ავტორი:

ბრიტანული კრიმინალური დაჯგუფებები პუტინის სანქცირებულ გარემოცვას ძვირად ღირებული მოპარული ავტომობილებით ამარაგებენ: როგორია ძარცვისა და "ნადავლის" მიწოდების სქემა

ბრიტანული კრიმინალური დაჯგუფებები  პუტინის  სანქცირებულ გარემოცვას ძვირად ღირებული მოპარული ავტომობილებით ამარაგებენ: როგორია  ძარცვისა და "ნადავლის" მიწოდების სქემა

ვლადიმერ პუტინის მეგობრებს ძვირადღირებული მანქანებით დიდი ბრიტანეთის კრიმინალური დაჯგუფებები ამარაგებენ. Telegraph-ის ცნობით, ბანდის წევრები მანქანებს ბრიტანეთში იპარავენ და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების გავლით რუსეთში აგზავნიან. საბოლოოდ, მათი ახალი მეპატრონეები კი არიან დიქტატორის მარჯვენა ხელები, რომლებიც სანქციების გამო დასავლური ფუფუნების საგნებით ძველებურად ტკბობას ვეღარ ახერხებენ.

პოლიციას მოპარული მანქანების შესახებ ინფორმაცია გაურკვეველმა წყარომ მიაწოდა, რის შემდეგადაც მათ გამოძიება დაიწყეს. მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა ექსპორტისთვის გამზადებული კონტეინერი დაცალეს, შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთეს. გამოცემის თქმით, კონტეინერში თავდაპირველად ველოსიპედები და სხვადასხვა ნივთები იპოვეს, თუმცა ყველაზე ბოლოს სამი მოპარული Range Rover-ი ნახეს, რომლებიც ლეიბებსა და ხალიჩებში იყო შეხვეული. ჩხრეკა 2022 წლის ივნისში ჩაატარეს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა... მას შემდეგ პოლიციამ კიდევ ათობით მსგავსი კონტეინერი აღმოაჩინა.

მომდევნო ჩხრეკისას Bentley-ს, Audi-სა და Toyota-ს 250 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების მანქანებთან ერთად, პოლიციამ 300 000 ფუნტიანი Rolls-Royce Dawn-იც აღმოაჩინა. კონტეინერში მათთან ერთად ასევე იყო 13 დაშლილი მანქანაც.

გასულ წელს ესექსის პოლიციის სადაზვერვო განყოფილებამ 60-ზე მეტი მსგავსი კონტეინერი აღმოაჩინა. ასეთი კონტეინერებით ჯამში 240 მანქანა გადაჰქონდათ, რომელთა საერთო ღირებულებაც 13 მილიონ ფუნტს შეადგენდა. როგორც წესი, რუსეთში გაგზავნამდე, ისინი ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის ან აზიის მიმართულებით მიჰქონდათ.

გამოცემის ვარაუდით, ბოლო ორ წელში მოპარული მანქანების რაოდენობის ზრდის მიზეზი უკრაინაში მძვინვარე ომი უნდა იყოს. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, პუტინის სამეგობროს დასავლური ფუფუნების საგნები შემოაკლდა, მათ შორის ძვირფასი მანქანებიც. გზა, რომლის წყალობითაც ისინი სანქციებს თავს არიდებენ, ასეთია: მოპარულ მანქანებს ჯერ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გზავნიან, შემდეგ კი რუსეთში.

ბრიტანული ბანდები ორგანიზებულად მოქმედებენ. ისინი მყიდველისგან გარკვეული მანქანის მოდელის, ან ნაწილების შეკვეთას იღებენ და შემდეგ მათზე სანადიროდ დიდ ქალაქებს სტუმრობენ. ისინი გასაქურდად სუსტ სამიზნეებს ეძებენ, მანქანებს იპარავენ, სადმე აჩერებენ და ელოდებიან, ვინმე თუ მოაკითხავს. თუ არავინ მივა, ძრავას და სხვა ნაწილებს იღებენ, ან მთლიანად მანქანას ექსპორტისთვის ამზადებენ.

დიდი ბრიტანეთის კრიმინალური დაჯგუფებები ხშირად ექსპორტისთვის გამზადებულ კონტეინერებს ლითონის სხვადასხვა სახის ნაწარმით ტვირთავენ, რათა მანქანები არ გამოაჩინონ და საბაჟოს სკანერები შეცდომაში შეიყვანონ.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა