ავტორი:

უკრაინა "ჭკვიანი" დრონების წარმოებას აანონსებს - "ბოლო თვეებში განადგურებული რუსული ტანკების 2/3 -ზე მეტი დრონების საშუალებით ააფეთქეს"

უკრაინა "ჭკვიანი" დრონების წარმოებას აანონსებს - "ბოლო თვეებში განადგურებული რუსული ტანკების 2/3 -ზე მეტი დრონების საშუალებით ააფეთქეს"

"საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალები სულ უფრო ხშირად იყენებს დრონებს. ბოლო თვეებში განადგურებული რუსული ტანკების 2/3 -ზე მეტი უკრაინამ დრონების საშუალებით ააფეთქა" - წერს ამერიკული გამოცემა Foreign Policy ნატოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მესამე წელს, FPV დრონებს უკრაინის ბრძოლის ველზე ორივე მხარე იყენებს. დრონების ღირებულება დაახლოებით 400 დოლარია და შეუძლია 5 ან მეტი კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა. დრონზე ხშირად ამაგრებენ ყუმბარებს ან თვითნაკეთ ბომბებს, რომლებიც ზოგჯერ ფრენისას ფეთქდება. ასეთი დრონები აღჭურვილია საკმაოდ იაფფასიანი კამერებით რის გამოც, ღამით ან ღრუბლიან ამინდში მიზნამდე მიღწევა უჭირთ.

საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის უფროსი თანამშრომელი რობ ლი გამოცემასთან ამბობს, რომ FPV დრონები 50%-ზე ნაკლები სიზუსტით მუშაობს. მისი თქმით, ერთი ტანკის გასანადგურებლად, შესაძლოა საჭირო გახდეს ათი ან მეტი FPV დრონი.

როგორც Foreign Policy წერს, ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამოკიდებულს ხდის უპილოტო საფრენ აპარატებზე, რადგან კიევი ჯერ კიდევ ელოდება საბრძოლო მასალის მიწოდებას შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ქვეყნებიდან.

  • რას ამბობს ბრიტანული დაზვერვა FPV დრონების გავლენის შესახებ

2024 წლის ზამთარში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუს ოკუპანტებს უჭირთ უკრაინული დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან უკრაინელი სამხედროები დრონებს არტილერიასთან ერთად იყენებენ რუსული სამხედრო ტექნიკის გასანადგურებლად.

დაზვერვამ რუსი სამხედრო მეთაურის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რაიონის სოფელ კრინკის მიდამოში გაანადგურეს რუსული სამხედრო ტექნიკის თითქმის 90 პროცენტი.

ბრიტანეთის დაზვერვის ოფიციალურმა პირები აცხადებენ, რომ რუსეთის უუნარობა დაუპირისპირდეს FPV დრონებს, სავარაუდოდ, განპირობებული იყო რეგიონში რუსული ელექტრონული ომის შესაძლებლობების ნაკლებობით.

"ჭკვიანი“ დრონები ნაკლებად მგრძნობიარენი იქნებიან რუსული ელექტრონული ომის სისტემების მიმართ თუ მათი დიაპაზონი არ გაფართოვდება. ეს კი საშუალებას მისცემს ოპერატორებს, გააგზავნონ დრონები უფრო სიღრმეში.

"უკრაინას აქვს გეგმა, შექმნას ხელოვნური ინტელექტით (AI) აღჭურვილი დრონები, რომელთა ჩამოგდებაც რუსეთს გაუჭირდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ციფრული განვითარების საკითხებში ეკატერინა ჩერნოგორენკომ განაცხადა", - იუწყება The Telegraph.

ჩერნოგორენკოს თქმით, ახალი ტიპის თავდასხმის დრონები ნაკლებად მგრძნობიარე იქნებიან რუსული ელექტრონული ომის (EW) სისტემების მიმართ და მათი დიაპაზონი გაფართოვდება.

დრონების მოთხოვნები ასეთია: ისინი უნდა იყოს ავტონომიური, შეეძლოთ დამოუკიდებლად ამოიცნონ და შეუტიონ სამიზნეებს, ჰქონდეთ ვიზუალური ნავიგაცია. გაშვების შემდეგ, კონტროლს ხელოვნური ინტელექტი აიღებს და დრონს სამიზნემდე უხელმძღვანელებს.

ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონების წარმოება, გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით მიმდინარე Drone Coalition პროგრამის ნაწილია. პროგრამა ითვალისწინებს ერთობლივი საწარმოს შექმნას, სადაც ჩართულები იქნებიან უკრაინელი და უცხოელი ექსპერტები. თუმცა, ბრიტანული სამხედრო წყაროები უარყოფენ, რომ მთავრობა უკრაინელ ინჟინრებთან ერთად ავტონომიური თვითმფრინავების წარმოებაში რაიმე როლს ითამაშებს.

დასავლურმა დაზვერვამ აღიარა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ დრონები, რომლებსაც შეუძლიათ 965 კმ-ზე მეტი სიშორის მანძილზე არსებულ სამიზნეებზე თავდასხმა. მსგავსმა ცვლილებებმა და ინოვაციებმა, როგორც კომერციულ, ისე ხელნაკეთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები სასიკვდილო იარაღად აქცია რუსეთთან ომში.

"ჩვენ გვესმის, რომ ერთობლივი წარმოების დაწყება ჯერ კიდევ საკმაოდ შორს არის, მაგრამ გვინდა ამ მიმართულებით ვიმოქმედოთ, რათა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ტექნოლოგიური იარაღის წარმოება“, - განაცხადა ეკატერინა ჩერნოგორენკომ.