ავტორი:

"ყველაზე საშიში ფაქტი ისაა, რომ გამოიკვეთა ქართული "პრიგოჟინის დაჯგუფება", კერძო სადამსჯელო გვარდია" - რას წერს ნიკა გვარამია

"ყველაზე საშიში ფაქტი ისაა, რომ გამოიკვეთა ქართული "პრიგოჟინის დაჯგუფება", კერძო სადამსჯელო გვარდია" - რას წერს ნიკა გვარამია

გუშინდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაქტი ისაა, რომ გამოიკვეთა ქართული „პრიგოჟინის დაჯგუფება“, კერძო სადამსჯელო გვარდია, რომელიც გუშინ მიტინგს არბევდა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც 30 აპრილსა და 1-ელ მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისივე თქმით, არაუფლებამოსილი პირების მიერ სახელმწიფო რეპრესიული ფუნქციის მითვისება და განხორციელება არის არა მხოლოდ უმძიმესი ძალადობრივი დანაშაული, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

“გუშინდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაქტი ისაა, რომ გამოიკვეთა ქართული "პრიგოჟინის დაჯგუფება", კერძო სადამსჯელო გვარდია, რომელიც გუშინ მიტინგს არბევდა.

საუბარია "სარანგზე", დაცვის კერძო ფირმაზე, რომელიც ეკუთვნის „ხარებას“ (ზვიად ხარაზიშვილი, სახელმწიფო სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი) და ზვიად ჭოხონელიძეს (ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი).

არაუფლებამოსილი პირების მიერ სახელმწიფო რეპრესიული ფუნქციის მითვისება და განხორციელება (ფაქტობრივად, არაფორმალური ორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფების შექმნა) არის არა მხოლოდ უმძიმესი ძალადობრივი დანაშაული, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია“, - წერს გვარამია.

ცნობისთვის, პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 21:30 საათიდან დაიწყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ 6 საათის განმავლობაში ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაშავდა ათეულობით ადამიანი, რომელთაც პირველადი დახმარება სასწრაფოს ბრიგადებმა ადგილზევე აღმოუჩინეს.