როდის არღვევს წესებს ეკო ფანგანი

როდის არღვევს წესებს ეკო ფანგანი

მოდელი ეკო ფანგანი პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" აქტიურად არის ჩართული. ბევრს შრომობს, რათა "სამეჯლისო მათემატიკა" კარგად ისწავლოს. თურმე, ფოქსტროტის კოსტიუმისათვის დიზაინერი - ლაშა მდინარაძე ქსოვილს 4 დღე ეძებდა, რადგანაც ეკოს ნათელი, ფორთოხლისფერი კაბის ჩაცმა სურდა!..

- 16 წლის ვიყავი, როცა საჭეს პირველად მივუჯექი. ავტომობილის მართვა დამოუკიდებლად ვისწავლე. თავდაპირველად, მხოლოდ მოკლე მანძილზე ვბედავდი გავლას, შემდეგ კი მეგობრის მანქანით ქალაქშიც გავისეირნე. ერთი პერიოდი, როცა ავტომობილი მყავდა, მაგრამ მართვის მოწმობა არ მქონდა, ჯარიმის გადახდა ხშირად მიწევდა.

- პირველად რომელი მანქანა შეიძინე?

- "ბეემვე". ის მანქანა ძალიან მიყვარდა! ამჟამად "აუდი" მყავს. ამ ავტომობილს ჩემი ქება არ სჭირდება, მაგრამ მაინც აღვნიშნავ: თოვლში ჯიპივით დადის; სწრაფია...

- საიმედო მძღოლი ხარ?

- მიმაჩნია, რომ ვარ. რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებსაც ჩემს მანქანაში ჩაჯდომის არ ეშინიათ, მაგრამ ზოგიერთს შიში ეუფლება, რადგანაც მანქანა სწრაფად დამყავს. როცა მეჩქარება, მოძრაობის წესები "მერღვევინება", რის გამოც ჯარიმებში ბევრ ფულს ვიხდი. ძირითადად, ტელეფონზე ლაპარაკის გამო მაჯარიმებენ.

- მანქანის სარკეს გასაპრანჭად ხშირად იყენებ?

- კი. ავტომობილი ჩემი პატარა სახლია. "ბარდაჩოკში" ყველა ის ნივთი მაქვს, რაც ქალს სჭირდება.

- "საცობში" მოხვედრილს, დრო როგორ გაგყავს?

- "ფეისბუკზე" შევდივარ. იქ ხშირად წერენ: რა საშინელ საცობში ვდგავარო. შეიძლება, რადიოსაც მოვუსმინო. აბა, სხვა რა უნდა ვაკეთო?! ყოფილა შემთხვევა, როცა "საცობში" ან შუქნიშანთან გაჩერებულს ფეხსაცმელი გამომიცვლია. როცა დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, შინიდან სპორტული ფეხსაცმლით გამოვდივარ, მერე კი მას პირდაპირ ავტომობილში ვიცვლი.

- ვიდრე ავტომობილის დაბურული მინები აიკრძალებოდა, მანქანაში ტანსაცმელსაც ხომ არ იცვლიდი?

- მსგავსი რამ მხოლოდ ერთხელ მოხდა, ოღონდ - მაშინ ავტომობილს ჩემი მეგობარი გოგონა მართავდა. ძალიან გვეჩქარებოდა. საღამოს კაბა მეცვა და მისი გამოცვლა მინდოდა. ჰოდა, მართალია, ღამე იყო და მინებიც დაბურული გახლდათ, მაგრამ იმისთვის, რომ ჩემთვის თვალი არავის მოეკრა, მეგობარმა "გაზს" მთელი ძალით მიაჭირა ფეხი, მე კი ამასობაში კაბა გამოვიცვალე (იცინის).

- ავტომობილის მართვასთან დაკავშირებით, მამაკაცებისგან კომპლიმენტს ხშირად იღებ?

