ვინ იყო პრეზერვატივების აკრძალვის სკანდალური კანონპროექტის ინიციატორი

ვინ იყო პრეზერვატივების აკრძალვის სკანდალური კანონპროექტის ინიციატორი

მოგეხსენებათ, ახალი მოწვევის პარლამენტი ქუთაისში გამაგრდა. სხდომის დაწყების პირველივე დღიდან უმრავლესობაში გადასულ ოპოზიციას და ოპოზიციაში გადასულ უმრავლესობას ტელე და ბეჭდური მედიის მხრიდან ყურადღება არ მოჰკლებია.

გარდა კურიოზული მომენტებისა, რაც დერეფნებში თაგვების სეირნობაში გამოიხატებოდა, რამდენჯერმე დეპუტატები ბეწვზე გადარჩნენ. შენობის გახსნის შემდეგ პირველივე წვიმამ შენობაში ჩააღწია და დერეფნებში გუბეები დადგა.

ბეწვზე გადარჩა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც, როდესაც მის კაბინეტში გასანათებელი მოწყობილობა ჩამოვარდა.

საკომიტეტო მოსმენისას ერთ-ერთი სათათბირო ოთახის კარს სახელური მოსძვრა და ნოდარ ხადური გამოსვლას ვერ ახერხებდა, დავით ნარმანია - შესვლას.

გარდა კურიოზებისა, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის პირველი სერიოზული ინციდენტიც მოხდა, როდესაც სიტყვით გამოსვლისას მეოცნებე ნუკრი ქანთარიამ "ნაციონალებს" პოლიტიკური სუტენიორები უწოდა და სთხოვა, ორი ახალგაზრდა ქალბატონი დროულად გაეთავისუფლებინათ. ამ ქალბატონებში, სავარაუდოდ, ახალგაზრდა დეპუტატები მარიამ საჯაია და თამარ ბოკუჩავა იგულისხმა. სიტყვიერი მუქარა და შელაპარაკება ოპერატიულად გადაიღო დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ, რომელიც ახალ პარლამენტში მედიასაშუალებების უშტატო "ჟურნალისტად" მუშაობს, ხშირ შემთხვევაში კი გოგას ნიუსები ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე ქუთაისში მივლინებული კორესპონდენტების.

პარლამენტში მიმდინარე სიტუაციამ განსაკუთრებულად კურიოზული და კომიკური სახე ერთ-ერთი კანონის განხილვისას მიიღო.

ერთი კვირის წინ ტელევიზიებმა საინფორმაციო გადაცემები უცნაური და სასაცილო ვიდეოთი დაიწყეს. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როგორ განიხილავენ კობა დავითაშვილი და ლევან ბერძენიშვილი პრეზერვატივის სახეობებს.

"პრეზერვატივს გააჩნია, მას შეიძლება ჰქონდეს არა დაცვითი, არამედ სიამოვნების მიღების საშუალებაც. თუ იგი გართულებულია გარკვეული ტექნიკური საშუალებებით", - ამბობდა ლევან ბერძენიშვილი.

"არსებობს ორი სახის პრეზერვატივი, ერთი დაცვისთვის და მეორეს აქვს სექსუალური სურვილის დაკმაყოფილების ფუნქცია. აი, სწორედ ის ვერ გაიყიდება და ესეთი გაიყიდება", - განიხილავდა დავითაშვილი "პრეზერვატივის" სახეობებს.

ქვეყანაში, სადაც სიტყვა "პრეზერვატივის" წარმოთქმა ხანდახან ღია ეთერში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც კი უჭირდათ, მათ დეპუტატებმა აჯობეს, თუმცა სიტუაცია იმდენად კომიკური აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელში იმ საღამოსვე გაჩნდა ფრთიანი ფრაზები.

თემას თბილისის ფორუმშიც გამოეხმაურნენ:

"უსიკებიან" პრეზერვატივებს გვართმევენ, სულში გვაფურთხებენ".

"ყოველი სექსის შემდეგ ქალს ბოდიში უნდა მოუხადო მანდილის წაბილწვისთვის და ისიც აუხსნა, რომ ბაღანას გულობიზა, თვარა, ამას რავა გაკადრებდიო".

"რა დროს ულვაშიანი პრეზერვატივის აკრძალვაა, დედამიწა კვდება, თქვე ოხრებო, მიეცით ბალღებსაც თავისუფლება. და ისე, ეს კანონი, 21 დეკემბრამდე შევა ძალაში?".

"ამდენი საქმეა პარლამენტში და ესენი პრეზერვატივებს მიადგნენ, როდესაც ამაზე რთული პრობლემებია გადასაჭრელი. ახლა ვნახავ, თუ კარგად არ მოიქცევა "ქართული ოცნება", ხმას აღარ მივცემ. ის, რომ სექსში სიამოვნების იდეას ებრძვიან, ჩემთვის მიუღებელია".

რეალურად რის აკრძალვას აპირებდნენ და რისგან იცავდნენ არასრულწლოვანებს, ამის თქმა კანონპროექტის დამცველებსაც გაუჭირდათ.

საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ამ ინიციატივის ავტორი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი თამთა ჭუმბურიძე ყოფილა. ხალხის ნაწილი იმ ფაქტმა გააღიზიანა, თუ რატომ გახდა მსგავსი ინიციატივის განხილვა ასეთი საჩქარო, როდესაც "ქართულ ოცნებას" ჯერ საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე უნდა ეზრუნა. ამაზე ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ კომიტეტში შემოსული ყველა კანონპროექტი განიხილება და მათი გადარჩევა არ ხდება.

