ავტორი:

"შეინიშნება არაფორმალური მართლმსაჯულების წესად დამკვიდრების ძალიან საშიში ტენდენცია" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი "ფეისბუქზე"?

"შეინიშნება არაფორმალური მართლმსაჯულების წესად დამკვიდრების ძალიან საშიში ტენდენცია" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი "ფეისბუქზე"?

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ნათია მეზვრიშვილი მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს. აღნიშნულთან დაკავშირებით მეზვრიშვილი ვრცელ პოსტს "ფეისბუქზე" ავრცელებს:

"რამდენიმე საკითხი, რომელიც ვფიქრობ გასათვალისწინებელია მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი რეფორმირებისას (თუ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში): პირველ რიგში, ობიექტურად უნდა ითქვას, რომ უკეთესი მართლმსაჯულების სისტემისთვის ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მაგრამ ასევე, ობიექტური რეალობაა ისიც, რომ ამ სისტემის წინაშე დღეს არაერთი გამოწვევაა, რომელთა დაძლევა შეუძლებელი იქნება კომპლექსური, ფუნდამენტური, ქმედითი, შედეგზე ორიენტირებული და რეალური საჭიროებების ანალიზზე დაფუძნებული მიდგომის გარეშე. მხოლოდ ფრაგმენტული საკანონმდებლო ცვლილებებით ფონს ვერ გავალთ და პრაქტიკა აჩვენებს, რომ ვერც გავედით. მართლმსაჯულების სისტემა არ არის მხოლოდ სასამართლო.

ეს არის მათ შორის გამოძიება, საპროკურორო საქმიანობა, სასჯელის აღსრულება, სისხლის სამართლის პოლიტიკა და ა.შ. თუ რომელიმე ერთი რგოლი არ მუშაობს, არ მუშაობს მთლიანად სისტემა. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შემდგომი რეფორმირების დღის წესრიგში (თუ ასეთი იქნება) ჩაიდოს:

- დამოუკიდებელი გამოძიება - არ შეიძლება გამომძიებელი დამოუკიდებლად ვერ ატარებდეს საგამოძიებო მოქმედებას და პროკურორზე იყოს მიჯაჭვული. არასაკმარისი არგუმენტია ის, რომ კვალიფიკაცია და ხარისხი დაბალია. თუ დამოუკიდებლობა და მკაფიოდ განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ იქნება, ხარისხი ვერასოდეს გაიზრდება. ამ მიზანს ემსახურებოდა 2018 წელს დაწყებული საგამოძიებო სისტემის რეფორმა, რომლის ბოლომდე მიყვანის გარეშე, გამოძიება არასოდეს დაემსგავსება გამოძიებას. იმედია, ეს პროცესი წინ წაიწევს და მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი რეფორმირების პროცესში ყურადღების მიღმა არ დარჩება.

- პროკურორის საპროცესო ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერება (ანუ პროკურორი როგორც ზედამხედველი და არა გამომძიებელი) - პროკურატურის სისტემაში არაერთი რეფორმა გატარდა, კვალიფიციურობით ერთ-ერთი გამორჩეული უწყებაა, მაგრამ არ შეიძლება პროკურორი ერთდროულად იყოს პროკურორიც და გამომძიებელიც; ზედამხედველობდეს იმ საქმეებს, რომლებსაც თავად იძიებს. გარდა იმისა, რომ ძალაუფლების დანაწილების და ბალანსის პრინციპთან შეუთავსებელია ეს ყველაფერი, უარყოფითად აისახება პროკურორის საქმიანობის ეფექტიანობაზე. შემდგომი რეფორმის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში რიგითი პროკურორის დამოუკიდებლობის (რა თქმა უნდა კორუფციული რისკების გადაზღვევით) გაზრდა.

- სამოხელეო/თანამდებობრივი დანაშაულის (მათ შორის კორუფციის) გამოძიების ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება და ძალადობრივი დანაშაულის გამოძიების არსებული მექანიზმების გაძლიერება - არ შეიძლება უწყებას დამოუკიდებელი ერქვას და დამოუკიდებლად საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ბერკეტი არ ჰქონდეს.

- ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება

- არ შეიძლება კრიმინოგენურ მდგომარეობაზე ყოველთვის შსს აგებდეს პასუხს. კრიმინალის წინააღმდეგ თანმიმდევრული და რაციონალური პოლიტიკის გატარება პროკურატურის, სასამართლოს, სასჯელაღსრულების სისტემის და უფრო მეტიც, შეწყალებაზე და ამნისტიაზე უფლებამოსილი უწყებების თანაბარი პასუხისმგებლობაა. დღეს ეს ჯაჭვი პრაქტიკულად არ არსებობს.

- დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო - აქ ბევრს არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ თუ სასამართლოს შემდგომი რეფორმა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე პროცედურების დახვეწით შემოიფარგლება (საბჭოს ფორმირების წესის და მანდატის გადახედვის გარეშე), უბრალოდ ფუნდამენტურ რეფორმაზე საუბარს აზრი არ ექნება.კიდევ ბევრი საკითხია (მაგ.: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა) რაც მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის არის მნიშვნელოვანი.

აქ აღარ ჩამოვთვლი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რეფორმები გასაგრძელებელია, ოღონდ ყოვლისმომცველად. სხვაგვარად რეალურ შედეგზე გასვლა შეუძლებელია.და ბოლოს, შეინიშნება „არაფორმალური გამოძიების/მართლმსაჯულების“ წესად დამკვიდრების ძალიან საშიში ტენდენცია; მართლმსაჯულების განმახორციელებელი ინსტიტუტების ჩანაცვლების მცდელობა; ქმედების დანაშაულებრიობაზე დასკვნების გაკეთება სამართლებრივი პროცედურების გარეშე; შეგნებულად თუ შეუგნებლად, საკანონმდებლო ნორმების და სამართლებრივი რეგულაციების არასწორი განმარტებები (ყველაზე საშიშია, როცა ამას იურისტი აკეთებს). ეს ტენდენცია კარგს არაფერს მოიტანს" - წერს მეზვრიშვილი.

"საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს..." - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი

"ნუ დაემორჩილებიან ჯოგის ინსტიქტს. ნუ იფიქრებენ, რომ თუ სხვას დაჩაგრავენ, თვითონ უკეთ იგრძნობენ თავს" - ლანა ღოღობერიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

"ამ ქვეყანას ერთამენთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა და განვითარება. "მაი, როის იქნება?" იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ!" - გიორგი კეკელიძე