ავტორი:

"ბრჭყალები გამოაჩინა ბიძინა ივანიშვილმა და დაერია შიგნით..." - ალეკო ელისაშვილი

"ბრჭყალები გამოაჩინა ბიძინა ივანიშვილმა და დაერია შიგნით..." - ალეკო ელისაშვილი

"ლელოს“ რა სიცანცარე სჭირს, ვერაფრით ვხვდები , - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ლელოს" გადაწყვეტილებას, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას არ დასწრებოდა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება“ თავისით არაფერს დათმობს, თუ ოპოზიცია ბრძოლაში არ შეჰყვა.

"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, იმიტომ, რომ იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. არგუმენტირებული რაღაცებიც თქვეს და არაარგუმენტირებულიც. ეს იყო ძალიან წყნარი და მშვიდი დისკუსია. უამრავი ადამიანი მონაწილეობდა, რადგან კამერები არ იყო, ქულებს ვერავინ ვერ ჩაიწერდა და ცოტა მოსაწყენიც კი იყო, მაგრამ სამუშაო ამბავია. შევთანხმდით, რომ ეს იყო პირველი მოთელვა, ორ კვირაში შევხვდებით.

რამდენსაც მიაწვები, იმდენს წაგლეჯ რაღაცას. თვითონ რატომ დაგითმობს "ქართული ოცნება“, თუ პირდაპირ ბრძოლაში არ შეყევი, გაეცალე და თქვი, რომ ესენი მაინც არაფერს არ იზამენ? ბოდიში, მაგრამ ევროკავშირის რეკომენდაციაა ეს ოხერი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

"არაფერ ცვლილებას არ ველოდები. ორივე ირაკლი ერთნაირად საზიზღრად ლაპარაკობდა დასავლეთზე და ოპოზიციაზე და ა.შ.. "ქართულ ოცნებაში“ ზოგადად არაფერი შეიცვლება, თუმცა იმედი მაქვს, რომ კობახიძეც არ წაიყვანს თავის შვილებს თვითმფრინავით და არ ასეირნებს აქეთ-იქით სახელმწიფოს ხარჯზე. იმედი მაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ. მისთვის უკეთესი იქნება ასე არ მოიქცეს. ქვეყნისთვის არაფერი არ შეიცვლება. ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკური კურსით კი არ შეწუხდა ან სხვა რაღაცით, ბიძინა ივანიშვილი წკეპლით გამოვიდა და ფეხებში ურტყამს "ოცნების“ ტიპებს. ეუბნება: თქვენ ხომ არ გგონიათ, მართლა მმართველი პარტია ხართ, პრემიერ-მინისტრები იყავით სინამდვილეში. ჩემი აზრით, ბრჭყალები გამოაჩინა ბიძინა ივანიშვილმა და დაერია შიგნით. გაექცა ცოტა სადავეები და ამ სადავეებს ქაჩავს ახლა ძალიან მყარად“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ ასევე: