ავტორი:

"თავიდან ძალიან გავუბრაზდი ბავშვს, შემეშინდა, ვინმეს ხომ არ მოპარა-მეთქი... ვიდეო არ უნდა გასაჯაროებულიყო" - რას ამბობს დედა შვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია?

"თავიდან ძალიან გავუბრაზდი ბავშვს, შემეშინდა, ვინმეს ხომ არ მოპარა-მეთქი... ვიდეო არ უნდა გასაჯაროებულიყო" - რას ამბობს დედა შვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია?

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა ბიჭს, რომელიც ყვავილებს ყიდის, გამვლელი ქალბატონი ეხმარება. ვიდეოში ქალი პატარას რამდენიმე ლარის კუპიურას აძლევს და ბოლოს - დოლარს. ბავშვი ტირილს იწყებს, ამბობს, რომ გრიპი აქვს და წამლისთვის თანხა სჭირდება. ვიდეო დღის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა გააზიარა. მათი დიდი ნაწილი უცნობ ქალს აქებდა, თუმცა უფლებადამცველები წერენ, რომ არასრულწლოვანის ვიდეოს ამ სახით გამოქვეყნება დაუშვებელია.

ლალი ბერინაშვილი გიორგის დედაა, ქალმა პირველად შვილის ვიდეო ოქტომბერში ნახა. ამბობს, რომ ჯერ კიდევ მაშინ უნდა მოეთხოვა დაბლოკვა, რადგან ვიდეოს გამოქვეყნებით მისი შვილის უფლებები შეილახა.

ლალი ბერინაშვილი:

- სამი შვილი მყავს, უფროსი გოგონა მეორე კურსის სტუდენტია, ძალიან განიცადა, ეს ვიდეო რომ ნახა. კიდევ მყავს ორი ბიჭი, გიორგი, ვინც ვიდეოში ჩანს, უმცროსია. გუშინ, შუადღეს გამოქვეყნდა ეს ვიდეო, თამარ ღლონტის პროფილზე, ბავშვს ვინც ფულს აძლევს, სტომატოლოგი ყოფილა, ზიზი ჰქვია. ეს ვიდეო შარშანდელია, ამ გოგოს შემოდგომით ჰქონდა გამოქვეყნებული, მაგრამ ცოტა ნახვა ჰქონდა. გუშინ, რაც ამ თამარ ღლონტმა დადო, აფეთქდა მთელი სოციალური ქსელი.

ყველა მეგობარმა და ნათესავმა დამირეკა. მიგზავნიდნენ პირადში ვიდეოს, ლალი, ეს შენი გიოა? - ნამდვილად სიკეთე გამოიჩინა, რომ დაეხმარა, მაგრამ აუცილებელი არ იყო, რომ გამოექვეყნებინა. იქნებ არ მინდა და არ მსიამოვნებს. გვიწერდნენ სალანძღავ კომენტარებს, ყველას ვერც ვუპასუხე.

- რა მოხდა იმ დღეს, როდესაც გიორგის ფული აჩუქეს და შინ დაბრუნდა?

- მომიყვა, დედა, გზაზე ვიჯექი და ყვავილებს ვყიდდი, უცებ მანქანამ გაიარა, შემდეგ უკან წამოვიდა და ფული მაჩუქაო. არ უთქვამს არაფერი, რაც მანდ ისმის. უბრალოდ, მკითხა, რატომ ყიდი და ვუპასუხე, რა ვიციო. არანაირი გრიპი, არაფერი არ უთქვამს, ის რასაც ვიდეოში იძახის.

სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ძალიან გავუბრაზდი გიორგის. შემეშინდა, დავიბენი, ვინმეს ხომ არ მოპარა-მეთქი. ძალიან განვიცადე, მეუბნებოდა არ მომიპარავსო. ვუთხარი, რატომ არ გამოართვი ნომერი, დავურეკავდი ამ ქალბატონს და მადლობას მაინც გადავუხდიდითქო.

- ვიდეო პირველად როდის ნახეთ?

- ოქტომბერში გამოქვეყნდა ტიკ-ტოკზე, ჩემმა გოგონამ ნახა. მე მაშინ მოვტყუვდი, რომ არ დავაბლოკინე, მაგრამ ასე არ გავრცელებულა. სამსახურიდან რომ დავბრუნდი, გუშინ ძალიან განვიცადე, ხალხის მრცხვენია, ზოგი კარგად საუბრობს ჩემთან სოფელში, მაგრამ ზოგისგან აგრესიული საუბრებიც წამოვიდა.

- თქვენს ოჯახზე მოგვიყევით...

- სოციალურად დაუცველები ვართ, მე მცხეთაში, ოჯახში დიასახლისად ვარ, სოფელ გალავნიდან ვართ. ვშრომობთ ოჯახი, არც გრიპი ჰქონია გიორგის მაშინ, პირველად იმ დღეს გავიდა ყვავილების გასაყიდად. ან საიდან მოიფიქრა. სარვამარტოდ მეზობლები ტყეში დავდივართ-ხოლმე, ყოჩივარდებს ვკრეფთ და ვყიდით, შრომა სირცხვილი არ არის. მტკივნეული და სამწუხაროა, თითქოს ნახევრად გააკეთა სიკეთე, აი, მაქედანაც წამოვიდა ცუდი კომენტარები, დოლარი არ უნდა მიეცა, მასხარად აიგდოო ბავშვი, როდესაც ჰკითხა, დოლარი არ გინახავსო. მინდა, რომ აიღონ ეს ვიდეო, მაგრამ ისე მოედო ფეისბუქს, რომ აზრი აღარ აქვს. ტელევიზორშიც გაუშვიათ.

- ბავშვს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ მისი ვიდეო გამოქვეყნდა?

- გუშინ ექსკურსიაზე იყო სკოლიდან წასული. როდესაც დაბრუნდა, ათი საათი იყო ღამის, ვკითხე, ახალი ამბები არ გაიგე-თქო, ნამტირალევი ვიყავი. მითხრა, კარგი რა დედა, მაგაზე ტირიხარო? ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ პიროვნების რომ დაეხმარა, მაგრამ არ უნდა გაესაჯაროვებინა.

- ეს თანხა სახლში მოიტანა?

- დიახ, ტელეფონი იყიდა თავისთვის და სახლისთვისაც პროდუქტები.