- კი, ბევრისგან მიმიღია მსგავსი კომპლიმენტი. მანქანებში კარგად ვერკვევი და როცა ჩემს ავტომობილს პრობლემა ექმნება, ყოველთვის ვხვდები, რა სჭირს. ამას წინათ, "რულევოი კალონკის" ზეთი დამოუკიდებლად გამოვცვალე. მოკლედ, რაც შემიძლია, ვაკეთებ.

- ავტომობილის მართვისას მამაკაცი მძღოლები არ გეფლირტავებიან?

- ჩემი აზრით, ეს სისულელეა! ასეთი საქციელი არ მიყვარს და ამაზე ყურადღება არასოდეს გამიმახვილებია. სხვის მანქანაში არ ვიყურები.

- ვინმეს ავტორბოლაში თუ გამოუწვევიხარ?

- კი, მაგრამ ასეთი რაღაცები არ მიყვარს. ერთხელ სუპერმარკეტიდან გამოსულს ვიღაც "ბეემვეთი" მელოდებოდა. მითხრა: მოდი, "ვიგონკაოთო". ჩემგან უარი რომ მიიღო, შემომთავაზა, - ფულზე "ვიგონკაოთო". ეგონა, ამ წინადადებით მაინც მოვიხიბლებოდი (იცინის).

- ამბობ, რომ ხშირად დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს. ალბათ, მანქანა იმაშიც გეხმარება, რომ საჭირო ადგილას, საჭირო დროს მიხვიდე, არ დაიგვიანო...

- დღის განმავლობაში მართლაც, სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწევს გადაადგილება და ჩემი მანქანით სულ აქეთ-იქით დავქრივარ: ხან სად დამინახავთ, ხან - სად. ცხადია, ასეთ დროს მანქანა დიდი კომფორტია. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ეს კომფორტი მაქვს. როცა საჭეს წლების განმავლობაში მართავ, მერე მანქანის გარეშე ყოფნა გიჭირს. თუმცა, საბოლოოდ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.

- საჭესთან ნასვამი მჯდარხარ?

- არა. კანონის მიზანმიმართულად დარღვევა არ მიყვარს. ცუდია, როცა ადამიანი საკუთარ თავს არ უფრთხილდება და სხვის სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.

- პატრულის თანამშრომელს უსამართლოდ თუ დაუჯარიმებიხარ?

- ერთი პერიოდი ხშირად მამოწმებდნენ, ფხიზელი ვიყავი თუ არა. მგონი, ლოთს არ ვგავარ და ამის გამო ცოტა არ იყოს, ვბრაზობდი. ერთხელ მეგობრის სახლიდან მოვდიოდი, როცა გამაჩერეს და დაინტერესდნენ, - ნასვამი ხომ არ ხარო? აპარატმა უჩვენა, რომ ალკოჰოლი მქონდა მიღებული. პატრულის თანამშრომელს ვუთხარი: კარგი, ჯარიმა გამომიწერე, ოღონდ, ვიდრე ამას გააკეთებ, ამ აპარატში შენც ჩაბერე-მეთქი. ჩავაბერვინე და აღმოჩნდა, რომ ისიც "ნასვამი" იყო. მაშინ მიხვდა, რომ აპარატი არ მუშაობდა. ჩემი უფლებების დასაცავად მზად ვიყავი. უსამართლოდ თავს არავის დავაჩაგვრინებ!

- საჭესთან ბილწსიტყვაობა თუ გჩვევია?

- როცა ვბრაზობ, შეიძლება, ჩემთვის რაღაც ჩავილაპარაკო... სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მანქანას მაჭუტის გარეშე აჩერებენ. ჰოდა, თუ ასეთ დროს დაუსიგნალებ, უმეტესობა პირდაპირ გინებაზე გადმოდის. ასეთ უცენზურო მძღოლს მანქანით გავკიდებივარ, დავწევივარ და მითქვამს: რაც ჩემზე თქვით, ეგ თქვენ მოგივიდეთ-მეთქი. მოკლედ, თუ დამლოცა, დალოცვილი იქნება, თუ მაგინა - შეგინებული (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება