ავტორი:

აგრესორი რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა უკრაინაზე - პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა; რუმინეთში დრონის ნამსხვრევები იპოვეს

აგრესორი რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა უკრაინაზე - პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა; რუმინეთში დრონის ნამსხვრევები იპოვეს

29 მარტის ღამით რუსმა სამხედროებმა, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალი შეტევა დაიწყეს. უკრაინის დასავლეთ ტერიტორიების დაბომბვის გამო, მეზობელი პოლონეთის სამხედრო თვითმფრინავები სამხედრო ბაზებიდან აფრინდნენ.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის მიმართულებით 99 სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დრონი იყო გასროლილი. მათი ინფორმაციით, ჩამოაგდეს 58 დრონი და 26 რაკეტა. საჰაერო ძალების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმის დროს რუსეთის არმიამ გამოიყენა სხვადასხვა ტიპის რაკეტები.

  • უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, შეტევის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადისა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში. მათივე თქმით, თავდასხმის სამიზნე იყო ელექტროენერგიის წარმოების ობიექტები.

ენერგოკომპანია "უკრენერგო“ აცხადებს, რომ ქვეყნის სხვადასხვა რაიონში დაზიანდა თბო და ჰიდროელექტროსადგურები .

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარასკევს ღამით თავდასხმების სამიზნეში აღმოჩნდნენ კანევისა და დნესტრის ჰიდროელექტროსადგურები.

მისი თქმით, ამ ჰიდროელექტროსადგურების მიზანმიმართული დაბომბვა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მოლდოვისთვისაც.

"ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს (იგულისხმება კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება, რაშიც კიევი რუსეთს ადანაშაულებს - რედ.). მაგრამ ახლა საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა. წყალი სასაზღვრო ბოძების წინ არ გაჩერდება, ისევე როგორც არ გაჩერდება რუსული ომი, თუ ერთად და დროულად არ გავაჩერებთ მას უკრაინაში“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა სახის დაზიანება მიიღო ამ ორმა ჰიდროელექტროსადგურმა.

დნესტრის ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს უკრაინის ჩერნივცის რაიონში, მოლდოვას საზღვართან.

  • თავდასხმა ლვოვის რეგიონზე

რუსეთმა კვლავ დაარტყა ლვოვის ოლქის ქალაქ სტრიის ტერიტორიას, სადაც გაზის დიდი საცავია განთავსებული. შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, მაგრამ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ "მტრის იარაღის ნამსხვრევებმა დააზიანა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი“.

უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის გამო, პოლონეთმა ღამით თავისი სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა; ფრენებში ნატოს სხვა ქვეყნების თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ.

"გატარებულია ყველა საჭირო პროცედურა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

მანამდე პოლონეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ 24 მარტს, უკრაინაზე მასიური დარტყმის დროს, რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში 39 წამის განმავლობაში შევიდა.

  • დრონის ნამსხვრევები რუმინეთში

ნატო-ს წევრი რუმინეთი აცხადებს, რომ მდინარე დუნაის მახლობლად, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ფერმაში დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

ფრაგმენტები, რომლებიც თითქოს საჰაერო მოწყობილობის (დრონისაა), იდენტიფიცირებული იქნა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე Insula Mare a Brailei-ში“, - ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული თავდაცვის სისტემის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების სპეციალიზებულ სტრუქტურებთან ერთად მომხდარის გამოძიებას აწარმოებს.

ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ დრონმა რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა და მასზე დატანილი წარწერები რუსულ მარკირებას ჰგავს, რომელსაც „შაჰიდის“ ტიპის დრონებზე აკეთებენ.

თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ მისი ჩამოვარდნის დროს ხმამაღალი აფეთქების ხმა გაისმა. წყაროების ინფორმაციით, ეს რუსული დრონი იყო, რომლის სამიზნესაც დუნაიზე მდებარე უკრაინული პორტები წარმოადგენდნენ, თუმცა მას GPS ნავიგაციის სისტემამ უმტყუნა