ავტორი:

საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული და რუსული მედია შოიგუსა და ლეკორნუს საუბრის დეტალებზე

საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული და რუსული მედია შოიგუსა და ლეკორნუს საუბრის დეტალებზე

საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde-ი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკეზე დაყრდნობით წერს.

  • განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთს თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუსა და მისი რუსი კოლეგა სერგეი შოიგუს შორის საუბარი, რომელიც 3 აპრილს შედგა, უპირველეს ყოვლისა, მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხებოდა.

ლეკორნუმ 22 მარტს, მოსკოვის ოლქში, “ისლამური სახელმწიფოს” მიერ მოწყობილი ტერაქტი დაგმო, დაშავებულებსა და მათ ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადა.

“მან დაადასტურა, რომ საფრანგეთს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, რომელიც ამ ტერაქტსა და უკრაინას შორის კავშირის დადგენას გახდიდა შესაძლებელს. ლეკორნუმ მოუწოდა რუსეთს [ამ ინციდენტის] ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაცია შეწყვიტოს”, - აღნიშნულია კომუნიკეში.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე დაგმო აგრესიული ომის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, აღნიშნა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას “იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება მისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში, რათა მშვიდობა და უსაფრთხოება დაბრუნდეს ევროპულ კონტინენტზე”.

  • აღნიშნული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიაც ავრცელებს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

რუსული მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მწუხარება გამოთქვა "კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმის გამო და "დაჟინებით ცდილობდა დაერწმუნებინა რუსი კოლეგა, რომ კიევი და დასავლეთის ქვეყნები ამ თავდასხმაში არ მონაწილეობდნენ და ყველაფერი "ისლამურ სახელმწიფოს“ დააბრალა“.

შოიგუმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ საქმეზე გამოძიება აუცილებლად დასრულდება და ყველა პასუხისმგებელი პირი დამსახურებულ სასჯელს მიიღებს.

"კიევის რეჟიმი არაფერს აკეთებს დასავლელი კურატორების თანხმობის გარეშე. ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაში საფრანგეთის სპეცსამსახურები არ დგანან ამის უკან", - განაცხადა შოიგუმ ფრანგ კოლეგასთან საუბრისას.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში ფრანგი სამხედრო მოსამსახურეების შესაძლო გაგზავნაზე და სერგეი შოიგუმ ფრანგი კოლეგა გააფრთხილა იმ პრობლემების შესახებ, რაც პარიზს ამ გეგმების განხორციელების შემთხვევაში შეექმნება.

ამასთან, რუსული მხარის ინფორმაციით, შოიგუმ და ლეკორნუმ აღნიშნეს მზადყოფნა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დიალოგისთვის და ხაზი გაუსვეს, რომ ჟენევაში რუსეთის მონაწილეობის გარეშე სამიტის ჩატარება უაზროა.