ავტორი:

"ახლა ის გოგო ჩემი მეუღლეა, ხოლო სიმღერა, რომლის შესრულებაშიც ხელი შევუშალე, The Killers - ის Mr. Brightside იყო"

"ახლა ის გოგო ჩემი მეუღლეა, ხოლო სიმღერა, რომლის შესრულებაშიც ხელი შევუშალე, The Killers - ის Mr. Brightside იყო"

ქართული როკ-ჯგუფი LOUDspeakers 15 აგვისტოს შეკვეთილში ამერიკული ბენდის the killers-ის წინ დაუკრავს.

ახლახანს დაანონსდა, რომ ქართული როკ-ჯგუფი LOUDspeakers 15 აგვისტოს შეკვეთილში, ამერიკული ბენდის the killers-ის წინ დაუკრავს. ამ მნიშვნელოვანი თარიღისთვის, სამზადისი უკვე დაწყებულია. გთავაზობთ ინტერვიუს LOUDspeakers -ის ფრონტმენთან, ლევან ლაუდაძესთან.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ბენდის the killers-ის წინ გამოდიხართ, ძალიან გაუხარდათ თქვენს გულშემატკივრებს, მაგრამ წინასწარი შეფასებით, რომ გაგვიზიაროთ, რა პერსპექტივაა LOUDspeakers -ისთვის?

გადამეტების გარეშე, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ისეთი მეგა ჯგუფის წინ დაკვრა, როგორიც The Killers-ია. ძალიან დიდი გამოწვევაა და ამავდროულად ძალიან კარგი ამბავია ბენდის პორტფოლიოსთვის, რომელსაც სამომავლოდ ფესტივალებზე გასაგზავნად აუცილებლად გამოვიყენებთ.

როგორ მოხდა, რომ თქვენ გამოდიხართ the killers-ის warm up-ზე?

როგორც ვიცით, კონცერტის ორგანიზატორების მიერ გაგზავნილი ვარიანტებიდან, ქილერსმა და ბენდის პროდიუსერმა ჩვენ აგვირჩია warm up-თვის, რაც ორმაგად სასიხარულო და ამაღელვებელია ჩვენთვის.

თუ ხართ the killers-ის მსმენელი და რა დატვირთვა აქვს პირადად თქვენთვის ამ ჯგუფს?

ყოველთვის ძალიან მომწონდა მათი მუსიკა და გამორჩეული სტილი. ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ Somebody told me ჩემი საყვარელი სიმღერაა მათი შემოქმედებიდან. ამის გარდა ქილერსის მუსიკა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან და გამორჩეულ მომენტს უკავშირდება ჩემთვის. წლების წინ ერთ-ერთ კარაოკე ბარში ვიყავი მეგობრებთან ერთად. სცენაზე სამღერლად გოგონა ავიდა, რომელსაც მაშინ არ ვიცნობდი. უცებ რატომღაც გადავწყვიტე ავსულიყავი და მასთან ერთად მემღერა. მეორე მიკროფონი ავიღე და, როგორც წლების შემდეგ თავად მითხრა ამ გოგომ, მისი ხმა გადავფარე და სიმღერაში ხელი შევუშალე. გაბრაზებულს დაუტოვებია სცენა. ახლა ის გოგო ჩემი მეუღლეა, ხოლო სიმღერა, რომლის შესრულებაშიც “ხელი შევუშალე” ქილერსის Mr. Brightside იყო. სხვათაშორის ამ კონცერტზე სიმღერას We are one ჩემს მეუღლესთან ერთად ვიმღერებ, რაც ასევე სიმბოლური იქნება ჩვენთვის.

LOUDspeakers -ის 13 წლიან ისტორიაში, სადაც არაერთი წარმატებული კონცერტი გქონიათ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ახლა ალბათ ძალიან მობილიზებულები ხართ, რომ კარგად ჩაიაროს კონცერტმა, როგორი სამზადისი გაქვთ?

როცა საქართველოს მოქმედი ბენდი ხარ, ქვეყანაში, სადაც მუსიკალური ინდუსტრია სათანადოდ არაა განვითარებული, ასეთი საოცარი ამბავი შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოხდეს შენს თავს, ამიტომაც ვალდებულები ვართ მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ ეს შანსი, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება LOUDspeakers-ისთვის.

ვიცი რომ, კონცერტებით დატვირთული პერიოდი გაქვთ წინ, კიდევ რა იგეგმება?

ძალიან დატვირთული და მაგარი აგვისტო გამოგვდის. ქილერსის გარდა წინ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტია. 18 აგვისტოს ბათუმში Stage 17-ში ძალიან მაგარ უკრაინულ ჯგუფთან Okean Elzy-თან ერთად დავუკრავთ. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მსმენელს, რომელიც გვერდში გვიდგას და გვაძლიერებს. პირველ რიგში სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ამდენი წლის მერეც, ასეთ მნიშვნელოვან კონცერტებზე ვუკრავთ.

LOUDspeakers -ის სიმღერები, თემატიკა და მუსიკალური სტილი ქართველი მსმენელისთვის საკმაოდ ახლობელი აღმოჩნდა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჯგუფი 2009 წლიდან სტაბილურად განაგრძობს მოღვაწეობას.

6 წლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წლის 25 დეკემბერს, LOUDspeakers-მა გიორგი გვარჯალაძესთან ერთად ინტენსიური მუშაობის შემდეგ, Lenø Records-ზე ახალი ალბომი „Pills Of Time“ გამოუშვა, რომლის მოსმენა და შეძენა სხვადასხვა პოპულარულ მუსიკალურ პლატფორმებზეა შესაძლებელი. ჯგუფის უახლესი ნამუშევრებია: Hell On The Earth და Jellyfish.