4 შემთხვევა, როდესაც მარკ ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა - "ფეისბუქის" უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა...

4 შემთხვევა, როდესაც მარკ ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა - "ფეისბუქის" უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა...

"ფეისბუქის" შესახებ აგორებული სკანდალის ფონზე სოციალური ქსელის დამფუძნებელს ბოდიშის მოხდა მოუწია. მარკ ცუკერბერგმა აღიარა, რომ ვერ მოახერხა საკუთარი მომხმარებლების უსაფრთხოების ნორმების სათანადოდ დაცვა და პირობა დადო, რომ ამიერიდან ყველა აპლიკაციას ყურადღებით შეამოწმებენ, რათა "კემბრიჯ ანალიტიკას" მსგავსად, სხვა კომპანიებმა პირადი მონაცემების გამოყენება ვერ შეძლონ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ფეისბუქის" დამფუძნებელს ბოდიშის მოხდა უწევს უსაფრთხოების ნორმების გამო, მომხმარებლებს ცუკერბერგმა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვისაც რამდენჯერმე მოუბოდიშა.

გასულ წელს "ფეისბუქისთვის" მთავარ თავისტკივილად ე.წ ფეიკ ნიუსი, ანუ ყალბი ამბები იქცა. სოციალურ ქსელში ხშირად გავრცელებულა ცრუ ინფორმაცია, რომელიც ვირუსულად ედებოდა ინტერნეტმომხმარებლებს და ბევრი იჯერებდა მათ. წელს კი, ფეისბუქის მთავარი პრობლემა შესაძლოა, მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დაუცველობა გახდეს...

გავიხსენოთ 4 შემთხვევა, როდესაც ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა, თუმცა პრობლემების აღმოფხვრა, როგორც ჩანს, ამ დრომდე ვერ მოახერხა...

2006 წლის სექტემბერი: "დამშვიდდით, ისუნთქეთ, ჩვენ გვესმის თქვენი"

მას შემდეგ, რაც "ფეისბუქზე" მომხმარებლების ასაკის შეზღუდვა 13 წლიდან განისაზღვრა, სოციალურმა ქსელმა ახალი ფუნქცია დაამატა - სიახლეების ზოლი (News Feed). მომხმარებლების უმეტესობა სიახლემ "შეაშინა", რადგან ერთმანეთის შესახებ უამრავი ინფორმაციის მიღება გახდა შესაძლებელი. ბლოგში "დამშვიდდით. ისუნთქეთ. ჩვენ გვესმის თქვენი" ცუკერბერგმა უკმაყოფილო მომხმარებლებს უთხრა, რომ "ფეისბუქი" ნაკლებად პრივატული იქნებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ კი სოცქსელის დამფუძნებელმა აღიარა, რომ შეცდომა ნამდვილად დაუშვეს - სიახლეების ზოლში იმაზე მეტი ამბავი გამოჩნდა, ვიდრე მომხმარებლებს სურდათ და ცუკერბერგმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

2010 წლის მაისი: "ვაგრძელებთ შენებას, ვაგრძელებთ თქვენს მოსმენას"

"ფეისბუქის" უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ჟურნალმა Wall Street Journal დაწერა - ემილი სტილი და ჯესიკა ვასელარო წერდნენ, რომ სოციალური ქსელი რეკლამის განმცხადებლებს მომხმარებლების უნიკალურ ID-ებს აძლევდა.

შეცდომა ცუკერბერგმა აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ მისი სოციალური ქსელის საშუალებით მსოფლიო კიდევ უფრო გახსნილი იქნებოდა.

"ფეისბუქი" ჩვეულებრივი სტუდენტური საცხოვრებლის პროექტი იყო, რომელიც გლობალურ სოციალურ ქსელად გადაიქცა და მილიონობით ადამიანი ერთმანეთთან დააკავშირა. ჩვენ განვაგრძნობთ შენებას, თქვენს მოსმენას და ასევე, გავაგრძელებთ დიალოგს ყველასთან, ვისაც საკუთარი იდეების გაზიარება სურს," - აღნიშნა სოციალური ქსელის დამფუძნებელმა.

2016 წლის ნოემბერი: "აზრი, რომ "ფეისბუქზე" ყალბი ინფორმაციის გავრცელებამ რამენაირი გავლენა იქონია არჩევნებზე, არარეალურია"

აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ გამართულ კონფერენციაზე ცუკერბერგმა სცადა გაებათილებინა ეჭვები, რომ არჩევნების შედეგებზე "ფეისბუქმა" რაიმე როლი ითამაშა:

"ჩემი აზრით, მოსაზრება, რომ "ფეისბუქზე" გაზიარებულმა ყალბმა ინფორმაციამ (Fake News), რომლის მოცულობაც ძალიან მცირეა, რაიმე გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, ძალიან არარეალური და სულელურია. ადამიანები ჭკვიანები არიან და თვითონაც ხვდებიან, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი" - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

2017 წლის სექტემბერი: "პატიებას ვითხოვ ყველასგან და ვეცდები, ყველაფერი უკეთესად გავაკეთო"

იომ-ქიფურის (მიტევების დღე იუდაიზმში) ბოლო დღეს მარკ ცუკერბერგმა პატიება ითხოვა შეცდომებისთვის.

"ვისაც გული ვატკინე წელს, პატიებას ვთხოვ და ვეცდები, უკეთესი ვიყო. ასევე, პატიებას ვითხოვ, თუ ჩემი ნამუშევარი გამოიყენეს ადამიანების დასაყოფად და არა გასაერთიანებლად, ვიმუშავებ, რომ ყველაფერი უკეთესად გამომივიდეს" - აღნიშნა "ფეისბუქის" დამფუძნებელმა საკუთარ პოსტში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი