რატომ არ სჯერათ მსახიობ ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობის

რატომ არ სჯერათ მსახიობ ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობის

რატი გოგატიშვილი, გიორგი ბარბაქაძე და ქეთა ორბელაძე საქართველოში ყველაზე პოპულარული ბავშვები არიან. ბევრ ტელემაყურებელს ისინი ოჯახის წევრებივით უყვარს და კვირის განმავლობაში მათთან "შეხვედრას" სიხარულით ელის. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია - პატარებისთვის განსაკუთრებულად საყვარელ დღესასწაულს - ახალ წელს ეს პოპულარული ბავშვები როგორ ატარებენ?

რატი გოგატიშვილი (ნიკა, სერიალიდან - "შუა ქალაქში"):

- იცი, თოვლის პაპის არსებობის მჯერა, მაგრამ იმის არ მჯერა, რომ დაფრინავს და საჩუქრები დააქვს. უბრალოდ, თავის ქვეყანაში, ლაპლანდიაში ზის... ვხუმრობ, რა თქმა უნდა (იცინის). ერთხელ ეზოში ვიყავი და დავინახე, ჩემს მეზობლად მცხოვრებ ბავშვს საახალწლო საჩუქარი როგორ შეუტანეს. ჰოდა, ყველაფერს მივხვდი; მაშინ 8-9 წლის ვიყავი. წინათ ვიჯექი და ველოდი, თოვლის ბაბუის ეტლი როდის გაივლიდა. ახლა ვიცი, რომ საახალწლო საჩუქრებს ნაძვის ხესთან მშობლები მახვედრებენ.

- სურვილების შესახებ "თოვლის პაპას" როგორ ატყობინებ?

- წერილებით, რომლებიც ასე იწყება: "მამა და დედა, მინდა, რომ მომიტანოთ..." ან - "ჩემო თოვლის ბაბუებო" (იცინის)...

- სურვილს ყოველთვის გისრულებენ?

- კი. ახლა მინდა, რომ ლეკვი მაჩუქონ...

- თოვლის პაპის არსებობის, შენს პატარა დაიკოს თუ სჯერა?

- ალბათ კი.

- "ჩამჭრელ" კითხვებს არ გისვამს?

- ერთხელ მკითხა: თოვლის ბაბუას რატომ ვერ ვნახულობ? ნაძვის ხესთან რომ დავიძინო, საჩუქარს დამიტოვებსო? მთელი ღამე ნაძვის ხესთან ჯდომას აპირებდა.

- ვინ გადააფიქრებინა?

- მე. ვუთხარი: გარეთ გავიდეთ, თოვლია და რაღაცები ავაფეთქოთ, გავერთოთ-მეთქი. ახალ წელს ყოველთვის ასე ვიქცევით.

- რატი, სერიალში ერთხელ ლაშამ და პაატამ შენი პერსონაჟი - ნიკა დაათვრეს. რეალურად, ალკოჰოლური სასმელი თუ გაგისინჯავს?

- კი. ახალ წელს ჭიქა ღვინოს ვსვამ, ხანდახან კი სადღეგრძელოსაც ვამბობ.

ქეთა ორბელაძე (ტასო, სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები"):

- ახალი წლის მოახლოება ძალიან მიხარია! მომწონს, რომ თოვლი მოდის, ყველაფერი გაბრწყინებულია, "სინათლეზე" ზარები ჰკიდია... მინდა, თოვლის ბაბუამ კარგი სათამაშო მომიტანოს.

- თოვლის პაპას შეხვედრიხარ?

- არა. თოვლის პაპა არ არსებობს!

- ეს ვინ გითხრა?

- თვითონ მივხვდი. იმიტომ არ არსებობს, რომ სინამდვილეში, ჩვეულებრივი ადამიანია. უბრალოდ, თოვლის ბაბუის ტანსაცმელი აცვია, წვერები უკეთია და ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნის. ამას ახალი წლის ერთ-ერთ დღესასწაულზე მივხვდი.

- როგორ მიხვდი?

- ჩვენი თოვლის პაპა ბაბუ კი არა, გოგო იყო!

- დარწმუნებული ხარ?

- კი: ის ჩვენი მეგობარი - ნუკა გახლდათ. უბრალოდ, თოვლის პაპის ფორმა ეცვა და "ბარბის" სახლი მომიტანა. ეს ამბავი ჩვეულებრივად მივიღე, რადგან თოვლის ბაბუის არსებობაში მანამდეც ეჭვი მეპარებოდა. ერთხელ საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი მქონდა. თოვლის პაპა რომ დავინახე, ძალიან შემეშინდა, რადგან ნამდვილი მეგონა. სინამდვილეში, ისიც ადამიანი ყოფილა.

