ავტორი:

"საქართველოს, რომელიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიული ტრანსფორმაციის ლიდერი იყო, დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებენ“ - რას წერს უცხოური მედია?

"საქართველოს, რომელიც  ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიული ტრანსფორმაციის  ლიდერი იყო, დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებენ“ - რას წერს უცხოური მედია?

ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებს უცხოური მედია.

  • "საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი "უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების გზას და საპროტესტო აქციებს იწვევს, - ამის შესახებ Reuters-ის სტატიაშია აღნიშნული.

გამოცემა წერს, რომ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 33 წლის შემდეგ დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას.

"პარლამენტის წინ, კანონპროექტის 10 000-მდე მოწინააღმდეგე შეიკრიბა. რამდენიმე ათასმა მომიტინგემ მთავრობის შენობასთან გადაინაცვლა, რომელსაც მკაცრად იცავდა პოლიცია, ისინი კანონპროექტის მთავარ მხარდამჭერთან - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, შეხვედრას მოითხოვდნენ“, - აღნიშნულია სტატიაში.

Reuters-ი წერს, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება“, რომელსაც ავტორიტარიზმსა და რუსეთთან გადაჭარბებულ სიახლოვეში ადანაშაულებენ, აცხადებს, რომ კანონპროექტი აუცილებელია გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და უცხოელთა მიერ დაწესებული "ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

"საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი“ ციტირებს პრემიერ-მინისტრის კომენტარს, რომლის თქმითაც, დასავლელ პოლიტიკოსებს კანონპროექტის წინააღმდეგ არც ერთი მართებული არგუმენტი არ წარმოუდგენიათ და მათი განცხადებები მთავრობას აზრს ვერ შეაცვლევინებს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის როლი უმეტესად ფორმალურ ხასიათს ატარებს, განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მას ვეტო-ს დაადებს. მაგრამ მისი ვეტოს დაძლევა შეუძლიათ“, - აღნიშნულია სტატიაში.

  • "ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საქართველო წლების განმავლობაში ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, მაგრამ ამჟამინდელ მმართველ პარტიას ქვეყნის რუსეთთან დაახლოებაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ საუბარია France 24-ის სტატიაში "საქართველოში სადავო კანონპროექტს "უცხოური გავლენის“ შესახებ ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს“.

გამოცემა წერს, რომ საკამათო კანონი "უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელიც ოპონენტების თქმით, ძირს უთხრის თბილისის ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოში ოთხშაბათს 20 000-მდე მომიტინგემ გააპროტესტა.

"საქართველოს, რომელიც ოდესღაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიული ტრანსფორმაციის წამყვანი ლიდერი იყო, ბოლო წლებში დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებენ“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც "ცნობილია ანტიდასავლური რიტორიკით და ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ერთგულია“, განაცხადა, რომ კანონი ხელს შეუწყობს დასავლური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას.

"მაგრამ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტში ჩატარებულ კენჭისყრას "ძალიან შემაშფოთებელი განვითარება“ უწოდეს და ერთობლივ განცხადებაში განაცხადეს, რომ "ამ კანონმდებლობის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე და ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს“, -აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, მაგრამ განაცხადა, რომ თბილისს მოუწევს სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირება, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, პრესის თავისუფლების გაუმჯობესება და ოლიგარქების ძალაუფლების შემცირება, სანამ წევრობის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება.

"პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დაპირისპირებულია მმართველ პარტიასთან, განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება ეწინააღმდეგება "მოსახლეობის ნებას“ და დაგმო ის, როგორც "რუსეთის დესტაბილიზაციის სტრატეგია“.

ვაშინგტონმა ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ კანონი "საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს“, - აღნიშნულია სტატიაში.