრი და შავი ძალიან ლამაზია. ნაძვის ხის შემთხვევაში კი თეთრზე, ვერცხლისფერზე ან ოქროსფერზე შეაჩერეთ არჩევანი, ეს მოუხდება გველის წელს. ჩემი ნაძვის ხე მწვანეა, მაგრამ თეთრი და კრისტალისებური სათამაშოებით მოვრთეთ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს