ავტორი:

ბაიდენის გერმანული ნაგაზი კომანდერი თეთრი სახლიდან გაასახლეს მას მერე, რაც მან პატრონის დაცვის წევრები დაკბინა

ბაიდენის გერმანული ნაგაზი კომანდერი თეთრი სახლიდან გაასახლეს მას მერე, რაც მან პატრონის დაცვის წევრები დაკბინა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პირადი ძაღლი, გერმანული ნაგაზი კომანდერი თეთრი სახლიდან გაასახლეს - ამის შესახებ მედიას პირველი ლედის პრესმდივანმა განუცხადა. როგორც ცნობილია, ძაღლმა პატრონის დაცვის წევრებს არაერთხელ უკბინა. ბოლოს კომანდერმა გასულ კვირას საიდუმლო სამსახურის აგენტი ისე დაკბინა, რომ ამ უკანასკნელს სერიოზული სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

რა ბედი ელის ძაღლს, ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ძაღლის აგრესიულად მოქცევის უკვე მე-11 შემთხვევაა.

"პრეზიდენტი და პირველი ლედი ყოველთვის ფიქრობენ თეთრი სახლის თანამშრომლების უსაფრთხოებაზე. ისინი მადლიერნი არიან საიდუმლო სამსახურისა და ყველა ჩართული მხარის მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის. ძაღლი ამჟამად თეთრ სახლში აღარ იმყოფება. მისი ბედი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის“, - განაცხადა პირველი ლედის სპიკერმა ელიზაბეტ ალექსანდრემ.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინე ჟან-პიერის თქმით, ძაღლის აგრესია პრეზიდენტის რეზიდენციაში ცხოვრებასთან დაკავშირებული სტრესით იყო გამოწვეული.

"როგორც მოგეხსენებათ, თეთრ სახლში ცხოვრება არ არის მარტივი. აქ თითოეული ჩვენგანისთვის სტრესული გარემოა. წარმოიდგინეთ, როგორ იმოქმედებს ეს შინაურ ცხოველზე“, - ამბობს ჟან-პიერი.

კინოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ძაღლის ქცევა შესაძლოა მართლაც იყოს გამოწვეული თეთრ სახლში არსებული სტრესული პირობებით.

”ძაღლები ინდივიდები არიან და ისევე, როგორც ადამიანებს, სტრესულ გარემოში აგრესიული ქცევა ახასიათებთ“, - ამბობს ერინ ჰეხტი, ადამიანის ევოლუციური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში.

ცნობისთვის, ეს თეთრ სახლში მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის. ზუსტად იმავე მიზეზით მანამდე ბაიდენის გერმანული ნაგაზი, მაიორი გამოასახლეს და საცხოვრებლად პრეზიდენტის ოჯახის წევრებთან გაგზავნეს.