აღნიშნული კანონის განხილვის პარალელურად სექსოლოგები შეშფოთდნენ და აღნიშნეს, რომ პრეზერვატივი თავდაცვის საშუალებაა და ის ქალბატონებს მხოლოდ დაფეხმძიმებისგან კი არა, პარტნიორებს სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან იცავს.

რაც შეეხება სახეობებს, სხვადასხვა ფერის პრეზერვატივებს და თუნდაც მასზე არსებულ დანამატებს, ის მხოლოდ მისაზიდად იქმნება და მომხმარებლის დაინტერესებას იწვევს.

"რუსთავი 2"-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კითხვაზე, რომელიც პრეზერვატივების სახეობებს ეხებოდა, პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა ასე უპასუხა:

"რაც შეეხება განსხვავებებს პრეზერვატივებს შორის, ჩვენს ქვეყანაში ერთი დიდი ექსპერტია ამ საქმის, მე ძალიან მოკრძალებული ვარ, საოჯახო მასშტაბებით ვმუშაობ, არის საერთაშორისო, აღიარებული ექსპერტი და მას მოვუხმოთ, ბატონი მიხეილ სააკაშვილი უკეთ გაგცემთ პასუხს".

მოგვიანებით ინიციატივის ავტ­ორმა თამთა ჭუმბურიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომ კანონში არანაირი ცვლილების შეტანა არ იგეგმება პრეზერვატივებთან დაკავშირებით, თუმცა კანონშივე წერია:

"თამბაქოსა და სექსუალური პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო (გარდა სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა) და სასწავლო დაწესებულებაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით".

საინტერესოა, რა იგულისხმება სექსუალური პროდუქციის რეალიზაციაში? გარდა პორნოგრაფიული ჟურნალებისა, ალბათ ბევრი რამ, მაგრამ სად გინახავთ თბილისურ სუპერმარკეტებსა თუ აფთიაქებში გასაყიდად გამოფენილი ვიბრატორები, ტყავის ქამრები და მათრახები?!. მაშინ რა დარჩა, დიახ, პრეზერვატივი! ოღონდ ისეთი არა, რომ იცავს, აი, ისეთი, როგორც კობა დავითაშვილი იტყოდა, სექსუალური დაკმაყოფილების ფუნქცია რომ აქვს.

ახლა კი, "პროლეტარიატის სექსუალური ქცევის კოდექსს" გაგაცნობთ, რომელიც 1924 წელს გამოქვეყნდა ბროშურაში "რევოლუცია და ახალგაზრდობა". 12 პუნქტისგან შემდგარ კოდექსში სექსუალური ცხოვრების "ოქროს წესები" შევიდა:

1. პროლეტარიატს შორის სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში არ უნდა დაიწყოს.

2. აუცილებელია ქორწინებამდე სქესობრივი მოთხოვნილებების შეკავება. ქორწინება კი სოციალური და ბიოლოგიური მომწიფების პერიოდში, 20-25 წლის ასაკშია დასაშვები.

3. სქესობრივი კავშირი მხოლოდ სიყვარულის ობიექტის მიმართ მრავალმხრივი სიმპათიებისა და მიჩვევის დასკვნითი ნაწილია.

4. სასიყვარულო აქტი მოცემულ მომენტში წყვილს შორის არსებული სიღრმისეული და რთული განცდების დაბოლოებაა.

5. სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს.

6. სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა დაუშვებელია. ამ მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები მრავალფეროვნებაა საჭირო.

7. სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური.

8. ყოველი სქესობრივი აქტისას გახსოვდეთ, რომ შეიძლება ბავშვი გაგიჩნდეთ - საერთოდ, ამ დროს იფიქრეთ შთამომავლობაზე.

9. სქესობრივი ობიექტის შერჩევა კლასობრივი რევოლუციის თანახმად, პროლეტარისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულობით უნდა მოხდეს.

10. სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფლირტი, თავის მოწონება, კეკლუცობა და სქესობრივი მოხიბვლის სხვა ხერხები.

11. დაუშვებელია ეჭვიანობა.

12. კლასს შეუძლია ჩაერიოს თავისი წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ, ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას ხელს არაფერში შეუშლის, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარება.

პროლეტარული საზოგადოების ლიდერებს ცოლ-ქმრის ურთიერთობის დეტალებიც გათვლილი ჰქონდათ. 60-იანი წლების ბოლოს ჟურნალი "დომოვოდსტვო" ქალს სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლის დახვედრის წესებს კარნახობდა:

"გახსოვდეთ, რომ ქმრის სამსახურიდან დაბრუნებისთვის ყოველდღე უნდა მოემზადოთ. ბავშვებიც მოამზადეთ - დაბანეთ, დავარცხნეთ და ლამაზად ჩააცვით. თქვენც მოწესრიგდით, სუფთა წინსაფარი გაიკეთეთ. სილამაზისთვის კარგი იქნება, თმაზე ბაფთა გაიკეთოთ. ახალმოსულ ქმარს ლაპარაკს ნუ დაუწყებთ, გაიხსენეთ, როგორ იღლება და ყოველდღიურად რამდენი რამის კეთება უწევს თქვენ გამო. ჩუმად ავახშმეთ, შემდეგ საშუალება მიეცით, გაზეთი წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკეთ..."

იგივე გამოცემა რჩევებს მამაკაცებსაც სთავაზობდა:

"სქესობრივი აქტის შემდეგ მეუღლეს სააბაზანოში გასვლის საშუალება მიეცით, მაგრამ უკან არ გაჰყვეთ. აცადეთ განმარტოვდეს, შეიძლება, ტირილი უნდა".

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ:ზნეობის პოლიცია დაადგენს, ბანანი არის თუ არა სექსუალური ხასიათის პროდუქტი - დებატები პარლამენტში

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"