ავტორი:

"მტკივნეული საყურებელია, თავის დროზე აქ 110 ბავშვი სწავლობდა, დღეს სამი ბავშვის მასწავლებელი ვარ" - დაცარიელებული სოფლის პედაგოგის საოცარი ნაამბობი

"მტკივნეული საყურებელია, თავის დროზე აქ 110 ბავშვი სწავლობდა, დღეს სამი ბავშვის მასწავლებელი ვარ" - დაცარიელებული სოფლის პედაგოგის საოცარი ნაამბობი

„მინდა, სოფლის მასწავლებლის ერთი დღე აღვწერო… მოკლედ, ვემზადები სკოლისთვის. იმოდენა სიხარული იყო, ვერ აღვწერ - ვფიქრობდი, რომ დისტანციური სწავლის შემდეგ, შევიდოდი კლასში, სადაც ჩემი მზეები მელოდებოდნენ... მეც, როგორც ყველა მასწავლებელი მოვემზადე. რადგან გოგონა სახლში მყავდა, თმებიც დავიხვიე. სახეზე მეგობრის ნაჩუქარი ღამის კრემიც წავისვი და ველოდები დილის გათენებას. სოფელი ისე არ არსებობს, ძროხა არ გვყავდეს. მეც დილით ადრე 6 საათზე ავდექი, თავი კარგად შევიფუთე და შევედი საქონლის სადგომში, შეუდექი წველას. ჰოდა, ძროხის გვერდით ხარი მიბია. ეს ხარი მოულოდნელად დაწვა. ძროხას შეეშინდა, ახტა და ეს მშვენიერი კუდი მთელ სახეზე გადამაფინაა.

მეც გვარიანად შემეშინდა მაგრამ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა - სამი ძროხა მონდომებით მოვწველე და გავდენე... ახლა ხბოები უნდა ამეყვანა, ერთი ცოტა დიდია და გარეთ გავიყვანე, შევტრიალდი, პატარა ხბოს გამოყვანას ვაპირებდი, იქვე იდგა ღორების საჭმელი წაქი. ჰოდა, ამ ხბომ თითქოს "ვედრა" არ ენახოს, ფეხი ჩაკრა. ვიფიქრე, არიქა, არ დამიქციოს-თქო, ხელი წავაშველე და გულზე გადამესხა... აქაც მოვიწმინდე სახე და მაინც ბედნიერი დღეს სკოლაში მივდივარ, ხასიათს არ გავიფუჭებ-თქო. მიმყავს ხბოები დასაბმელად, ოღონდ შემომტოვებელი არ მყავს და ვქაჩავ. ამ ხბომ ატრიალა, ატრიალა თავი და წაიძრო ბაწარი. ჰოდა, ჩემს ვენახს შვიდჯერ შემოვუარე ხბოს დევნაში. დავიჭირე და როგორც იქნა, დავაბი.

გამოვიქეცი და შევვარდი აბაზანაში. ისევ ხელახლა მოვიწესრიგე თავი, მაგრამ ერთი კულულაც კი არ მქონდა თავზე... საჭმელის დრო სადღა იყო? გავრბოდი, რადგან მზეები მელოდებოდნენ კლასში, მათი გულის სხივები უზომოდ გამათბოდნენ, მაგრამ მათი უსაფრთხოებისთვის მე ისინი გულში არ ჩამიკრავს. 15 სექტემბერი, პირველი დღე სკოლაში“, - ეს ხათუნა ღურჭუმალიძის იუმორნარევი „ფეისბუქპოსტია“.

ეს ქალბატონი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში ცხოვრობს, სადაც ქუთაისიდან 24 წლის წინ დაბრუნდა. დაწყებითი კლასების მასწავლებელია და ადგილობრივ სკოლაში მუშაობს. ნასპერი მაღალმთიანი სოფელია, ლამაზი, ოღონდ, რთულად მისასვლელი. ამიტომაც, წლებია, იქიდან ხალხი ბარში მოემართება. ხათუნა კი, როგორც ვთქვით, იქ ქალაქიდან წავიდა. 2019 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან „მთის შვილის“ ჯილდოთიც დასაჩუქრდა. იმისთვის, რომ მის შესახებ, სკოლის, სოფლის და დაცარიელებულ სოფელში მასწავლებლის ცხოვრების შესახებ მეტი მოეთხრო, პირადად დავუკავშირდით.

ხათუნა ღურჭუმალიძე:

ქალაქიდან სოფელში

- ქალაქიდან ყველაფერი უფრო ლამაზი ჩანდა - სოფელში ცხოვრება რთული აღმოჩნდა. იმ ფუძეზე დავბრუნდი, სადაც ერთი სახლი მამაჩემის აშენებული იყო, მეორე - ბაბუის. მამას ვაჟი არ ჰყავდა და არ მინდოდა, აქაურობა ნამოსახლარად ქცეულიყო, ამიტომ აქვე შევქმენი ოჯახი და მყავს სამი შვილი. მაშინ სოფელი უფრო დიდი, ხმაურიანი გახლდათ, ბევრი მეზობელიც მყავდა, ახლა კი ისე მოხვალთ ჩემს ჭიშკრამდე, თუ ზუსტად არ იცით, სად ვცხოვრობ, შეიძლება, გზის მომასწავლებელიც არ შეგხვდეთ. ზამთარში მგლებიც თავისუფლად დანავარდობენ... დიდი თოვლი რომ მოვიდეს, სახლების უმრავლესობას სახურავი ჩაუტყდება, რადგან გადმომთოვლავი კაცებიც აღარ დარჩნენ. ხშირად მეკითხებიან, რა მოგცა სოფელმაო? ბევრი რამ! მან მაქცია იმად, ვინც ვარ. აქ გავზარდე სამი შრომისმოყვარე, უღალატო, ერთგული და, რაც მთავარია, სოფლისა და მიწის მოყვარული შვილი. სოფელმა ადამიანების სიყვარული, სიკეთე, უანგარო დახმარება, თავის გატანა, ფუძისა და ადათ-წესების სიყვარული, წარსულის პატივისცემა და მომავლის იმედი მასწავლა. ოღონდ, სულ მგონია, რომ ვალი მაქვს ჩემი მამიდების, მშობლების, მეზობლების, მეგობრების, ტყის, ჩემი ბინულის წყლის, მიწის, ჩემი ბზუილა ფუტკრის, მორჩილი პირუტყვის... მოკლედ, ყველასი და ყველაფრის, რაც ასე ძალიან მიყვარს და რომლის გარეშეც არ შემიძლია...

სკოლა

აქ სკოლაში მუშაობას რომ ვიწყებდი, მასწავლებელი სარა ფუტკარაძე დამხვდა, რომელსაც 62 წლის უწყვეტი პედაგოგიური სტაჟი ჰქონდა. პირველი ნაბიჯები მან დამილოცა და მითხრა - „დაწყებითი კლასების მასწავლებელი მუხას უნდა ჰგავდეს იებში ჩარგულს, თავადაც იის სურნელი რომ გადასდებიაო“. ეს სიყვარული მეც გადმომედო და თან დავატარებ ამ დიდ გრძნობას. მტკივნეულია, როცა მოსწავლეთა სტატისტიკას უყურებ - ჩემს პატარა სკოლაში, სადაც თავის დროზე, 110 და 80 მოსწავლე სწავლობდა, დღეს მე სამი მოსწავლის მასწავლებელი ვარ... იკარგება ჯანსაღი ძალა, რომელიც სოფელმა უნდა გააგრძელოს. ამიტომ, ვაგრძელებ ჩემი სკოლის ისტორიას... მასწავლებლებს ვალი გვაქვს, ჩვენ პატარებს სამშობლო შევაყვაროთ, რაც ჩვენი სოფლიდან და სკოლიდან იწყება, სადაც პატარები იმედის თვალით გვიყურებენ...

1996 წელს სკოლაში მუშაობა რომ დავიწყე, ჩემი პირველი ხელფასი 7 ლარ-ნახევარი იყო, რადგანაც დრო იყო ასეთი... მოსწავლეების რვეულებს ჩვენ ვყიდულობდით და რვეული ხელითაც ბევრჯერ შემიკერავს... შეიძლება ითქვას, რომ იქიდან იწყება ჩემი ისტორიაც, სამი შვილის გაზრდა მარტოხელა დედისთვის იოლი არაა, მიწას ვებრძოდი, რაც იმის საშუალებას მაძლევდა, შვილებს არ მოშიებოდა და შეჭივრებული მოსწავლისთვის თუ ოჯახისთვის ხელი გამემართა...

იმ დროს მოსწავლეს მზე დავარქვი, ის მზე იყო მაშინაც და ახლაც, ჩემს გაკვეთილზე. როცა რამე ეშლება, ე.ი. ღრუბელი ეფარება, მაგრამ მოსწავლეებმა იციან, ისინი ყველანი ანათებენ და ცდილობენ, გასხივოსნებული თვალებით ღრუბელი გაფანტონ!..

რთულია სოფლის მასწავლებლის ცხოვრება, მაგრამ თავისებურად ლამაზი და საინტერესოა...

მოსწავლეები

გასული სასწავლო წელი საოცრად დამთრგუნგველი იყო. პირველი კლასი მყავდა, გამიჭირდა პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლება, რადგან „დაწყებითები“ ძირითადად თვალსაჩინოებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჯერ მშობლებს ვასწავლიდი, რადგან დისტანციურ რეჟიმში პატარები ვერ ახერხებდნენ კომპიუტერთან მუშაობას. მოკლედ, მშობლები სათითაოდ დავიბარე, ავუხსენი ყველაფერი და შემდეგ აღნიშნული სასწავლო პროცესიც გავმართეთ, მაგრამ პრობლემები მაინც იყო. ინტერნეტი ხშირად ითიშებოდა, კადრი ჩერდებოდა, - მესმოდა ფრაზები - „მასწავლებელო, ისევე გაშეშდი“?! ან „მასწავლებელო, რომ გაშეშდი, თქვი რამე“? საკლასო ოთახს ნატრობდნენ.

ამ სასწავლო წელს სკოლამ ტესტირება გაიარა „კოვიდ 19“-ზე, უსაფრთხოებისთვის ყოველ დილით მოსწავლეები და პედაგოგები სიცხეს ვიზომავთ, ხელებს სპეციალური ხსნარით ვიმუშავებთ და გაკვეთილზე ისე შევდივართ... თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ შეხვალ კლასში. როცა მოსწავლეები სკოლაში მოდიან, არ უნდა შევზღუდოთ, ფრთები უნდა გავაშლევინოთ და ფრენა ვასწავლოთ. სოფლის პატარები ბევრ რამეს არიან მოკლებული. დღეს თეატრი და სპექტაკლი ვახსენე გაკვეთილის ტექსტში იყო, ამიტომ, ახლა ხელით ვკერავ თოჯინებს, რომ ხვალ მცირე სპექტაკლი ვაჩვენო და ავუხსნა, თუ რატომ გააკეთა პატარა ბიჭმა მუყაოს დათუნია... ბავშვებთან ურთიერთობის გზა ხომ ძირითადად მათთან მეგობრობაა. მათი სურვილების ოცნებების რეალობად ქცევა, გაკვეთილი კი სხივია, ის სხივი, რომელსაც მასწავლებლიდან ირეკლავენ, ჩვენი მაგალითებით ისწავლიან და გაიგებენ, რომ არ მიატოვონ ფუძე...

შრომა სოფელში

მართალია, ქალაქში ვიზრდებოდი, მაგრამ მიწა უზომოდ შევიყვარე და ყველა ტიპის სამეურნეო სამუშაოს - მყნობას, მებოსტნეობას, მეხილეობას, მესაქონლეობას, ყველაფერს დავეუფლე. ჩემი ყოველი დილა 6 საათზე იწყება. მებაღეობა-მებოსტნეობას მივდევ. ხეხილის მყნობა მამამ მასწავლა. ვეძებ ლეჩხუმში გავრცელებულ და დავიწყებულ ვაშლის ჯიშებს - აბილოურს, თურაშაულს, ყინულას, სამეფოს. სოფლად ყველაზე რთული გაზაფხულია. ამ დროს შვილებთან ერთად ვაკეთებ სათბურს, ვთესავთ პომიდორს, ბადრიჯანს, ბულგარულ წიწაკას, გამომყავს ნერგები და მომყავს ვარდისფერი, ხარისგულა, საადრეო, სატომატე პომიდორი. მათგან ვამზადებ სხვადასხვა საწებელს. ვაკეთებ ასევე მკვახე ტყემალს, მწიფე უკურკო ტყემალს და ვინახავ ძველი წესით მარანში, თირში (საჭურჭლე მიწის შემადგენელი ნაწილი). ლეჩხუმელი დიასახლისი - „აჯიკის დედოფალი“ „ლეჩხუმელი დიასახლის“ სახელითაც მიცნობენ. ლეჩხუმური ძველი ჩანაწერების მიხედვით, აღვადგინე და ვამზადებ ლეჩხუმურ საწებლებს - წოს, ადესულას, რომელიც შავი ადესისა და ბროწეულის წვენით მზადდება. ძველი სამზარეულოდანაა გაზაფხულის აჯიკებიც, რომელთა შესაკაზმად იყენებენ ხმელ საკაზმს (სუნელებს) და ნიგოზს. ზაფხულის აჯიკას ნედლ აჯიკას ვეძახით და მისი მომზადებისას თითქმის ყველა ბოსტნეულს ვიყენებთ, შემოდგომის აჯიკა კი ნედლი და ხმელი საკაზმისა და ნიგვზის ერთობლიობაა...

გაზაფხულზე, როდესაც ახალი ბოსტნეული ითესება, დიასახლისები დარჩენილ მწვანილს აიღებდნენ, ნიგვზით და მშრალი წიწაკით შეაზავებდნენ და თიხის ან ხის ჭურჭელში ინახავდნენ. ეს საკაზმი გამოიყენებოდა როგორც ხორცთან, ისე - კარტოფილთან, ჭყინტ ლობიოსთან. ლეჩხუმურ აჯიკაში ნიგოზი ლიდერია. მე ეს ყველაფერი აღვადგინე და ვამზადებ. ლეჩხუმი მდიდარია ნიგვზით. ვხდი ნიგვზის ზეთსაც, რომელსაც სალათებში ვიყენებ... ოჯახში დიდი ხანია, ვამზადებთ ხალმის ყველსაც, ანუ ყველს თიხის ჭურჭელში ვინახავთ. თიხის ჭურჭელში ვამწნილებ მჟავესაც... დედაჩემის დეიდისგან, სონა საღინაძისგან ბევრი რამ ვისწავლე, ის 103 წლის გარდაიცვალა.

სოფლის ისტორია

ჩვენი სოფლის ისტორიაც საკმაოდ ძველია. ნასპერი ლამაზი სოფელია, დიდი წარსულითა და ისტორიით, სადაც წარმართული ხანის სალოცავია, ისკელიტა. აქვე აღმოჩენილია ძვ.წ. V-VII საუკუნეების არქეოლოგიური არტეფაქტები (კაჟის იარაღები, კოლხური კერამიკა, კოლხური ნამოსახლარი), აქვეა უნიკალური ბუნების ძეგლი - სეპტარიების ველი, XIX საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს XII საუკუნის სამრეკლო აქვს...

მეამაყება, რომ ჩემს სოფელში თესავდნენ ხორბლის სახელგანთქმულ სახეობებს - მახასა და ზანდურს...

ადგილს, სადაც ამ ჯიშებს თესავდნენ, ნაზანდურებს ვეძახით. ამიტომ აქ ვაგროვებ ისტორიულ ცნობებს მისი ისტორიული ძეგლების შესახებ, ასევე ვაგროვებ ლეჩხუმური სამზარეულოს რეცეპტებს და აგროფესტივალზე ვატარებ მასტერკლასებს და მისი პოპულარიზაციის მიზნით, ოცნებად მაქვს ეს ყველაფერი წიგნადაც ვიხილო.

საზოგადოებრივი საქმე

ვხელმძღვანელობ და ვიბრძვი სოფლის მოსახლეობის მიგრაციის შესაჩერებლად, რადგან მოსახლეობის შემცირება იმ „გულის“ სიკვდილია, რომელსაც სკოლა ქვია... მიგრაციის შესაჩერებლად მეწარმეობის განვითარება და ადგილზე ოჯახის დიასახლისების დასაქმებაა საჭირო. აქ საქმიანობამ ბევრი რამ დამანახა, რამაც გადამაწყვეტინა, სამი წლის წინ ჩავდგომოდი არასამთავრობო ორგანიზაციას ფონდ „ტასოს,“ რომლის სათემო მუშაკი ვიყავი და ამ ფონდის მიზანი ჩვენს თემში ქალთა ეკომიკური გაძლიერება იყო... წელს „ტასოსთან“ ერთად თემში „კოვიდ 19“ პანდემიის დაძლევის მიზნით, სულ 3 520 ლარის ღირებულების ტვირთი შემოვიტანეთ და ფონდის სახელით მარტოხელა მოხუცებს და შშმ ოჯახებს დავეხმარეთ“! ასე რომ, სოფელი სამოთხეა დედამიწაზე, ადგილი, რომელიც ნებისმიერ დროს ადამიანებს მძიმე ყოფაშიც უადვილებს ცხოვრებას, თუ კაცი ზარმაცი არ არის.

"აცრები ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ალერგიული არ ყოფილა" - რას ამბობს 27 წლის ექთნის ნათესავი?

27 წლის ექთანი, რომელსაც ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს

"ჩემმა შვილმა მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით ტოპ 3%-ში შევიდა" - რას წერს ნინო ქადაგიძე?