ავტორი:

პირველი ქალი "პრეზიდენტი" აფხაზეთში? - ოკუპირებული რეგიონი პოლიტიკურ ცვლილებებს ელის

პირველი ქალი "პრეზიდენტი" აფხაზეთში? - ოკუპირებული რეგიონი პოლიტიკურ ცვლილებებს ელის

აფხაზეთი პოლიტიკური ცვლილებებისთვის ემზადება - რამდენიმე დღის წინ, პარტია "აფხაზეთის სახალხო ფრონტის" წევრებმა გადაწყვიტეს, ე.წ. პრეზიდენტს 2019 წლის "არჩევნებში" მონაწილეობა სთხოვონ... თავად ხაჯიმბას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, კულუარულად ირკვევა, რომ ის ამ პოსტის დასაკავებლად ისევ აპირებს ბრძოლას. აფხაზური მედიის ცნობით, მან უკვე დიდი ხნის წინ დაიწყო "საპრეზიდენტო პიარი": გასულ კვირას "ხელისუფლების" მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიებმა დიდის ამბით დააპიარეს რუსეთის ეგიდით აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნები.

ამასთან, აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა თევზჭერის დასაშვები კვოტა გაზარდა. საქმე ის არის, რომ თევზჭერა 6 გემისთვის არის დაშვებული და რუსული თევზის მწარმოებელი კომპანიები 15%-იანი ლიმიტით სარგებლობენ.

მათივე გადაწყვეტილებით, "საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის", მათ შორის რუსეთის "საელჩოსა" და აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 30 კაპიკით გაძვირდა... ამასთან, სოხუმში, სოფელ შრომაში (ახლანდელი გუმა) მცირე ზომის ჰესი გაიხსნა, რომელიც ქალაქს სრული დატვირთვის დროს შეეშველება.

ადგილობრივების თქმით, ხაჯიმბას უსუსური მცდელობა ეკონომიკის გასაუმჯობესებლად და სოციალური ფონის შესაცვლელად, ზღვაში წვეთიც არ არის.

"უბრალოდ, ხაჯიმბა ცდილობს, ვლადიმირ პუტინის ფავორიტობით ისარგელოს. ასევე ცდილობს, მოსახლეობას რაიმეს შეცვლის სურვილიც მოუსპოს იმის შიშით, რომ რუსეთის ნების გარეშე აფხაზეთში ვერასდროს ვერაფერი შეიცვლება," - წერენ ადგილობრივები, რომლებსაც არც ე.წ. ახალი პოლიტიკური ძალის სჯერათ, რომლის შექმნის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ორი კვირის წინ, სასტუმრო "ატრიუმ-ვიქტორიაში" სხვადასხვა თაობის ადგილობრივი პოლიტიკოსები, სულ 31 ადამიანი შეიკრიბა და ახალი მოძრაობა დააფუძნეს, სახელწოდებით - "აფხაზეთის ხვალინდელი დღე". მათივე ცნობით, ეს რეგიონში მესამე, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც 2019 წლის "საპრეზიდენტო არჩევნებში" თავისი კანდიდატით იქნება წარმოდგენილი.

პოლიტიკური პარტია "აინარის" წევრის თენგიზ ჯოპუას თქმით, აფხაზეთში არსებული კორუფციული სისტემები რუსეთიდან არის კოპირებული და ამის შედეგია ის, რომ "240 ათასი ადამიანით დასახლებული რეგიონი პატარა ბიუროკრატიულ იმპერიად იქცა".

"ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს განათლების სისტემა, რაც არსებული პრობლემებიდან ყველაზე უარესია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ჩვენი შვილები მხოლოდ რუსეთში კი არა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გავგზავნოთ, სადაც კარგ განათლებას მიიღებენ და სადაც თავად რუსეთის მოსახლეობა ცდილობს განათლების მიღებას," - აცხადებს ჯოპუა. კიდევ ერთი პოლიტიკოსის ადგურ ლაგვილავას თქმით, "დღევანდელი აფხაზეთის სახელმწიფო სისტემა არის ბიუროკრატიისა და კრიმინალის სიმბიოზი, საზოგადოების, ხალხისა და ზოგადად, მრავალსაუკუნოვანი ქვეყნის დასასრული..."

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ყველას, ვინც ახლა ხაჯიმბას "ხელისუფლებას" აკრიტიკებს, აფხაზეთის მიწასთან გასწორებაში თითო აგური მაინც აქვს დადებული, რადგან თავის დროზე ყველა კორუმპირებული, უკანონო და მოძალადე იყო. ერთადერთი, ვისაც მეტნაკლებად სუფთა წარსული აქვს, საკმაოდ გავლენიანი და აქტიური ირინა აგრბაა, რომელიც წლებია მწვავედ აკრიტიკებს ხაჯიმბას და მის მომხრეებს...

