ავტორი:

კონგრესში აცხადებენ, რომ აშშ მზადაა, უკრაინას ATACMS-ის რაკეტები აპრილის ბოლომდე გადასცეს

კონგრესში აცხადებენ, რომ აშშ მზადაა, უკრაინას ATACMS-ის რაკეტები აპრილის ბოლომდე გადასცეს

უკრაინამ, შესაძლოა, შეერთებული შტატებისგან იარაღის ახალი პარტია კვირის ბოლომდე მიიღოს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკ უორნერმა განაცხადა.

უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა და დასამტკიცებლად სენატს გადაუგზავნა, შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებსაც მოიცავს, რომელსაც შეუძლია, სამიზნეს 300 კილომეტრამდე მანძილზე დაარტყას.

"იარაღი გაიგზავნება როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს კანონპროექტს", - აღნიშნა უორნერმა.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, Atlantic Council-ის მკვლევარი, პიტერ დიკინსონი აცხადებს, რომ ATACMS-ის რაკეტები უკრაინას საშუალებას მისცემს, სამიზნეებზე დარტყმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყველა რეგიონში განახორციელოს.

სხვა ანალიტიკოსების აზრით, ATACMS-ის რაკეტები განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი სამიზნეების წინააღმდეგ, როგორიცაა თვითმფრინავები აეროდრომებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ლოგისტიკური ცენტრები.

ანალიტიკოსების აზრით, კიევის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ახალი პარტიების მიღებამ, შესაძლოა, რუსეთის სარდლობა აიძულოს, ბაზები და სამეთაურო პუნქტები ფრონტის ხაზიდან გადაიტანოს, რაც, თავის მხრივ, შეასუსტებს ოკუპირებული ტერიტორიების თავდაცვას.