ავტორი:

"ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს" - 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა

"ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს" - 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კანონპროექტის მიღებას 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი (210 დემოკრატი, 101 "რესპუბლიკელი“), წინააღმდეგ კი 112 წავიდა (ყველა "რესპუბლიკელი“). მის მიღებას კონგრესმენების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

ახლა პაკეტი განსახილველად აშშ-ის კონგრესის ზედა პალატას, სენატს გადაეცემა ისევე, როგორც ცვლილებები სენატის კანონპროექტში HR.815 აშშ-ის საერთაშორისო დახმარების შესახებ, რომელიც თებერვალში მიიღეს. ამან უნდა გაამარტივოს პაკეტის სენატში დამტკიცების პროცედურა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ის მას ხელს მოაწერს.

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას - წარმომადგენელთა პალატას, ორივე პარტიას და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს “გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიას სწორ მსვლელობას უნარჩუნებს.”

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში - სენატში, რის შემდეგაც, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეცემა.

“დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება მნიშვნელობა მსოფლიოში და არასდროს განიცდის მარცხს, სანამ ამერიკა მათ დაცვაში დახმარებას გაწევს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი აშშ-ის დახმარების შესახებ, რომელიც დღეს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, დაგვეხმარება აღვკვეთოთ ომის გაფართოება, გადაარჩენს ათასობით და ათასობით სიცოცხლეს და ორივე ჩვენს ერს უფრო ძლიერს გახდის”,- წერს ზელენსკი.

  • "ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაX-ის პირად გვერდზე წერს.

"ცუდი დღე პუტინისთვის. ცუდი დღე ნებისმიერისთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება იმის დაცვას, რისაც მას სჯერა. მადლობელი ვართ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, მისი სპიკერისა და ორივე პარტიის წევრების, უკრაინის დახმარების დიდი ხნის ნანატრი კანონპროექტის მიღებისთვის.

ყველამ, ვინც ეს გადაწყვეტილება რეალობად აქცია, სწორი არჩევანი გააკეთა. შეერთებულმა შტატებმა კვლავ დაადასტურა თავისი გლობალური ლიდერობა. ველით, რომ კანონპროექტი სწრაფად იქნება მიღებული სენატში, ხელი მოეწერება პრეზიდენტის მიერ და მას ფრონტის ხაზზე ჩვენი მეომრები იგრძნობენ”, - წერს კულება.

  • "უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მიღება ამერიკის ლიდერობაზე ნათელ სიგნალს აგზავნის", - ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის და აშშ-ის სხვა პარტნიორებისთვის დახმარების პაკეტის მიღებაზე.

"დღეს წარმომადგენელთა პალატის ორივე პარტიის წევრებმა ხმა მისცეს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევას და ნათელი მესიჯის გაგზავნას მსოფლიო არენაზე ამერიკული ლიდერობის ძალის შესახებ. ასეთ კრიტიკულ გარდამტეხ მომენტში ისინი გაერთიანდნენ, რათა ისტორიის მოწოდებისთვის ეპასუხათ და მიიღეს სასწრაფოდ საჭირო ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი, რომლის დამტკიცებისთვისაც თვეების განმავლობაში ვიბრძოდი…

მოვუწოდებ სენატს სწრაფად გამოაგზავნონ ეს პაკეტი ჩემს მაგიდაზე, რათა შემეძლოს ხელი მოვაწერო მას და კანონად ვაქციო, და სწრაფად შევძლოთ უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა, რათა გადაუდებელი საბრძოლო საჭიროებები დაიკმაყოფილონ,” - განაცხადა ბაიდენმა.