„წინანდლის პრემიით“ „პალიტრა L-ის“ ავტორი დაჯილდოვდა

„წინანდლის პრემიით“ „პალიტრა L-ის“ ავტორი დაჯილდოვდა

„პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის“ გამარჯვებული მათე ბაღაშვილი წინანდლის პრემიით დაჯილდოვდა. ავტორმა პრემია პროზის კატეგორიაში მიიღო.

ამავე ღონისძიების ფარგლებში „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა „პალიტრა L-ის“ კონკურსის კიდევ ერთ გამარჯვებულს ანი ბალიაშვილს.

მათე ბაღაშვილი მკითხველმა სულ ახლახან გაიცნო სადებიუტო რომანით „ბეტონების იქით“, რომელიც ავტობიოგრაფიული ფაქტებითაც არის გაჯერებული და შესაძლოა, მკითხველმა მასში საკუთარ ბავშვობასთანაც იპოვოს ბევრი პარალელი. ანი ბალიაშვილი ასევე სადებიუტო რომანში „ფსკერზე“ შეეხო ჩვენს ქვეყანაში არსებულ მწვავე საკითხს - ქალებზე ძალადობას და საზოგადოების ინტერესი სწრაფადვე დაიმსახურა.

ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოება წელს 8 დეკემბერს გაიმართა. პრემია უკვე 25 წელია არსებობს და მისი შექმნის იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა.

სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომდევნო წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟით ხორციელდებოდა "წინანდლის პრემია".

R