- რატომ შეგეშინდა? თოვლის პაპა ხომ კეთილია?

- რა ვიცი, აბა? მაშინ პატარა ვიყავი.

- უკვე დაგეგმე - ახალი წლის დღესასწაულს როგორ გაატარებ?

- ვიცი, რომ თოვლის პაპამ საჩუქრებით უნდა გამართოს. ნაძვის ხე უკვე მოვრთე. დედიკოც მომეხმარა. ადრე მამიკომ თოვლის პაპასთვის მიწერილი ჩემი წერილი ქუჩაში დადო, თოვლის ბაბუამ კი აიღო, წაიკითხა, ჩვენს კარზე ზარი დარეკა, საჩუქრები დატოვა და წავიდა...

გიორგი ბარბაქაძე (ჯეკო, სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები"):

- ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. მომწონს, თოვლი რომ მოდის.

- თოვლის პაპის არსებობის ხომ გჯერა?

- არა და არც არასოდეს მჯეროდა. საახალწლო საჩუქრები დედას მოაქვს ხოლმე.

- ახალი წლის დღესასწაულს როგორ ატარებ?

- კარგად. მეგობრებთან ერთად "სალუტებს" ვისვრი, ქუჩაში გვიანობამდე ვრჩებით...

- ახალ წელს მეკვლე არ ხარ ხოლმე?

- ერთხელ ვიყავი: მე და ჩემი მეგობრები ახლობლის ოჯახს ვესტუმრეთ. ჯერ კართან ზარი დავრეკეთ, მერე სახლში შევედით და კანფეტები ჭერში ავყარეთ. იმ ოჯახისთვის ის წელი წარმატებული აღმოჩნდა. ჩემს ოჯახში მეკვლედ ჩემი რომელიმე მეგობარი ან ბიძაშვილი მოდის ხოლმე.

- ტკბილეული გიყვარს?

- ტკბილეული და საახალწლო სუფრა ძალიან მიყვარს. სხვადასხვა კერძის, მაგალითად - მწვადის, ხინკლის დაგემოვნება მომწონს...

- ნაძვის ხის მორთვაში თუ მონაწილეობ?

- მთლიანად მე ვრთავ ხოლმე.

- და-ძმა გყავს?

- კი, დაც მყავს და ძმაც. ისინი ჩემზე უფროსები არიან.

- მათ გითხრეს, - თოვლის პაპა არ არსებობსო?

- არა, ამას მე მივხვდი!

- როგორ დავიჯერო, რომ თოვლის პაპისთვის წერილი არასოდეს მიგიწერია?

- მე და ჩემმა და-ძმამ ერთხელ მივწერეთ. მაშინ პატარები ვიყავით. თოვლის პაპას ველოსიპედი და სხვა ნივთები ვთხოვე.

- თხოვნა აგისრულა?

- კი. გამოგიტყდები: თოვლის პაპის არსებობის 7 წლამდე მჯეროდა, მერე კი შევიტყვე, რომ არ არსებობს. ჰოდა, აღარ მჯერა.

- როგორ შეიტყვე?

- დედამ მითხრა.

- წელს რა გინდა, რომ "თოვლის პაპამ" გაჩუქოს?

- აიფონი ან აიპადი.

- საახალწლო საჩუქრების მისაღებად, მთელი წელი კარგად იქცევი ხოლმე?

- სკოლაში კარგად ვსწავლობ. ისე, ცოტა ცელქი კი ვარ...

- შენს დაიკოზეც გვიამბე რამე - ტასოს ჰგავს?

- ალბათ, ცოტათი ჰგავს: ტანსაცმელი და აქსესუარები უყვარს.

- გიო, სკოლის საახალწლო ღონისძიებებში არ მონაწილეობ?

- ჩემმა სკოლამ ოლიმპიადაზე, "ზღაპრების კონკურსში" ორჯერ გაიმარჯვა.

- საახალწლო სპექტაკლში ვის როლს ასრულებდი?

- ერთ სპექტაკლში შვილიშვილის როლი შევასრულე, მეორეში - ღორის.

- თოვლის პაპა სხვისთვის თუ ყოფილხარ?

- კი. ზოგ ბავშვს მისი არსებობის სჯერა. მათ თოვლის პაპის სახელით რაღაცებს ვჩუქნი ხოლმე.

- გვითხარი - 2013 წელს როგორ შეხვდები?

- "სალუტებს", "ბომბებს" ვიყიდი, სუფრას გავალამაზებ, ნაძვის ხესაც დავდგამ... ახალ წელს საათის ისარი 12-ს რომ გადასცდება, ქეიფს დავიწყებ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"