"ცუდია, რომ ჯერჯერობით ირინა პოლიტიკურ ამბიციებზე არაფერს ამბობს. არადა, ყველაზე სუფთა წარსული აქვს. საქართველოსი არ იყოს, იქნებ აქაც მოხდეს მენტალური ცვლილებები," - ამბობს ოთარ ყენია.

პოლიტიკური მოძრაობის "ქალები პოლიტიკაში" ერთ-ერთი დამფუძნებელი ირინა აგრბა ხმაურიანი განცხადებებით არის ცნობილი. მან ერთ-ერთმა პირველმა გააკრიტიკა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება და განაცხადა, რომ "5 მილიარდ რუბლად აფხაზეთის გაყიდვა არ შეიძლება."

უფრო ადრე, 2012 წელს, ის აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცვლით, აფხაზეთთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეიცვლებოდა, რადგან აფხაზეთმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და ეს არის რუსეთთან ინტეგრაცია... თუმცა, შემდეგ ხაჯიმბას პოლიტიკაც გააპროტესტა.

"რა დამოკიდებულებაც დასავლეთს აქვს რუსეთის მიმართ, ისეთივე დამოკიდებულება აქვს საქართველოს. ამიტომ რადიკალური ცვლილებები რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური კუთხით მოსალოდნელი არ არის," - ამბობდა აგრბა.

ის ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რამდენიმე წლის წინ ხაჯიმბას პირადი მძღოლის ასტამურ ჯოპუას ქმედება გააპროტესტა და განაცხადა, რომ გავლენიანმა აფხაზმა 14 წლის გოგონაზე იძალადა.

"იტალიურ "კოზა ნოსტრაში" ვცხოვრობთ თითქმის 30 წელია და ახლა გამოჩნდნენ "მხსნელები". დაფინანსება მოაკლდათ და ახმაურდნენ... რამდენიმე დღის წინ, გოგონა გახდა ცუდად სოხუმის სკოლაში და სასწრაფომ გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაცია დაუდგინა... შემდეგ ყველა გაჩუმდა, თუმცა, მაინც ყველამ იცის, რომ გოგონა სკოლაში ვეღარასდროს დაბრუნდება, რადგან რაღაც ტაბლეტების მიღების შემდეგ გადარჩა, მაგრამ მეტყველება დაერღვა... ამ მდგომარეობაში კი, ის სწავლას ვერ გააგრძელებს, მას თანატოლები და მასწავლებლები არ მიიღებენ, დაცინვას დაუწყებენ" - წერს ანია ფიფია.

"სააფთიაქო ნარკომანიამ მოიცვა სკოლები და ესენი სოხუმში ჰესის აშენებით გვიპირებენ გადარჩენას, სადაც 25 კაცი დაასაქმეს," - წერს ლუიზა ბჟანია.

"ქართველებმა ომის დროს ბიბლიოთეკა გაგვინადგურესო, გაჰყვირით ამდენი წელია და რაც გადარჩა, ის წიგნებიც კი დაობდა უპატრონობისგან... ვიღას აინტერესებს წიგნი და განათლება. ვითომ პოლიტიკოსებმა ყველაფერი მოსპეთ, დაამახინჯეთ და გაანადგურეთ ამ ქვეყანაში. ერთმანეთთან ჭიდილს და დაპირისპირებას გადააყოლეთ თაობები... საინტერესოა, ვის წამოაყენებთ კანდიდატად?! იმ 31 კაციდან, თითქმის არავის აქვს სუფთა წარსული, ნარკომანია და კორუფცია მემკვიდრეობითი გახადეთ... გავიგეთ, რომ რუსეთმა 50 წლით დაგვხია უკან, მაგრამ ვერც იმაზე ჩამოყალიბდით, რა გზით უნდა ვიაროთ გადარჩენისკენ. იმ რუსეთის ბიუჯეტით იკვებებოდით წლები და ახლა იმიტომ ხართ ასეთ დღეში, რომ რუსეთი დაფინანსებას ამცირებს," - მიაჩნია სოხუმელ ლადო კიჩბას.

რამდენიმე დღის წინ, აფხაზური მედია წერდა, რომ მომავალი წლიდან რუსეთი აფხაზეთს დაფინანსებას უმცირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ხელფასებსა და პენსიებზე აისახება, ამან კი მათში პროტესტი გამოიწვია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი