ავტორი:

ქართველი ტყვეების გვარ-სახელები ბანაკიდან, სადაც ანა ფრანკი გარდაიცვალა

ქართველი ტყვეების გვარ-სახელები ბანაკიდან, სადაც ანა ფრანკი გარდაიცვალა

ბერგენ-ბელზენის შრომით-გამასწორებელი საკონცენტრაციო ბანაკი (Farsleben), ჰანოვერის პროვინციაში, ქალაქ ბერგენთან და სოფელ ბელზენთან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა. ეს ერთადერთი ბანაკი იყო, სადაც გაზის კამერა არ ჰქონდათ, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, 1943-1945 წლებში იქ 50 ათასი ტყვე არაადამიანურ პირობებში დახოცილიყო. ბანაკის დახურვამდე რამდენიმე თვით ადრე, იქ ტიფმა იფეთქა და 35 ათასი ადამიანი ერთბაშად დახოცა.

იმავე ბანაკში მოუხდათ ყოფნა და შემდეგ ტიფით გარდაიცვალნენ ცნობილი დღიურის ავტორი გოგონა ანა ფრანკი და მისი და - მარგო.

1941 წელს, ბანაკში 20 ათასი საბჭოთა სამხედრო ტყვე მიიყვანეს, მათგან 18 ათასი 1942 წლის გაზაფხულზევე, შიმშილით, სიცივითა და სხვადასხვა სახის ეპიდემიით ერთბაშად დაიღუპა... მეორე მსოფლიოს ომის მიწურულს რამდენიმე ათასი ტყვე სხვა ბანაკში გადაიყვანეს, თუმცა, უკვე იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, რომ ასობით მათგანი ვეღარ გადარჩა. თუმცა, რამდენიმემ გაუძლო. წლების შემდეგ, მათ მიერ მოყოლილი ამბების მიხედვით არაერთი მხატვრული ფილმი გადაიღეს...

ქართველმა ემიგრანტმა მეგი სტემპენმა ქართველი მეომრების სიები რუსული საიტებიდან ამოიღო და ბერგენ-ბელზენის ბანაკის არქივში გადაამოწმა. გთავაზობთ დაკარგულების გვარ-სახელებს, რომელთაც ოჯახის წევრები წლების განმავლობაში უიმედოდ ეძებდნენ...

ვალიკო ტუჟიდავა - დაბადებული 1920 წელს ქალაქ ოჩამჩირეში, გარდაიცვალა 1942 წლის 27 მაისს ფილტვების ანთებით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

ბაგრატ მინასოს ძე მიკირტიჩიანი - დაბადებული 1921 წლის მაისში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კარტიკამში. მეუღლე - სონია, დედის სახელი სიმა. ტყვედ ჩავარდა, 1942 წლის ივლისში, როსტოვში. გარდაიცვალა, 1944 წლის 31 დეკემბერს ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ ბელზენი.

დავით წიკლაური - დაბადებული 1921 წელს, დაბადებული დუშეთის რაიონის სოფელ მაქართაში. დედა - სოფია წიკლაური. გარდაიცვალა 1943 წლის 10 ოქტომბერს ფილტვების ანთების მწვავე ფორმით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

ირტიანუკი გორმანიანი - დაბადებული 1913 წელს, ახალქალაქის რაიონის სოფელი ალათუბანში. მეუღლე - ხათუნა გორმანიანი. გარდაიცვალა 1944 წლის 8 მარტს, ტუბერკულოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ ბელზენი

შაქრო ნაბირიშვილი - დაბადებული 1921 წლის 25 თებერვალს გურჯაანის რაიონში. დედა - ნაბირიშვილი სიკუ. გარდაიცვალა - 1942 წლის 16 ივნისს. დიაგნოზი - ორგანიზმის საერთო სისუსტე. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

ბოგდან ართნიაშვილი (ან აღნიაშვილი) - დაბადებული 1913 წელს, ქალაქ თელავში. გარდაიცვალა 1943 წლის 15 ივნისს, ტუბერკულოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

აბრი ბაბეკიშვილი - დაბადებული 1911 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ კელმეჩურში. გარდაიცვალა 1943 წლის 21 იანვარს ორგანიზმის საერთო სისუსტით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი

კოტრიკაძე - დაბადებული ქუთაისში, 1900 წლის დეკემბერში. მეუღლის სახელი - პაშა. გარდაიცვალა 1943 წლის 26 იანვარს ტუბერკულოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

ვლადიმერ გვიშიანი - დაბადებული 1917 წლის 5 ივლისს, ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში. მეუღლე – კლაუდია გვიშიანი. გარდაიცვალა 1944 წლის 15 აგვისტოს ფილტვების ანთების დიაგნოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

შალვა თინარაძე - დაბადებული 1923 წლის 15 თებერვალს, ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხში. გარდაიცვალა 1943 წლის 11 ნოემბერს. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი

შოთა გირგელიძე (ან გირკელიძე) - დაბადებული 1905 წლის 28 თებერვალს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბოხვაურში. მეუღლე ევგენია სერგეის ასული. გარდაიცვალა - 1944 წლის 7 სექტემბერს ტუბერკულოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი

იოსებ თარიმანიშვილი - დაბადებული 1910 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ მარიამჯვარში. მეუღლე - ქეთუსა თარიმანიშვილი. გარდაიცვალა 1943 წლის 16 ოქტომბერს ტუბერკულოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

გრიგორ ტასუევი - დაბადებული 1906 წელს ხაშურის რაიონში, მეუღლე ოლღა ტასუევი. გარდაიცვალა 1943 წლის 13 აპრილს ტუბერკულოზის მწვავე ფორმით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

ვახტანგ შკუპულიანი - დაბადებული 1910 წელს ქუთაისში, წერეთლის 14-ში. მეუღლე: მარგარიტა შკუპულიანი. გარდაიცვალა - 1943 წლის თებერვალში, ტუბერკულოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

AMBEBI.GE მკითხველს შეახსენებს, რომ გვარ-სახელებსა და მისამართებში შესაძლოა შეცდომა იყოს, რაც იმით აიხსნება, რომ ბანაკის ხელმძღვანელობა სიებს კარნახით ავსებდა და იწერდნენ როგორც ესმოდათ, რადგან ტყვეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდათ.