ავტორი:

30-ზე მეტი ევროპარლამენტარი მოუწოდებს ჟოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი - რა წერია მიმართვაში და როგორ აფასებენ ამას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში

30-ზე მეტი ევროპარლამენტარი მოუწოდებს ჟოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი - რა წერია მიმართვაში და როგორ აფასებენ ამას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში

საქართველოს ხელისუფლების მუდმივმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით მათმა აგრესიულობამ უცხო აგენტების შესახებ "რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და ძალის გამოყენების კუთხით, ზღვარი გადალახა, - ამის შესახებ ლაპარაკია 30-ზე მეტი ევროპარლამენტარის წერილში, რომელსაც ისინი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს უგზავნიან.

"ამგვარმა ქცევამ კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ ცხრა ნაბიჯს, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის სტატუსი მიენიჭა და ევროკავშირის მიერ ამის უგულებელყოფა აღარ შეიძლება“, - აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გამოიჩინოს მტკიცე პოზიცია და მიიღოს ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.

"პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის "ქართული ოცნების“ ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.

მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.

მესამე, 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით შუალედური შეფასება უნდა მოხდეს შემდგომი შეფერხების გარეშე. ეს ზომა შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში "საქართველოში "უცხოური აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ”, - აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში დაუღალავად მუშაობენ ქართველი ხალხისა და მისი ევროკავშირში გაწევრების მისწრაფების მხარდასაჭერად.

"ჩვენ სიმტკიცეს ვინარჩუნებთ ამ კუთხით, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივეა და დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნულია წერილში.

წერილის ასლს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წერილს ხელს აწერს 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი, მათ შორის: პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, თიის როიტენი და სხვები.

  • აღნიშნულს უკვე მოჰყვა პირველი კომენტარები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებისგან.

"არ ვიცი [ევროპარლამენტარებს] რა დარჩათ სათქმელი რეზოლუციის მიღმა, თუმცა ეს არის კიდევ დამატებითი ინსტრუმენტი, რომ აქ რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

  • მისივე თქმით, 31 ევროპარლამენტარს შეეძლო საკუთარი მოსაზრებები იმ რეზოლუციაში დაეფიქსირებინა, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა.

“ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია და მე ვფიქრობ, რომ ამ 31 ევროპარლამენტარს შეეძლო საკუთარი მოსაზრებები იმ რეზოლუციაში დაეფიქსირებინათ, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა. არ ვიცი [ევროპარლამენტარებს] რა დარჩათ სათქმელი რეზოლუციის მიღმა, თუმცა ეს არის კიდევ დამატებითი ინსტრუმენტი, რომ აქ რამენაირად დაეხმარონ ევროპარლამენტარები საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ეს ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას, რასაც წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება ვერ დაუდგება.

“მე დავსვამდი კითხვას: რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები? რამდენად არის ის ქართული სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესში, როდესაც ხელისუფლებასაც და ხალხსაც აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებული სურვილი? საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს არ არის ხუმრობით გაკეთებული განცხადება, ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ეს ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას. ამას წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება ვერ დაუდგება”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

  • ანა ბუჩუკური - პარტია "საქართველოსთვის"

"სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, რადგან ამ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი ძალიან მკაფიო იყო, ეს სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი, - აცხადებს ანა ბუჩუკური.

"ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ ეს სტატუსი ქართველმა ხალხმა მოიპოვა, ამ მონაპოვარს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მეორეს მხრივ, ცხადია, რომ "ოცნების“, ივანიშვილის "ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო ნაბიჯს წინ, ევროკავშირისკენ ვერ გადადგამს. ვიმეორებ, სტატუსის შეჩერების მოთხოვნას, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, ასევე ძალიან ცხადია, ივანიშვილის პირობებში ეს ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ვეღარ გახდება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ის შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. როგორც ბუჩუკური აცხადებს, ქვეყნის პარტნიორები "მკაფიოდ ამბობენ, რომ ამ კანონის [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] პირობებში საქართველო ნაბიჯს წინ, ევროკავშირისკენ ვერ გადადგამს“.

"ჩემი გუნდის პოზიცია იქნა გაჟღერებული, რომ ამ რთულ პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მიუხედავად ხელისუფლების ნეგატიური თავდასხმითი გზავნილებისა, ჩვენმა პარტნიორებმა ქართველი ხალხის გვერდში დგომა გააგრძელონ და რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები მოგვეხმარონ, როგორც ეს 2012 წელს მოხდა, ქართველ ხალხთან ერთად ჩავატაროთ და დავიცვათ ნორმალურთან მაინც მიახლოებული არჩევნები“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

  • გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი"

"ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს - სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარების წერილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "რუსული კანონის" პირობებში საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი მყარდება და ავტორიტარული რეჟიმის მქონე არც ერთი ქვეყნის ადგილი არ არის ცივილიზებულ სამყაროში და ევროკავშირში.

"სიტუაცია არის ძალიან მძიმე, იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახაა, "რუსული კანონით“ საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. ამას აკეთებს ივანიშვილი და "ქართული ოცნება“. მაგიდაზე, სამოქმედო გეგმაში დევს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამოქმედოს. ალბათ ნახეთ ევროპარლამენტარების წერილი. სამწუხაროდ, საუბარია კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, შესაბამისად, ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს. სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული - რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ქვეყანა ერთიანია, ერი ერთიანია და ცალკეული პატარა ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, თავის მიზანს ვერაფრით მიაღწევს. პროტესტი არის დეცენტრალიზებული, ბუნებრივი და საბოლოო ჯამში, პროტესტი აუცილებლად მივა გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ვაშაძემ.